ჯარედ ლეტოს ბენდის კონცერტი „ბლექ სი არენაზე“ 13 აგვისტოს გაიმართება

ბენდ Thirty Seconds to Mars-ის კონცერტი  „ბლექ სი არენაზე“ 13 აგვისტოს გაიმართება – საქართველოში ჯარედ ლეტოს ბენდის კონცერტის გამართვის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დადასტურდა.

Thirty Seconds to Mars ამერიკული როკ-პროექტია, რომელიც 1998 წელს ორმა ძმამ, Jared Leto-მ და Shannon Leto-მ შექმნა. ბენდის პირველი კომერციული წარმატება და აღიარება 2005 წელს გამოსულ ალბომს A Beautiful Lie უკავშირდება, რომელიც ისეთ ჰიტებს მოიცავდა, როგორებიცაა “Attack”,”The Kill”, “From Yesterday” და “A Beautiful Lie“.

კრიტიკოსების და მსმენლის მხრიდან ალბომის აღიარებამ ჯგუფის პოპულარობა მნიშვნელოვნად გაზარდა, რის შემდეგ ამერიკულმა ჯგუფმა კიდევ 3 წარმატებული ალბომი გამოსცა, რომლის პარალელურად Thirty Seconds to Mars მსოფლიოს ყველა დიდ ფესტივალებსა და საკონცერტო სივრცეებში დაკვრას განაგრძობდა. 2013 წელს, ალბომის Love, Lust, Faith and Dreams შემდეგ, ბენდმა 5 -წლიანი პაუზა აიღო, რასაც მოჰყვა არტ პოპ და ელექტრონულ ჟღერადობაზე ორიენტირებული ალბომი America. სწორედ ამ ჩანაწერს მოჰყვა ჯგუფის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ტურნე, რომლის ფარგლებშიც Thirty Seconds to Mars საქართველოსაც ეწვევა.

სპირიტუალური და ფილოსოფიური თემებით დატვირთული სიმღერების და ენერგიული ცოცხალი შესრულებების წყალობით Thirty Seconds to Mars თანამედროვე მუსიკალური სივრცის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პროექტია.

  • ბილეთების გაყიდვა დაიწყება 20 მაისს, საიტებზე TKT.ge და Eventer.ge.
  • ბილეთის ფასი 50-დან 200 ლარამდე იქნება.

ასევე, შეგახსენებთ, რომ ამერიკული მუსიკალური ბენდის, Black Eyed Peas-ის კონცერტი „ბლექ სი არენაზე“ 16 ივნისს გაიმართება, ხოლო ცნობილი ბრიტანელი შემსრულებელი Jessie J ქართველი მსმენელის წინაშე 6 აგვისტოს წარდგება.

2019 წელს ზაფხულში საქართველოში Jessie J-სა და ჯარედ ლეტოს კონცერტების გამართვის შესახებ ნეტგაზეთი აპრილში წერდა სანდო წყაროზე დაყრდნობით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.