ახალი ამბები

რ2: “ოცნების” წევრი ზუგდიდში მოსყიდვა-გატაცებაზე საუბრობს [ვიდეო]

14 მაისი, 2019 • 1436
რ2: “ოცნების” წევრი ზუგდიდში მოსყიდვა-გატაცებაზე საუბრობს [ვიდეო]

გავრცელებულ კადრებში, სადაც, სავარაუდოდ, ზუგდიდის საკრებულოს წევრი ჩანს მმართველი პარტიიდან, ისმის, რომ “ყველაფერზე თანხმობაა მიღებული“ მოსყიდვასა და დაშინებაზე. პირი, რომელიც შესაძლოა, ჩანაწერში ფიგურირებდეს, ამბობს, რომ ვიდეო ფალსიფიცირებულია.

ვიდეოჩანაწერი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა. დაუზუსტებელია, არის თუ არა ვიდეო ავთენტური, თუ ასეა, ვინ, როდის და რა მიზნით ჩაიწერა.

არხის ცნობით, ვიდეოში ზუგდიდის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, გია დანელია, ამბობს, რომ მიღებული აქვთ დავალება, არჩევნებში 50%-ზე მეტი ხმის მისაღებად „ნებისმიერი მეთოდით მოისყიდონ ამომრჩეველი, ან დააშინონ და, თუ საჭირო იქნება, გაიტაცონ კიდეც“. ამასთან, იგივე ხმა ამბობს, რომ გალელ „მაყურებელს“, კრიმინალურ ავტორიტეტს“ ხვდება ამ საკითხთან დაკავშირებით.

გია დანელია აცხადებს, რომ კადრებში მისი ხმა არ ისმის და „ფალსიფიცირებულია“. „რას ბრძანებთ, არა, არა, გამორიცხულია. არა, მე არა ვარ. ნამდვილად არა“, — ამბობს ის.

ჩანაწერში ასეთი შინაარსის საუბარია:

„ახლა, ასე, ოთხი დღის წინ, თათბირზე ვიყავით. თბილისიდან იყო წარმომადგენელი. წინაზე ბავშვი რომ გაგვილახესო… ნებისმიერი მეთოდით იმუშავეთო, ტერორით, დედა მო****ათო. მოსყიდვაა — მოისყიდეთო, გასატაცებელია — ყველაფერზე თანხმობაა მოცემული. ჩვენ უნდა მოვიგოთ 50-ს პლუს ერთი ხმით, რადგან სამი ოპოზიციური პარტიაა. ჩვენთვის სადღაც 50 ხმა აქვს წართმეული სიჭინავას, ამ ნაბო*არს, თახსირს, ამ მიშას“…

„გალელ „მაყურებელს“ უნდა შევხვდე დღეს, გამიგე? ამის გამო გამოვედი. გუშინ ინფორმაცია მივიღე, საზღვარი [სავარაუდოდ დე ფაქტო საზღვარი] იკეტება. 30 კაცი გადმოდის… ოთარ თორდია და გიზო. ესენი ამ კაცს დაუკავშირდნენ და გადმოვალო… დაიკეტება და იქით ხალხი გვეკარგება. გვითხრეს, 30 კაცი გარანტირებულიაო“.

დაიწყო თუ არა გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით გამოძიება? ნეტგაზეთი შსს-ს დაუკავშირდა, სადაც ჯერ კომენტარი არ გაკეთებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი