ახალი ამბები

აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელი – ბრიუსელში საერთო საიუბილეო განცხადებაზე ვერ შეთანხმდნენ

13 მაისი, 2019 • 2187
აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელი – ბრიუსელში საერთო საიუბილეო განცხადებაზე ვერ შეთანხმდნენ

აღმოსავლეთ პარტნიორობის (Eastern Partnership – EaP) ინიციატივას 10 წელი შეუსრულდა. ეს არის ევროკავშირის თანამშრომლობის ფორმატი მის აღმოსავლეთ მეზობელ 6 ქვეყნასთან – საქართველოსთან, აზერბაიჯანთან, ბელარუსთან, მოლდოვასთან, სომხეთთან და უკრაინასთან. 10 წლისთავთან დაკავშირებით საერთო საიუბილეო განცხადების გამოქვეყნება ვერ მოხერხდა და ის მხოლოდ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინის სახელით გამოქვეყნდა.

აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის (ENP) შემდგომი ეტაპია. მისი დეკლარირებული მიზანია პოლიტიკური კავშირისა და ეკონომიკური ინტეგრაციის განვითარება ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის, თუმცა ეს არ არის ევროკავშირში გაწევრიანების ჩარჩო. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმდა ასოცირების შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) ჩათვლით, მიღწეულ იქნა შეთანხმება ვიზალიბერალიზაციის შესახებ, ასევე, ხორციელდება ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის არაერთი პროგრამა, რომელიც საქართველოს ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებას ისახავს მიზნად.

აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის შექმნის ინიციატივა, რომლის ხედვა ეფუძნებოდა “კონტინენტს გამყოფი ხაზების გარეშე”, შვედეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, კარლ ბილდტმა და რადოსლავ სიკორსკიმ პირველად 2008 წლის მაისში დააყენეს, თუმცა ამ წინადადებას ბრიუსელში თავდაპირველად სკეპტიციზმით შეხვდნენ. როგორც ბილდტი და სიკორსკი წერენ, ზოგს მიაჩნდა, რომ ევროკავშირს ისედაც ძალიან ბევრი სამეზობლო პოლიტიკა ჰქონდა და ერთით მეტი არაფერში სჭირდებოდა; სხვებს ეშინოდათ, რომ ეს აღქმული იქნებოდა როგორც გაწევრების პერსპექტივის დაპირება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ძალიან შორს არიან ამ მიზნიდან, ან შიშობდა, რომ ახალი სამეზობლო პოლიტიკა ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ქვეყნების დახმარების რესურსებს შეამცირებდა; ამასთან, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის თვალსაზრისით ჯერ კიდევ თანამშრომლობდა რუსეთთან, თუმცა 2008 წლის აგვისტოს ომმა პროცესი დააჩქარა – საფრანგეთის პრეზიდენტობის თაოსნობით ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის გეგმა 2009 წელს პრაღის სამიტზე დამტკიცდა.

“2013 წლამდე კრემლი იგნორირებას უკეთებდა ამ პროგრამას, თუმცა ჩვენთან კერძო საუბრებში დაუფიქსირებიათ, რომ არაკომფორტულად გრძნობდნენ თავს ტერმინ “საერთო სამეზობლოს” გამო, მიაჩნდათ რა, რომ ეს ქვეყნები მათი სამეზობლოა. მაგრამ როგორც კი სარგებელი თვალსაჩინო და მიმზიდველი გახდა, მოსკოვმა პოლიტიკა შეცვალა – საპასუხოდ კი  საბაჟო კავშირზე დაფუძნებული ევრაზიული გაერთიანება შექმნა. ცხადი გახდა, რომ პუტინისთის ეს გახდა გეოპოლიტიკური ამბიციების საგანი და ყველაფერს გააკეთებდა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნები რუსეთის გავლენის ქვეშ დაბრუნებულიყო. როცა მოსკოვთან დაუგეგმავი ღამის მოლაპარაკებების შემდეგ სომხეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნა არ აპირებდა DCFTA-ის ხელმოწერას, ბრიუსელმა ეს მიიღო, რადგან თავისუფალი არჩევანი ჩვენი იდეის საფუძველი იყო”, – ნათქვამია ბილდტისა და სიკორსკის სტატიაში.

ევროკავშირისგან განსხვავებით, რუსეთმა თავისი მეზობლების თავისუფალი არჩევანის შესაცვლელად სამხედრო ძალა გამოიყენა. ბილდტის და სიკორსკის შეფასებით, მართალია, 2014 წელს უკრაინა გადაურჩა პოლიტიკურ და ფინანსურ კრახს, მაგრამ მისი ეკონომიკა აღსადგენია, რეფორმები კი – გასატარებელი. ბილდტი და სიკორსკი მიიჩნევენ, რომ რუსეთიდან მომავალ გამოწვევებთან გამკლავება არა მხოლოდ ბერლინის და პარიზის, არამედ ბრიუსელის დღის წესრიგში აქტიურად უნდა დადგეს, შემდეგ კი ევროკავშირმა განაახლოს და გააფართოოს თავისი ამბიციები აღმოსავლეთ პარტნიორებთან მიმართებაში.

“ადრე თუ გვიან რუსეთიც უნდა დაუბრუნდეს ევროპული მოდერნიზაციის კურსს, თუ უნდა, ჩინეთის უმცროს ძმად არ დარჩეს. მიუხედავად გარკვეული გამოწვევებისა, რომლისთვისაც არავის გაუსწორებია თვალი, როცა პროგრამა იწყებოდა, აღმოსავლეთ პარტნიორობა აღმოჩნდა იდეა, რომელიც დრომ გამოსცადა. და ჩვენ დარმუნებული ვართ, რომ ამ ინიციატივის საუკეთესო პერიოდი ჯერ კიდევ წინ არის”, – წერენ სიკორსკი და ბილდტი.

პროგრამის გადატვირთვის საჭიროებაზე მიუთითებს პოლონელი დიპლომატი და ამჟამად ელჩი საქართველოში მარიუს მასკევიჩიც.

“ჩვენ გვჭირდება ღრმა და მიუმხრობელი ანალიზი აღმოსავლეთ პარტნიორობის მიღწევებისა და მეთოდების შესახებ. ეს უნდა იყოს ახალი ევროპარლამენტისა და ევროპული ინსტიტუტების ამოცანა”, – მიიჩნევს მასკევიჩი. მისი აზრით, ნაცვლად არაეფექტური ბიუროკატიისა, გრანტების სისტემა უფრო მეტად უნდა მოერგოს წვრილ არასამთავრობო სექტორს და ახალგაზრდებს, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპის გულმხურვალე მხარდამჭერები არიან; გაძლიერდეს ისეთი მექანიზმების დაფინანსება, როგორიცაა გაცვლითი სასწავლო და სამუშაო პროგრამები, სტიპენდიები და ახალგაზრდული პროგრამები, მედიააქტივობები, კულტურული, სოციალური და ჰუმანიტარული პროექტები.

ფუნდამენტური საერთო ფასეულობებისა და პრინციპების მხარდაჭერის განახლებაზე ჩანაწერი გაკეთდა დღეს მიღებულ განცხადებაში ბრიუსელში, სადაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით მაღალი დონის საიუბილეო შეხვედრების სერიას მასპინძლობენ.

ღონსიძიებების ფარგლებში ხვალ, 14 მაისს, დაგეგმილია მაღალი დონის კონფერენცია, რომელზეც შეიკრიბებიან პარტნიორი ქვეყნების სახელმწიფოს ან მთავრობის მეთაურები, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ბიზნეს-ლიდერები, ახალგაზრდები და ჟურნალისტები 34 ქვეყნიდან. დღეს კი, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტ ფედერიკა მოგერინის თავმჯდომარეობით, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ყოველწლიური შეხვედრა გაიმართა.

მინისტერიალზე შეაჯამეს სამუშაო გეგმის 20 შედეგი, რომელსაც 2020 წლის ფარგლებში უნდა მიაღწიონ. ეს საერთო გეგმა აღმოსავლეთ პარტნიორობის 2017 წლის ნოემბრის ბოლო სამიტზე მიიღეს და მიზნად ისახავს რეგიონის მოქალაქეთა ცხოვრების გაუმჯობესებას მათთვის რეალური სარგებლის მოტანით, უფრო ძლიერი ეკონომიკის, ძლიერი მმართველობის, ძლიერი კავშირების და ძლიერი საზოგადოებების საშუალებით.

ევროკავშირის და აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში მონაწილე ექვსი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავდნენ საერთო საიუბილეო განცხადების მიღებასაც, თუმცა რადიო “თავისუფლება” წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აზერბაიჯანის უკმაყოფილების გამო (რომელსაც არ მოეწონა ის, რომ ტექსტში ნახსენები არ იყო ტერიტორიული მთლიანობის საკითხი), იმის ნაცვლად, რომ განცხადებაზე ხელი ყველა მონაწილეს მოეწერა, ის მხოლოდ ფედერიკა მოგერინის სახელით გამოქვეყნდა.

ამასთან, რადიო “თავისუფლების” ინფორმაციით, ტექსტზე მუშაობის პროცესში საქართველომ და უკრაინამაც გამოხატეს უკმაყოფილება იმის გამო, რომ ტექსტი არ მოიცავდა რამდენიმე აღმოსავლელი პარტნიორის “ევროპული მისწრაფებების” აღიარებას ბრიუსელის მხრიდან. მაგრამ თბილისი და კიევი დათანხმდნენ ფორმულირებას, რომელიც უწინდელ ტექსტებში, მაგალითად, აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტთა განცხადებებში იყო მოცემული.

“აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკა ეფუძნება საერთო ფუნდამენტურ ფასეულობებს და ჩვენს ერთობლივ ვალდებულებას, გავიზიაროთ საერთაშორისო სამართლის პრინციპები და ნორმები, ადამიანის, მათ შორის, უმცირესობათა უფლებები, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობა, ანგარიშვალდებულება და კარგი მმართველობა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ჩათვლით, მდგრადი განვითარება და საბაზრო ეკონომიკა. მისი მამოძრავებელი პრინციპებია ერთობლივი პასუხისმგებლობა, ინკლუზიურობა, დიფერენცირებული მიდგომა, პირობების შესრულება, რომელიც ჩვენს ერთობლივ პრიორიტეტებს ეფუძნება. ეს არის მომენტი, რომ განვაახლოთ ამ ფუნდამენტური ფასეულობების და პრინციპების ურყევი მხარდაჭერა, რომელიც ჩვენი პარტნიორობის ქვაკუთხედს წარმოადგენს; კვლავ დავადასტუროთ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაციებში ასახული ერთობლივი ვალდებულებები და ხაზი გავუსვათ ჩვენს მყარ განზრახვას მათ განახორციელებასთან დაკავშირებით”, – ნათქვამია ფედერიკა მოგერინის 8-პუნქტიან დასკვნაში აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავთან დაკავშირებით.

განცხადების სრული ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი