გორში მოკლული 9 წლის ბავშვის საქმეზე განაჩენი, სავარაუდოდ, 23 მაისს გამოცხადდება

გორში 9 წლის გოგოს მკვლელობასა და მის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულის, იაგო ნებიერიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, 23 მაისს გამოაცხადებს.

დღეს, რამდენიმე საათის განმავლობაში, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით იკითხებოდნენ სასამართლო-სამედიცინო დასკვნის ექსპერტი და საქმის ძირითადი გამომძიებელი.

“სასამართლო-სსმედიცინო ექსპერტმა დეტალურად ისაუბრა თითოეულ დაზიანებაზე, მათ ხარისხზე და გარდაცვალების მიზეზზე. სამედიცინო დასკვნით, გოგონას თითქმის მთელ სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები. მისი სიკვდილის უშუალო მიზეზი არის ასფიქსია – კისერში ხელის მოჭერის შედეგად მისი გაგუდვა. მას თავის არეში აღენიშნებოდა მკვრივი, ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანება, რომელიც ასევე არის სიცოცხლისთვის სახიფათო – ამან გამოიწვია თავის ქალის მოტეხილობა და ტვინში ტრავმული სისხლჩაქცევა”, – განაცხადა დღევანდელი სხდომის შემდეგ პროკურორმა, ნანა გუგუტიშვილმა.

პროკურორის თქმით, საქმის უშუალო გამომძიებელმა სასამართლოში წარადგინა და ისაუბრა არერთ მნიშვნელოვან ნივთმტკიცებაზე, რაც ბრალდებულის მხრიდან ბავშვის მკვლელობასა და გარყვნილ ქმედებას ადასტურებს.

დაცვის მხარეს საქმეზე არცერთი მოწმე წარუდგენია. ადვოკატმა დაზუსტებით არ იცის, მისცემს თუ არა სასამართლოს იაგო ნებიერიძე ჩვენებას. პროკურორმა კი განაცხადა, რომ მხოლოდ წერილობითი მტკიცებულებების ნაწილი დარჩა ბრალდების მხარეს გამოსაკვლევი, რომელსაც შემდეგ პროცესზე, 16 აპრილს სრულად წარადგენენ, ხოლო 23 აპრილს შეიძლება უკვე მიიღოს სასამართლომ გადაწყვეტილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში იმყოფებოდნენ მოკლული გოგოს ოჯახის წევრები და ახლობლები. ისინი, ისევე როგორც ჟურნალისტები, პროცესებს ვერ ესწრებიან, რადგან ამ საქმეზე სხდომები დახურულია. მოკლული ბავშვის ოჯახი ბრალდებულის მიმართ უმკაცრეს განაჩენს ითხოვს.

გორში 9 წლის გოგოს ცხედარი 2018 წლის 25 ოქტომბერს იპოვეს. ბავშვს ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა, სახეზე კი- პოლიეთილენის პარკი ჩამოფარებული. მეორე დღეს, 26 ოქტომბერს, შსს-მ ცხელ კვალზე დააკავა 34 წლის ეჭვმიტანილი, იაგო ნებიერიძე.

იაგო ნებიერიძის მიმართ გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, რასაც შემდგომ დაემატა გარყვნილი ქმედების ბრალდებაც.

აღნიშნულ პირი ფიგურირებს 14 წლის წინ გორში გაუჩინარებული მოზარდის საქმეშიც, რომლის ცხედრის სამძებრო სამუშაოებიც გასულ წელს გორში მიმდინარეობდა. იაგო ნებიერიძე 14 წლის წინ სასამართლომ გაამტყუნა 11 წლის გაუჩინარებული ბიჭის საქმეში ფულის გამოძალვაზე. მან ამ ბრალდებით მოიხადა სასჯელი, ხოლო ბავშვის გატაცება მაშინ ვერ დაუმტკიცდა.

გასული წლის ნოემბერში 9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ 14 წლის წინ გატაცებული 11 წლის ბიჭის ცხედრის ადგილსამყოფელი დაასახელა, თუმცა, რამდენიმედღიანი სამძებრო სამუშაოების მიუხედავად, ბავშვის ცხედარი სამართალდამცველებმა ვერ იპოვეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.