ახალი ამბები

აივ/შიდსის მკურნალობის გაუმჯობესების მიზნით ხელისუფლებას პეტიციით მიმართავენ

13 მაისი, 2019 • 2808
აივ/შიდსის მკურნალობის გაუმჯობესების მიზნით ხელისუფლებას პეტიციით მიმართავენ

აივ/შიდსის სფეროში მომუშავე სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციები პეტიციით მიმართავენ ხელისუფლების წარმომადგენლებს, აივ/შიდსით ინფიცირებულებს ცენტრალიზებული კლინიკების ნაცვლად მკურნალობა შესთავაზონ მულტიპროფილურ კლინიკებსა და პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში.

“აივ/შიდსი ერთ-ერთ ყველაზე სტიგმატიზებულ დაავადებას წარმოადგენს. ხშირად პაციენტები საზოგადოებისგან გარიყული სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლები არიან, რაც დამატებით სიმძიმეს სძენს მათ ემოციურ და სოციალურ მდგომარეობას. პაციენტთა თემი დღემდე უხილავია. ჩვენ ვერ ვახერხებთ ღიად ვისაუბროთ ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ. ქვეყანაში არსებული ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა, მძიმე ჰომოფობიური გარემო, სექს-სამუშაოს მიმართ არსებული ტაბუ, ქმნიან ხელსაყრელ გარემოს დაავადების გავრცელებისთვის და ხელს უშლიან სერვისებზე ხელმისაწვდომობას.

ჯანმრთელობის უფლება ადამიანის უფლებაა ამ უფლებით სარგებლობისთვის აივ დადებით თემს მრავალი ხილული თუ უხილავი ბარიერის გადალახვა გვიწევს.

  • მკურნალობის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ცენტრალიზებულ კლინიკებში, სადაც მისვლა წარმოადგენს რისკს, შენი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია გახდეს ცნობილი გარეშე პირებისთვის, რაც ერთი დიაგნოზის მქონე ადამიანთა ერთ სივრცეში თავმოყრითაა განპირობებული და დაუშვებელ მოცემულობას წარმოადგენს მაღალი სტიგმის მქონე დაავადებების მკურნალობის და მოვლის სფეროში.
  • კლინიკების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა ასევე მნიშვნელოვან ბარიერს ქმნის მკურნალობის მიღებისას. საქართველოს მხოლოდ სამ ქალაქში არსებული თითო სპეციალიზებული კლინიკა ემსახურება აივ/შიდსის მქონე 6029 პაციენტს”, – ნათქვამია პეტიციაში.

პეტიციაში ასევე აღნიშნულია, რომ “ყველა ადამიანს აქვს  არჩევანის უფლება. მკურნალობის არსებული მოდელი კი აღარ წარმოადგენს წარმატებულ პრაქტიკას, ის არ არის თემის საჭიროებებზე მორგებული.”

“საერთაშორისო გამოცდილება გვთავაზობს ეფექტიანი მკურნალობის განსხვავებულ შესაძლებლობებს, როგორიცაა მკურნალობის მიღება მულტიპროფილურ კლინიკებსა და პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში, მხარდამჭერი სერვისების ინტეგრაცია სათემო ორგანიზაციების ბაზაზე და სხვა. მათი გათვალისწინება და დანერგვა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სერვისებზე ხელმისაწვდომობას. აღსანიშნავია ასევე ქვეყანაში მიმდინარე C ჰეპატიტისა და ტუბერკულოზის პროგრამების ფარგლებში სერვისების დეცენტრალიზაციით განპირობებული ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. ვთვლით, რომ აივ/შიდსის მკურნალობისა და მოვლის სერვისების დეცენტრალიზაცია გადაუდებელი აუცილებლობაა ჩვენი თემისათვის! ” – აცხადებენ აივ/შიდსის სფეროში მომუშავე ორგანიზაციები.

პეტიციის ადრესატები არიან პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღე

19 მაისი შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის მსოფლიო დღეა. 1983 წლიდან პაციენტთა თემი ყოველწლიურად აღნიშნავს ამ დღეს გლობალური კამპანიით, სადაც ხდება გადაწყვეტილების მიმღებ პირთა ყურადღების მიპყრობა სხვადასხვა გამოწვევებზე  და პრობლემის გადაჭრის სავარაუდო გზების ფორმირება. წლევანდელი გზავნილია: “აქტიური ბრძოლა უფლებებისა და ჯანმრთელობისთვის.” 2019 წელს საქართველოში ამ დღეს უკვე მეორედ აღნიშნავენ.

წლევანდელ ღონისძიებას უერთდებიან აივ დადებით პირთა სათემო ორგანიზაცი „ასოციაცია ბროწეული“  და აივ შიდსის პრევენციაზე მომუშავე ორგანიზაციები: “ ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი“ , „ახალი ვექტორი“ „თანასწორობის მოძრაობა“ და „თანადგომა“. კამპანიის მიზანია, პატივი მიაგოს შიდსით გარდაცლილი ადამიანების ხსოვნას, გამოხატოს სოლიდარობა აივ დადებითი ადამიანების მიმართ და გაზარდოს ცნობიერება აივ/შიდსის შესახებ.

1989 წლიდან დღემდე საქართველოში შიდსით 1540 ადამიანი გარდაიცვალა. საქართველოში რეგისტრირებული 7 569 აივ/შიდსის მქონე პაციენტთა 52%-ს შიდსი განუვითარდა, 54%-მა კი ჯერ კიდევ არ იცის მისი აივ სტატუსი. კამპანიის ორგანიზატორთა თქმით, ეს მნიშვნელოვან სიგნალს წარმოადგენს საქართველოში აივ/შიდსის მკურნალობისა და მოვლის სისტემაში არსებულ ხარვეზებზე.

2019 წლის კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:

  • 18 მაისი, 13:00 – შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება – „აქტიური ბრძოლა უფლებებისა და ჯანმრთელობისთვის“- თბილისის საკრებულო;
  • 19 მაისი, 19:00 – აქცია – “დროა აქტიური ბრძოლა უფლებებისა და ჯანმრთელობისთვის“ – სახელმწიფო კანცელარია.

გაიგეთ მეტი აივ/შიდსზე - დააკლიკეთ

აივ ნიშნავს ადამიანის იმუნიდეფიციტის ვირუსს, შიდსი კი არის აივ ინფექციით გამოწვეული მდგომარეობა.  აღნიშნული ვირუსი ადამიანის ორგანიზმში აღწევს დაუცველი სექსუალური კავშირით, სისხლით, ასევე, დედიდან შვილზე (მკურნალობის უგულებელყოფის შემთხვევაში).

ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ აივ/შიდსი დროთა განმავლობაში აზიანებს ადამიანის იმუნურ უჯრედებს და ასუსტებს მას. თუმცა მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც ხელმისაწვდომია თანამედროვე პრეპარატები, რომლის წყალობითაც აივ/შიდსი უკვე წლებია, არ არის მომაკვდინებელი. ის მართვად, ქრონიკულ მდგომარეობად გადაიქცა. თუ ადამიანები დროულად იწყებენ მკურნალობას, ვირუსის რაოდენობა სისხლში იკლებს და ნულს უტოლდება, ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა უმჯობესდება და აივ-დადებითი ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა უტოლდება არაინფიცირებულის ხანგრძლივობას.

მკურნალობის შემთხვევაში, ინფიცირებულიდან არაინფიცირებულზე ვირუსის გადაცემის შანსი უკიდურესად დაბალია. აივ/შიდსით ინფიცირებულებს შეუძლიათ გააჩინონ სრულიად ჯანმრთელი შვილები, რომლებიც არ იქნებიან ვირუსის მატარებელი. ასეთ დროს მნიშვნელოვანია ექიმის რეკომენდაციების გათვალისწინება. ვირუსისგან თავდაცვის ყველაზე ეფექტიანი გზა არის უსაფრთხო სექსი პრეზერვატივის გამოყენებით.

აივ/შიდსის ტესტირება და მკურნალობა საქართველოში უფასოა და მას სახელმწიფოსთან ერთად გლობალური ფონდიც აფინანსებს.

შეიძლება, წლები ისე გავიდეს, რომ აივ-მა ადამიანის ორგანიზმში უსიმპტომოდ დაჰყოს, სწორედ ამიტომ ენიჭება დიდი მნიშვნელობა დროულ ტესტირებას და, შესაბამისად, დროულ მკურნალობას.

უფასო ტესტირებისთვის მიმართეთ შიდსის ცენტრს მისამართზე: თბილისი, ალ. ყაზბეგის 16 (ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორია). ტელ: (+995 32) 2 39 80 18

მასალების გადაბეჭდვის წესი