ახალი ამბები

ჰომოფობიური განცხადების ავტორი TV რიონს ტოვებს და კრიტიკოსებს “საქმის გასარჩევად” იწვევს

13 მაისი, 2019 • 2518
ჰომოფობიური განცხადების ავტორი TV რიონს ტოვებს და კრიტიკოსებს “საქმის გასარჩევად” იწვევს

ტელეკომპანია “რიონის” წამყვანმა სოფია რაჭველმა ჰომოფობიური და სიძულვილის ენის შემცველი ეთერის შემდეგ არხი დატოვა. ჟურნალისტი წერს, რომ შეცდომები მოუვიდა გადაცემის დროს, თუმცა მიიჩნევს, რომ ამის გამო დაბულინგებას არ იმსახურებდა.

სოფია რაჭველი ბოდიშის მოხდას არ აპირებს, პირიქით – ჰომოფობიური განცხადებების კეთება ახლა უკვე ფეისბუკზე განაგრძო და კრიტიკოსებს “საქმის გასარჩევად” იბარებს.

თუ ომია, ომი იყოს, ოღონდ აქ არა. პირადად შევხვდეთ ერთმანეთს და გავარჩიოთ საქმე; კრიმინალადაც ხო შემრაცხეთ და გინდა ქურდულად გავარჩიოთ საქმე, გინდაც ვაჟკაცურად”, – წერს ფეისბუკზე სოფია რაჭველი.

ტელეკომპანია “რიონის” ერთპიროვნულმა მფლობელმა და გენერალურმა დირექტორმა, თამარ ღვინიანიძემ ნეტგაზეთს დაუდასტურა, რომ სოფო რაჭველი უკვე აღარ არის მათი თანამშრომელი. ტელეკომპანიამ ჰომოფობიური და სიძულვილის შემცველი ეთერის შემდეგ ბოდიში მოუხადა ყველა ადამიანს, ვინც თავი შეურაცხყოფილად იგრძნო.

TV რიონის წამყვანის მიერ ქცევის კოდექსის დარღვევის გამო საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართეს.

ტელეკომპანია “რიონის” თვითრეგულირების საბჭომ უკვე დაადგინა წამყვანის მიერ მაუწყებელთა ქცევის კოდექსით განსაზღვრული მრავალფეროვნების დაცვის პრინციპის დარღვევა. მათი განცხადებით, ყველას აქვს აზრის ქონისა და გამოხატვის უფლება, თუმცა ტელევიზია თვლის, რომ სიძულვილის ენის გამოყენება დაუშვებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი