ახალი ამბები

სტამბოლის განმეორებითი არჩევნების წინა კვლევით, ოპოზიცია ლიდერობს

11 მაისი, 2019 • 1743
სტამბოლის განმეორებითი არჩევნების წინა კვლევით, ოპოზიცია ლიდერობს

თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს მიერ სტამბოლში არჩევნების შედეგების გაუქმების შემდეგ, საზოგადოებრივი აზრის პირველი კვლევა გამოქვეყნდა. პირველ ადგილზე კვლავ “რესპუბლიკური პარტიის” კანდიდატი ექრემ იმამოღლუა, რომელიც 2.1%-ით უსწრებს პრეზიდენტ ერდოღანის პარტიის კანდიდატს, ბინალი ილდირიმს.

“კონსენსუსის” კვლევითმა ცენტრმა კვლევა 21-22 აპრილს ჩაატარა – მაშინ, როცა საარჩენო საბჭო ჯერ კიდევ მსჯელობდა, გაეუქმებინა თუ არა შედეგები. გამოიკითხა სულ 1040 ადამიანი. მათგან ნახევარზე მეტი – 50.2% ხმას ოპოზიციას მისცემდა, სახელისუფლებო კანდიდატს კი გამოკითხულთა 48.1% მიემხრო.

თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ სტამბოლის შედეგების გაუქმების გადაწყვეტილება 6 მაისს მიიღო. ამგვარად მან თურქეთის მმართველი “სამართლიანობისა და განვითარების პარტიის” მოთხოვნა დააკმაყოფილა, რომელმაც 31 მარტის თვითმმართველობის არჩევნები ქალაქში მცირე განსხვავებით წააგო. მმართველი პარტიის წარმომადგენელი საარჩევნო საბჭოში, რეჯეფ ოზელი, აცხადებს, რომ ეს მოთხოვნა დააყენეს, რადგან არჩევნების დღეს საარჩევნო ყუთებთან მომუშავე ზოგიერთი პირი სახელმწიფო მოხელე არ იყო, ზოგიერთ ბიულეტენს კი ხელმოწერა აკლდა.

უმაღლესი საარჩევნო საბჭოს გადაწყვეტილებას ამავე უწყების მიერ სტამბოლის აღიარებულმა მერმა, რესპუბლიკელმა ექრემ იმამოღლუმ ამავე ღამეს უპასუხა. ის სტამბოლში შეკრებილი მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოვიდა და მოუწოდა მათ, იმედი არ დაკარგონ და პირობა დადო, რომ ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება.

ქალაქში განმეორებითი არჩევნები 23 ივნისს ჩატარდება.

სტამბოლის მერის გაუქმებული არჩევნები ტაფებით, ქვაბებითა და შეძახილებით გააპროტესტეს

მასალების გადაბეჭდვის წესი