ახალი ამბები

თურქეთში პროფესორი მშვიდობის პეტიციაზე ხელმოწერისთვის დააპატიმრეს

11 მაისი, 2019 • 980
თურქეთში პროფესორი მშვიდობის პეტიციაზე ხელმოწერისთვის დააპატიმრეს

თურქეთში დააპატიმრეს პროფესორი, რომელიც 2016 წელს თურქეთის ქურთებით დასახლებულ რეგიონებში ქვეყნის ხელისუფლების ქმედებებს პეტიციაზე ხელმოწერით შეეწინააღმდეგა. ფუსუნ უსთელი აღნიშნული ქმედებისთვის დაპატიმრებული პირველი პროფესორია, თუმცა ერთ-ერთია იმ ასეულობით აკადემიკოსს შორის, რომლებიც პეტიციაზე ხელმოწერის შემდეგ გამოძიების ობიექტები გახდნენ და სასამართლოს წინაშე წარდგნენ.

ფუსუთ უსთელი ესქიშეჰირის ქალთა საპატიმროს 8 მაისს, საკუთარი ნებით ჩაბარდა მას შემდეგ, რაც სტამბოლის რეგიონულმა სასამართლომ წინა ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა. პროფესორი ციხეში ადვოკატებთან ერთად მივიდა. Bianet-ის თანახმად, მას იქ პეტიციაზე ხელმომწერი სხვა, უნივერსიტეტებიდან დათხოვნილი პროფესორებიც დახვდნენ.

უსთელს – გალათასარაის უნივერსიტეტის ლექტორს – სასამართლომ 1.3 წლიანი სასჯელი გასული წლის აპრილში მიუსაჯა, “ტერორისტული ორგანიზაციის პროპაგანდისათვის”. თურქეთის კანონმდებლობის თანახმად, აკადემიკოსი 11 თვეს საპატიმროში მოიხდის, სასჯელის მეოთხედს კი პირობითი მსჯავრის სახე ექნება.

აკადემიკოსთა ჯგუფმა, “აკადემიკოსები მშვიდობისთვის”, პეტიცია, სახელწოდებით “ჩვენ არ ვიქნებით ამ დანაშაულის ნაწილი” 2016 წლის იანვარში შეადგინა. ისინი აკრიტიკებდნენ ხელისუფლების ქმედებებს თურქეთის სამხრეთ-დასავლეთით “ქურთისტანის მუშათა პარტიის” შეიარაღებულ პირებთან შეიარაღებული ბრძოლის დროს და აცხადებდნენ, რომ სახელმწიფომ თავისი მოქალაქეები შიმშილისთვის გაწირა, გამოიყენა რა ქურთულ დასახლებებში მძიმე შეიარაღება. ისინი ხელისუფლებას მშვიდობის აღდგენისა და ადამიანის უფლებათა დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების დასჯისკენ მოუწოდებდნენ.

“ამნესთი ინთერნეიშენალის” თანახმად, პეტიციას თავდაპირველად ხელს 1128 აკადემიკოსი აწერდა, დროთა განმავლობაში კი მათი რიცხვი 2212-მდე გაიზარდა. ორგანიზაციის ცნობით, 2019 წლის 24 აპრილის მდგომარეობით, სასამართლოს წინაშე 691 აკადემიკოსი წარდგა, რომელთაც “ტერორისტული ორგანიზაციის პროპაგანდას” ედავებოდნენ. 185 მათგანს, რომელთა საქმეების განხილვა უკვე დასრულდა, პატიმრობა შეეფარდა. უმეტეს შემთხვევაში, მათი სასჯელი პირობითი მსჯავრით შეიცვალა, თუმცა პატიმრობა მისჯილი 31 პროფესორის საქმის განხილვა ჯერაც გრძელდება.

“ამნესთი ინთერნეიშენალი” მიმდინარე პროცესებს “გამოხატვის თავისუფლების შოკისმომგვრელ შეზღუდვად” აფასებს.

თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ თურქეთის სამხრეთ-დასავლეთით ზემოთ ხსენებული ოპერაციის ჩატარება აუცილებელი იყო, ქურთი შეიარაღებული პირების გასანეიტრალებლად. გაეროს მონაცემებით ოპერაციას 2 000 ადამიანი ემსხვერპლა, ნახევარი მილიონი კი იძულებით გადაადგილებულად იქცა.

თურქეთში აკადემიკოსების, ჟურნალისტებისა და სხვათა მიმართ დევნა განსაკუთრებით 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ გააქტიურდა. ბოლო 3 წლის მანძილზე, გადატრიალების მცდელობაში ჩართულობისა თუ მასთან კავშირის ბრალდებით, ათობით ათასი ადამიანი დააკავეს და სამსახურიდან გაათავისუფლეს. დაიხურა ათასობით სკოლა, უნივერსიტეტი და საერთო საცხოვრებელი, 200-მდე მედიაორგანიზაციამ კი ფუნქციონირება შეწყვიტა.

მასალების გადაბეჭდვის წესი