ახალი ამბები

საგარეომ დიასპორის წარმომადგენლები დააჯილდოვა განსაკუთრებული ღვაწლისთვის

10 მაისი, 2019 • 1516
საგარეომ დიასპორის წარმომადგენლები დააჯილდოვა განსაკუთრებული ღვაწლისთვის

10 მაისს თბილისის საკრებულოში დიასპორის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა 6 სხვადასხვა ნომინაციაში დიასპორის 11 წარმომადგენელი დააჯილდოვა. ნეტგაზეთი გთავაზობთ დაჯილდოებულების სიას:

მეცნიერება

მეცნიერებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვდნენ:

გიორგი გრიგოლია — მიუნხენის უნივერსიტეტის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი. მან ხელი შეუწყო საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების დაახლოებას.

ზურაბ ბერეჟიანი — ლაკვილას უნივერსიტეტის ფიზიკური და ქიმიური მეცნიერებების ფაკულტეტის პროფესორი. იგი მრავალი წელია მოღვაწეობს იტალიაში, მათ შორის ბირთვული ფიზიკის ნაციონალურ ინსტიტუტში (INFN);

კულტურა

კულტურის სფეროში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვდნენ:

იბერია ოზქან (მელაშვილი) — მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა ანსამბლი „კავკასიის მთა“ და მაჭახელას უხუცესთა ანსამბლი. 2011 წელს სტამბოლში დააფუძნა „ქართული ხელოვნების სახლი“, სადაც ქართული სამუსიკო ხელოვნების დაუფლებასთან ერთად, აქტიურად მიმდინარეობს ქართული მრავალხმიანობის მეცნიერული შესწავლა…

ზურაბ ცუცქირიძე — საფრანგეთში მოქმედი ქართული ანსამბლ „დეისის“ ხელმძღვანელი. სამინისტროს თანახმად, ქართული ცეკვისა და ხელოვნების პოპულარიზაციის გარდა, მისი დაფუძნებული ანსამბლი აქტიურად ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას, განსაკუთრებით, ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვების გადასარჩენად.

თინათინ სვანიძე-ვენკო — ნიდერლანდების სამეფოში „ქართული კულტურის ცენტრის“ დამფუძნებელი. „ხელს უწყობს ნიდერლანდელი ტურისტების საქართველოთი დაინტერესებას, ქართული ტურისტული პოტენციალის, კულტურის და ტრადიციების გაცნობას“.

სახალხო დიპლომატია

სახალხო დიპლომატიაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა:

დალი უბილავა-დე გრააფი — ნიდერლანდების სამეფოში, ქალაქ ლეიდენში მოქმედი ფონდის „არტექოს“ დამფუძნებელი. ფონდი ახორციელებს ხელოვნების პროექტებს, ორგანიზებას უწევს ფესტივალებს, კონცერტებს, ფერწერული, ფოტოხელოვნების, თანამედროვე ხელოვნების გამოფენებს, ჰოლანდიური ანიმაციური ფილმებისა და ქართული კინოკლასიკის ჩვენებებს, მასტერკლასებს.

ქველმოქმედება

საქველმოქმედო საქმიანობისთვის დაჯილდოვდნენ:

ლიანა ჯიქია-გოგრიჭიანი — გაერთიანებულ სამეფოში პირველი ქართული საკვირაო სკოლის დამაარსებელი.

თინათინ ჩითინაშვილი — გერმანიის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარის მოადგილე. იგი არის ახალგაზრდულ ჯგუფის „იბერი“ დამფუძნებელი, რომელიც აერთიანებს ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლს. „იბერისი“ ასევე გახლავთ ორგანიზაციის „გერმანელი ახალგაზრდები ევროპაში“ (DJO) წევრი.

სპორტი

ქართული სპორტის პოპულარიზაციისთვის დაჯილდოვდა:

ლევან გოგინაშვილი — დიდ ბრიტანეთში მოქმედი ქართველ ძიუდოისტთა კლუბის “ფალავანი” დამფუძნებელი.

უცხოელი მეგობრები

ნომინაციაში — „საქართველოს უცხოელი მეგობარი“ — დაჯილდოვდნენ:

ლუიჯი მაგაროტი — ქართველოლოგი, ვენეციის “კა’ფოსკარის უნივერსიტეტის” პროფესორი; სამინისტროს ცნობით, იგი თითქმის ნახევარი საუკუნეა, რაც ქართული ცივილიზაციის საკითხებს იკვლევს და ეწევა „ქართული კულტურის ინტენსიურ პოპულარიზაციას საზღვარგარეთ“.

ჰაინალკა ბაბირაქი — ლიტერატურათმცოდნე, ქართველოლოგი, მთარგმნელი და პოეტი. საგარეოს თანახმად, იგი 20 წელიწადზე მეტია, რაც აქტიურად მუშაობს ქართულ-უნგრული კულტურული კავშირების განსამტკიცებლად.


საგარეო სამინისტროს პრესრელიზის თანახმად, გამარჯვებულებს ანტიკური ხანის ქართული ოქრომჭდლობის და საქართველოს მატერიალური კულტურის უმნიშვნელოვანეს ნიმუშის, ექვთიმე თაყაიშვილის მიერ შეგროვებული და გადარჩენილი საგანძურის ექსპონატების ასლები გადაეცათ.

გამარჯვებულები პროექტის, „დიასპორის წარმომადგენელთა განსაკუთრებული ღვაწლის აღიარება“, ფარგლებში გამართული კონკურსის შედეგად გამოავლინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი