ახალი ამბები

ოპოზიცია ითხოვდა მასალების გასაჯაროებას — ქუცნაშვილი მაჩალიკაშვილების საუბარზე

10 მაისი, 2019 • 1212
ოპოზიცია ითხოვდა მასალების გასაჯაროებას — ქუცნაშვილი მაჩალიკაშვილების საუბარზე

უმრავლესობის პარლამენტარი ზაქარია ქუცნაშვილი კითხვაზე, რატომ გამოაქვეყნა უსაფრთხოების სამსახურმა მაჩალიკაშვილების საუბარი, აცხადებს, რომ სუს-ის უფროსთან შეხვედრის შემდეგ მაჩალიკაშვილის საქმეზე მასალების გასაჯაროებას ოპოზიცია ითხოვდა.

10 მაისს ტვ პირველის ეთერში ჟურნალისტ ვახო სანაიას კითხვაზე, რატომ გამოქვეყნდა ჩანაწერი, ქუცნაშვილმა უპასუხა:

„ამ თემებზე შეკითხვები დაისვა, როცა ანგარიში წარმოგვიდგინა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ბატონმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, დახურულ ფორმატში“.

„ბატონმა ვახტანგმა გულწრფელად გასცა ყველა შეკითხვას პასუხი, რაც კი [დაისვა]… როცა გულწრფელად უპასუხა ამ შეკითხვებს, ოპოზიციამ ერთხმად მოითხოვა იმ შეხვედრაზე — „გაასაჯაროვეთ ეს ინფორმაცია“, „გაასაჯაროვეთ ეს ინფორმაცია“, „საზოგადოებამ გაიგოს, რასთან გვქონდა საქმე“… იქ ესწრებოდა, სულ მცირე, 130 დეპუტატი, ყველა დაადასტურებს, რომ ოპოზიციის მოთხოვნა იყო, გაესაჯაროებინათ ეს ინფორმაცია“, — თქვა ქუცნაშვილმა.

„მაშინ ბატონმა ვახტანგმა თქვა, რომ ჩვენ გვაქვს უტყუარი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ ადგილი ჰქონდა დანაშაულის მომზადების მცდელობას. და ოპოზიციამ ერთხმად უთხრა, თუ გაქვთო, გაასაჯაროვეთ ეს ინფორმაციაო“, — განაცხადა მან. ქუცნაშვილის თანახმადვე, გომელაურს კონკრეტულად ჩანაწერი არ უჩვენებია.

ჟურნალისტების დამაზუსტებელ კითხვას, ანუ ეს ჩანაწერი იმიტომ გამოაქვეყნა სუს-მა, რომ ოპოზიციამ მოითხოვა, ქუცნაშვილმა უპასუხა: „არ ვიცი ახლა, ოპოზიციის მოთხოვნა“… მას აზრი არ დაუსრულებია. „იმიტომაა ოპოზიციის შეფასებები ადეკვატური დღესაც, რომ ისინი ამას ისმენდნენ დარბაზში“, — დასძინა მან.

ქუცნაშვილის თანახმად, „დანაშაულის მომზადებას მაინცდამაინც მომზადება არ სჭირდება. შესაბამისად, სამართალში არსებობს ასეთი პრინციპი — პრევენცია, რაც ემსეხურება დანაშუალის, რეციდივის ან ახალი დანაშაულის ჩადენისგან თავის აცილებას. შეიძლება, ეს იყო მათი [სუს-ის] მიზანი“, — თქვა მან.


სუს-ის მიხედვით, გამოძიება, რომლის ფარგლებშიც გავრცელებული ჩანაწერი მოიპოვეს და მაჩალიკაშვილის ძმისშვილი დაკითხეს, ორი მუხლით მიმდინარეობს.

  1. სსკ-ის 323 პრიმა

ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, ჩადენილი ტერორისტული მიზნით.

2. სსკ-ის 18-323

ტერორისტული აქტის მომზადება

როგორც მუხლების შემადგენლობიდან ჩანს, 323 პრიმას შემადგენლობისთვის საჭიროა, რომ ფიგურანტს ტერორისტული მიზნებისთვის  იარაღი ან ასაფეთქბელი საშუალება ჰქონდეს.

რაც შეეხება 18-323-ს, ანუ ტერორისტული აქტის მომზადებას.

სისხლის სამართლის კოდექსის მე-18 მუხლის მიხედვით, “დანაშაულის მომზადებად ითვლება დანაშაულის ჩადენისათვის პირობების განზრახ შექმნა”. სწორედ ტერაქტის მომზადებაზეა საუბარი სუს-ის მიერ დღეს გახმაურებულ საქმეში.

რა იგულისხმება დანაშაულის ჩადენისათვის პირობების განზრახ შექმნაში? – კანონმდებლობაში ეს საკითხი უფრო მეტად განმარტებული არ არის, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ სისხლის სამართალი ქმედებების სამართალია და არა აზრების, სისხლის სამართლის მიმართულებით მომუშავე მეცნიერები თანხმდებიან, რომ ამ დანაშაულის შემადგენლობის ჩამოყალიბებისათვის განზრახვასთან ერთად აუცილებელია გარკვეული ქმედებების არსებობაც. დანაშაულის მომზადების არსზე უფრო მეტი წაიკითხეთ აქ.

ჯერჯერობით სუს-ს არ გაუცია პასუხი კითხვაზე, მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბარს (ჩანაწერის ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში) მოჰყვა თუ არა რაიმე ტიპის ქმედებები; მართლაც იმყოფებოდა თუ არა მორის მაჩალიკაშვილი სოსო გოგაშვილის მამის საფლავზე, მოიპოვა თუ არა რაიმე ტიპის ინფორმაცია, დაგეგმა თუ არა შემდგომი ქმედებები და, რაც მთავარია, ჰქონდათ თუ არა შესაბამისი იარაღი;

ნახეთ ასევე:

5 შეკითხვა, რომელიც მაჩალიკაშვილზე სუს-ის ბრიფინგმა გააჩინა

მასალების გადაბეჭდვის წესი