ახალი ამბები

ჩვენი თანხმობის გარეშე ბაქო-თბილისი-ყარსს რუსეთი ვერ შეუერთდება — ბახტაძე

10 მაისი, 2019 • 2011
ჩვენი თანხმობის გარეშე ბაქო-თბილისი-ყარსს რუსეთი ვერ შეუერთდება — ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას საქართველოს თანხმობის გარეშე ვერავინ — შესაბამისად, ვერც რუსეთი — შეუერთდება და ამ პროექტში რაიმე ცვლილება არ იგეგმება.

6 მაისს რუსეთის რკინიგზის (სახელმწიფო უწყების) ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა პრესრელიზი, რომლის თანახმადაც რუსეთის, თურქეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა ანკარაში ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს „რკინიგზის განსავითარებლად“.

ამ ცნობის თანახმადვე, „მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივ მოქმედებებს ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტზე რეგულარული სარკინიგზო გადაზიდვების უზრუნველსყოფად“… პრესრელიზში ასევე წერია, რომ მხარეები განიხილავენ შესაძლებლობებს,  აშენდეს დამატებით 76კმ-იანი, 1520 მმ სიგანის სარკინიგზო ხაზი ახალქალაქი-ყარსის მონაკვეთზე, თურქეთის ტერიტორიაზე; ასევე, ტერმინალი და ლოჯისტიკური ცენტრი ყარსში.

10 მაისს პრესკონფერენციაზე ამ საკითხთან დაკავშირებით რუსთავი2-ის კითხვაზე პასუხად ბახტაძემ განაცხადა:

„ფაქტი არის ერთი რაღაც — საქართველოს გარეშე ამ პროექტის [ბაქო-თბილისი-ყარსი] შემოერთება არის გამორიცხული… თქვენ ეს ფიზიკურად როგორ წარმოგიდგენიათ? გარდა იმისა, რომ არსებობს სამმხრივი ხელშეკრულება აზერბაიჯანს, თურქეთსა და საქართველოს შორის, რომელიც განსაზღვრავს, რომ სამივე ქვეყნის თანხმობაში შეიძლება მსგავსი რამ მოხდეს, ფიზიკურად როგორ წარმოგიდგენიათ, რომ საქართველოს გარეშე მოხდეს ამ პროექტის ან ცვლილება, ან იმდაგვარი განვითარება, რომელიც შეიძლება არ შეესაბამებოდეს ჩვენს ინტერესებს? ეს არის გამორიცხული პოლიტიკურადაც, საერთაშორისო სამართლის მიხედვითაც და ფიზიკურადაც“, — განაცხადა ბახტაძემ.

„ამ პროექტში რაც არის მნიშვნელოვანი, და, ბუნებრივია, ჩვენ ამას ყოველთვის მხარს დავუჭერთ, ეს არის ის, რომ საქათველოს ტერიტორიაზე მოხდეს ორი სტანდარტის რკინიგზის შეერთება ახალქალაქში. სწორედ ახალქალაქში იყოს გადატვირთვის პუნქტი, რაც საშუალებსა მოგვცემს, რომ უფრო სრულფასოვანი სერვისი შევთავაზოთ ყველას, ვისაც ექნება ინტერესი, რომ დერეფანში მოიზიდოს უფრო მეტი ტვირთი. პროექტი არის სწორედ ამ საინჟინრო გადაწყვეტილებით გაკეთებული და პროექტი ასევე დასრულდება“…

„რაც შეეხება ამა თუ იმ ქვეყნის გადაწყვეტილებას, ეს არის მათი სუვერენული უფლება, თავის ტერიტორიაზე რას და როგორ ააშენებს. მე ვიცი ერთი რაღაც, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტზე როდესაც ვსაუბრობთ, აქ საქართველოს პოზიცია არის მნიშვნელოვანი, ისევე როგორც დანარჩენი ორი ქვეყნისა და საქართველოს თანხმობის გარეშე ამ პროექტში არავითარი ცვლილება არ მოხდება და ასეთი რამ არც იგეგმება“, — განაცხადა ბახტაძემ.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას ევროპასთან აკავშირებს, ათწლეულების განმავლობაში მოლაპარაკებებისა და მშენებლობის შემდეგ, 2017 წელს გაიხსნა. მაგისტრალის აშენების მიზანი იყო შექმნილიყო ალტერნატიული — მოკლე და იაფი — სატრანსპორტო დერეფანი ევროპისკენ. პროექტი რუსეთსა და სომხეთს გვერდს უვლის.

მასალების გადაბეჭდვის წესი