ქართულ აეროპორტებში ფრანგული საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლებიც იმუშავებენ

საფრანგეთის ქალაქებში გამგზავრების მსურველებს საქართველოს აეროპორტებში ფრანგული საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლები, ხოლო საფრანგეთის აეროპორტებში – ქართული საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლები შეამოწმებენ. ფრანგულ და ქართულ მხარეებს შორის ხელშეკრულება დღეს გაფორმდა.

საფრანგეთი საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების გაზრდილ რაოდენობაზე საუბრობს  და აცხადებს, რომ ანომალიაა უსაფრთხო ქვეყნიდან ყველაზე მეტი ადამიანის მიღებაზე.

შს მინისტრ გიორგი გახარიას განმარტებით, უვიზო მიმოსვლა საქართველოს ყველაზე დიდი მონაპოვარია ბოლო წლებში, რაც შენარჩუნებას და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს.

“სწორედ ასეთი ნაბიჯები გადავდგით ჩვენით, დამოუკიდებლად, მაგალითად, ქუთაისიდან პარიზის მიმართულების რეისზე, რომელსაც ვიზეარი ახორციელბს. თუმცა ეს ახლა ოფიციალურად გაფორმდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ფრანგული საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლები საქართველოში იქნებიან წარმოდგენილი, ხოლო ქართული საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლები –  პარიზში, ლიონსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში, სადაც პირდაპირი ფრენებია [საქართველოს მიმართულებით]. ეს იმისთვის, რომ წინასწარ მოვახერხოთ იმ რისკების შეფასება, რომელიც შესაძლოა არსებობდეს შემდგომ თავშესაფრის მოთხოვნის კონტექსტში.

ძირითადი ნაწილი აქ პრევენციაზე მუშაობაა. ასევე, რა თქმა უნდა, ტერორისტული გამოწვევები, რომელსაც ასევე პრევენციულად ერთად უნდა ვებრძოლოთ. ამიტომ ჩავთვალეთ, რომ ეს ხელშეკრულება იქნება კიდევ ერთი პრაქტიკული, წინ გადადგმული ნაბიჯი, ვიყოთ უფრო ეფექტიანები ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში, უფრო მეტად დავაზღვიოთ ერთმანეთი თავშესაფრის მაძიებელთა კონტექსტში და ნაკლები პრობლემები შევუქმნათ ქართულ-ფრანგულ საიმიგრაციო სამსახურებს. და, რა თქმა უნდა, ტრანსსასაზღვრო დანაშაული, რომელიც ძალზედ დიდ რისკებს ქმნის ტერორისტული მიმართულებითაც”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამავე თემაზე ვრცლად:

ეს ჩვენი თავის ტკივილია – საფრანგეთის მინისტრი საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლებზე

საფრანგეთში ქართველების დანაშაულებზე საქართველოს 2 ოფიცერი იმუშავებს – გახარია

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.