ახალი ამბებიეკონომიკა

EU-ში ექსპორტი მცირდება, რუსეთში იზრდება – რა დახმარება სჭირდებათ მეწარმეებს?

10 მაისი, 2019 • 4481
EU-ში ექსპორტი მცირდება, რუსეთში იზრდება – რა დახმარება სჭირდებათ მეწარმეებს?

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის მაჩვენებელი შემცირებულია. ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, პარტნიორების მოძიებაში მხარდაჭერა – ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ საკითხებისა, რაშიც მეწარმეებს ევროკავშირში ექსპორტის მიმართულებით მხარდაჭერა სჭირდებათ.

ევროკავშირში ექსპორტის ძირითადი მაჩვენებლები

საქსტატის მონაცემებით, 2014 წლიდან ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის მოცულობა იზრდებოდა, გამონაკლისს წარმოადგენდა 2016 წელი, როცა ექსპორტის მოცულობა თითქმის 80 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. გასულ წელს ევროკავშირში ექსპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 730 მლნ აშშ დოლარი დაფიქსირდა.

როგორც გრაფიკიდან ჩანს, 2018 წელს დაახლოებით 100 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა 2014 წელთან შედარებით, თუმცა 2019 წლის პირველი კვარტალში ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი 6.4%-ით შემცირდა და 196 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მაშინ როცა 2018 წელს იმავე პერიოდში ექსპორტის მოცულობა დაახლოებით 209 მლნ აშშ დოლარი იყო.

ევროკავშირის ქვეყნებთან ექსპორტის შემცირების ფონზე მიმდინარე წლის პირველ კვარტალში დსთ-ის ქვეყნებთან ექსპორტის მაჩვენებელი 37.4%-ით გაიზარდა, შედეგად, საქართველოს მთლიანი ექსპორტის ნახევარი დსთ-ის ქვეყნებზე მოდის.

რაც შეხება სხვა მაჩვენებლებს, 2019 წლის პირ­ვე­ლი კვარ­ტლის მონაცემები აჩვენებს, რომ საქარ­თვე­ლოს სა­ექ­სპორ­ტო ქვეყ­ნე­ბის ხუთეულში ­ევროკავშირის წევრი მხოლოდ ერთი ქვეყანა – ბულგარეთი მოხვდა.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) თანახმად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ევროკავ­ში­რის შე­და­რე­ბით სტა­ბი­ლუ­რი ბაზ­რის წი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპორ­ტის მაჩვენებლებში მუდ­მი­ვად მზარ­დი იყ­ოს, რაც ზო­გა­დად ექ­სპორტის მეტ სტა­ბი­ლუ­რო­ბას შეუწყობს ხელს. ამასთან, ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ეს ფაქ­ტო­რი სა­ქარ­თვე­ლოს ეკონომიკ­ის სტა­ბი­ლურო­ბის ერთ-ერ­თი ელ­ემ­ენ­ტიც იქ­ნე­ბა.

EPRC-ის მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით, რომელიც ას­ოც­ირ­ებ­ის დღის წეს­რი­გის სამოქ­მე­დო გეგ­მის ექ­სპორ­ტის ხელ­შეწყო­ბის კომ­პო­ნენ­ტის შე­ფა­სე­ბას ეხება, წერია, რომ მთლიან ექსპორტში ევროკავშირის ქვეყნების წილის ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად იზრდება რუსეთის წილიც.

თუ 2006 წელს, რო­ცა რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფოს მი­ერ გა­მოცხა­დე­ბულ­მა ემ­ბარ­გომ საქართველოს ეკ­ონ­ომ­იკ­ას მძიმე დარ­ტყმა მი­აყ­ენა, რუ­სე­თის ბაზ­რის წი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ექსპორ­ტში 8% იყო, 2014 წლის შემ­დეგ ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მუდ­მი­ვად იზ­რდე­ბა და 2018 წელს ეს წი­ლი 13%-ს, 2019 წელს კი უპ­რე­ცე­დენ­ტოდ მა­ღალ, 16%-ს აღ­წევს.

[red_box]რა ტიპის დახმარება სჭირდებათ მეწარმეებს EU-ში ექსპორტისთვის?[/red_box]

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა (EPRC) გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც ასოცირების დღის წესრიგის სამოქმედო გეგმის ექსპორტის ხელშეწყობის კომპონენტის შეფასებას ეხებოდა. სწორედ ამ კვლევის ფარგლებში ჰკითხეს მეწარმეებს იმ საჭიროებების შესახებ, რაც ევროკავშირის ბაზარზე გასვლაში სჭირდებათ.

კვლევაში მონაწილეობა 69 მე­წარ­მემ მი­იღო. ორგანიზაციის ინფორმაციით, ყვე­ლა მათ­გა­ნი მცი­რე ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია. EPRC-ის ცნობით, გამოკითხულები სხვადასხვა დარგში მოღვაწეობენ: ღვინის წარმოება, ჩირის, თხილის, თაფლის, რძისა და რძის პროდუქტებისა, ჩაის წარმოება და სხვა.

გა­მო­კითხულ­თა 23,2% ამ­ბობს, რომ აქ­ვს ექ­სპორ­ტის გა­მოც­დი­ლე­ბა; 76,8%-ს ას­ეთი გა­მოცდი­ლე­ბა არ აქ­ვს, თუმ­ცა, ამ­ას­თა­ნა­ვე, რეს­პონ­დენ­ტთა 87%-ის თქმით, ექ­სპორ­ტის წარ­მოება მათ სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ში შე­დის.

გამოკითხული მეწარმეები ექსპორტის შემაფერხებელ ორ ძირითად ფაქტორს – ფინანსებსა და წარმოების მცირე მასშტაბს ასახელებენ.

კვლევის მიხედვით, გა­მო­კითხვის შე­დე­გად გა­მოკ­ვე­თილ ბიზ­ნეს-მო­ლო­დი­ნებს შო­რის რამ­დე­რამდენი­მე ჯგუფი შე­იძ­ლე­ბა გა­მოვ­ყოთ:

ფი­ნან­სებ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა − რეს­პონ­დენ­ტე­ბი პირ­ველ რიგ­ში აქ­ცენ­ტს აკ­ეთ­ებ­ენ ფინანსებზე და მი­აჩ­ნი­ათ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ხე­ლი უნ­და შე­უწყოს მცი­რე და სა­შუალო ბიზნესის­თვის ფი­ნან­სებ­ზე წვდო­მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით უფ­რო მე­ტი მო­ლო­დი­ნი არ­ის გრან­ტე­ბის და ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, თუმცა ას­ევე გვხვდე­ბა მოსაზრე­ბე­ბი შე­ღა­ვა­თი­ანი კრე­დი­ტე­ბის ხელ­შეწყო­ბას­თან და­კავში­რე­ბით.

და­ფი­ნან­სე­ბებ­თან დაკავშირებით რეს­პონ­დენ­ტებ­მა ხა­ზი ასევე გა­უს­ვეს, რომ მათ სჭირდე­ბათ ხა­რის­ხი­ანი ბიზ­ნეს-გეგ­მე­ბის შექ­მნა­ში დახ­მა­რე­ბა, რო­მე­ლიც გაუიოლებდათ ბან­კებ­თან ურთიერ­თო­ბას;

დახ­მა­რე­ბა ლა­ბო­რა­ტო­რი­ული კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­სა და სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა­ში − ერთ-ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბა ბიზ­ნე­სის მო­ლო­დი­ნებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით ეს ეხ­ება სოფ­ლის მეუურ­ნე­ობ­ის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებს, არ­ის, რომ სა­ხელ­მწი­ფო შექ­მნის თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტის ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­ს. ლაბორატო­რი­ული მომ­სა­ხურე­ბის უფ­რო მეტ ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა­ში, ას­ევე − სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის პრო­ცე­სის გავ­ლა­ში ბიზ­ნესს ან ფი­ნან­სუ­რად დაეხმარება, ან ტექ­ნი­კუ­რად.

მე­წარ­მე­თა სა­ჭი­რო­ებ­ებ­ის და პრი­ორ­იტ­ეტ­ული დარ­გე­ბის კვლე­ვა − ბიზ­ნე­სის ნა­წი­ლი თვლის, რომ სა­ხელ­მწი­ფომ უკ­ეთ უნ­და გა­მო­იკ­ვლი­ოს ბიზ­ნე­სის სა­ჭი­რო­ებ­ები ექ­სპორტის მიმართულებე­ბით და სა­ექ­სპორ­ტო პო­ტენ­ცი­ალ­ის მქო­ნე დარ­გე­ბი. მა­გა­ლი­თად, იყო მოსაზრება, რომ სა­სურ­ვე­ლია სა­ექ­სპორ­ტო ბაზ­რებ­ზე სა­ხელ­მწი­ფომ გა­მო­იკ­ვლიოს, სა­ქარ­თვე­ლო­დან რა ტი­პის პრო­დუქ­ტის ექ­სპორ­ტი იქ­ნე­ბა ამ ბა­ზარ­ზე კონ­კუ­რენტუ­ნა­რი­ანი, რად­გან მსგავ­სი მარ­კე­ტინ­გუ­ლი კვლე­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მცი­რე და საშუ­ალო ბიზ­ნესს თა­ვად არ აქვს.

დახ­მა­რე­ბა პარ­ტნი­ორ­ებ­ის მო­ძი­ებ­აში − მცი­რე და სა­შუ­ალო ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენლე­ბი თვლი­ან, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ხელ­მწი­ფომ გა­უწი­ოს დახ­მა­რე­ბა პარ­ტნიორ­ებ­ის მო­ძი­ებ­აში ექ­სპორ­ტის გან­სა­ხორ­ცი­ელ­ებ­ლად. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და­სა­ხელე­ბუ­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო და ად­გი­ლობ­რი­ვ გა­მო­ფე­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­ის ხელ­შეწყო­ბა.

ბიზ­ნე­სის კო­ორ­დი­ნი­რე­ბის ხელ­შეწყო­ბა − გა­მო­კითხვის დროს ერთ-ერთ მნიშ­ვნე­ლოვან პრობ­ლე­მად გა­მო­იკ­ვე­თა ერ­თგვა­რო­ვა­ნი პრო­დუქ­ცი­ის სიმ­ცი­რე. ამ პრობ­ლე­მის აღმოსაფხვრე­ლად გა­მოთ­ქმუ­ლი იყო მო­საზ­რე­ბე­ბი, რომ სა­ხელ­მწი­ფომ ხე­ლი უნ­და შე­უწყოს ერ­თგვა­რო­ვა­ნი პორ­დუქ­ცი­ის მწარ­მო­ებ­ელი კომ­პა­ნი­ებ­ის კო­ორ­დი­ნა­ცი­ას.

ტრან­სპორ­ტი­რე­ბა­ში დახ­მა­რე­ბა, ევ­რო­პა­ში ერ­თი­ანი სა­საწყო­ბე პუნ­ქტის შექ­მნა − გადაზიდვე­ბის სიძ­ვი­რე ექ­სპორ­ტის­თვის ერთ-ერთ შე­მა­ფერ­ხე­ბელ ფაქ­ტო­რად იყო დასახელებუ­ლი. ბიზ­ნე­სი ხაზს უს­ვამს ამ პრობ­ლე­მას, თუმ­ცა გა­დაჭ­რის გზებს ნაკ­ლე­ბად ხე­დავს. ერთ-ერ­თი რე­კო­მენ­და­ცია უკ­ავ­შირ­დე­ბო­და სა­ხელ­მწი­ფოს მი­ერ ევ­რო­პა­ში სა­საწყო­ბე ინფრატრუქ­ტუ­რის მოწყო­ბას, სა­იდ­ან­აც უფ­რო ად­ვი­ლად მოხ­დე­ბა ტრანსპორ­ტი­რე­ბა სხვადასხვა ქვე­ყა­ნა­ში.

ინ­ფორ­მი­რე­ბა და გა­ნათ­ლე­ბა − არ­ცთუ მცი­რე ად­გი­ლი უკ­ავია ბიზ­ნე­სის მო­ლო­დი­ნებ­ში ბაზრების შე­სა­ხებ ინ­ფორ­მი­რე­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის სურ­ვილს. არ­ის სა­უბ­არი რო­გორც კონკრეტუ­ლი ბაზ­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­აზე, ას­ევე ბიზ­ნეს-უნ­არ­ებ­ის, სა­ექ­სპორ­ტო ბაზ­რე­ბის კა­ნონ­მდებ­ლო­ბე­ბის, სტან­დარ­ტე­ბის, ბიზ­ნეს-გეგ­მე­ბის და სხვა თე­მე­ბის შესა­ხებ ცოდ­ნის მი­ღე­ბის სურ­ვილ­ზე.

[yellow_box]რას ამბობენ მეწარმეები[/yellow_box]

კომპანია “ნატახტარის” კორპორაციული დირექტორი ნიკოლოზ  ქუმზაქიშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ 2018 წელს 23 მლნ ლიტრის ექსპორტი განხორციელეს, აქედან 30% ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა. მისივე თქმით, ის სტანდარტები, რასაც ქართულ პროდუქტს ევროკავშირი უწესებს, შიდა ბაზრისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან ამ სტანდარტების დანერგვის შემდეგ, ადგილობრივ ბაზარზეც უფრო ხარისხიანი პროდუქცია გაიყიდება.

“ფეხბურთს შევადარებდი, ევროკავშირი არის უმაღლესი ლიგა და ჩვენ ისევ მეორე ლიგაში ვთამაშობთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი სტანდარტები და ცოდნა. ზოგადად მიმაჩნია, რომ ექსპორტის ნაწილში სახელმწიფო აქტიურად უნდა იყოს ჩართული, მათ შორის მარკეტინგის მიმართულებით.”

ღვინის კომპანია “ლუკასის’ დამფუძნებელმა ქეთი გერსამიამ ნეტგაზეთს უთხრა, რომ წარმოებული ღვინის ნახევარი ექსპორტზე გააქვთ, აქედან დაახლოებით 20% უშუალოდ ევროკავშირის ქვეყნებში. როგორც ის ამბობს, მცირე კომპანიებს, როგორიც “ლუკასია”, ექსპორტის ნაწილში ყველაზე მეტად ლოჯისტიკის ხარჯების დაფარვა უჭირს. შესაბამისად,  ღვინის ევროპაში გაგზავნა, თან ისეთი მცირე რაოდენობის, როგორსაც მისი კომპანია აწარმოებს, ძალიან ძვირია.

“ვფიქრობ, სახელმწიფო უნდა აკონტროლებდეს, რა ხარისხის ღვინო გადის უცხოეთში, რათა თავიდანვე სწორად ვიყოთ წარმოდგენილი იქ. ამ შემთხვევაში მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებს არ ვგულისხმობ. ჩვენი კომპანია ახალი დაფუძნებულია 2013 წელს და ნელ-ნელა მივდივართ იქითკენ, რომ ევროკავშირის ქვეყნებში უფრო მეტი გავყიდოთ.”

გიორგი ხატიაშვილი ფერმერია, მას სიღნაღის მუნიციპალიტეტ სოფელ ტიბაანში ვენახები აქვს, სადაც სასუფრე ჯიშების ყურძენს აწარმოებს. როგორც ის ამბობს, ჯერჯერობით მთლიან მოსავალს ადგილობრივი ბაზარზე ყიდიან, თუმცა პროდუქციის გაყიდვა სურს ევროკავშირის ქვეყნებში. ფერმერის თქმით, ექსპორტზე გასატანად სამაცივრე სისტემის დაყენებაა საჭირო, რათა მოსავლის შენახვა შეძლოს, რადგან მაცივრის გარეშე ყურძენს მხოლოდ სეზონურად ყიდიან, ამ დროს კი ფასი დაბალია.

“უკვე დაწყებული გვაქვს სამაცივრე მეურნეობის მშენებლობა, ჩემმა შვილმა გარკვეული დახმარება მიიღო დანიის მთავრობისგან პროგრამა “ახალგაზრდა მეწარმის” ფარგლებში. ეს პროგრამა არა მხოლოდ სამაცივრე მეურნეობის მშენებლობაში, არამედ მის აღჭურვაშიც გვეხმარება. ეს არის თანადაფინანსების პრინციპზე მიღებული გრანტი. დაახლოებით 30 ჯიშის ყურძენი გვაქვს, ეს ჯიშები შემოვიტანეთ კალიფორნიიდან, საბერძნეთიდან, იტალიიდან და ავსტრიიდან. მოკლედ, საკმაოდ მრავალფეროვანი ასორტიმენტი გვაქვს, რაც, ვფიქრობთ, მიმზიდველი იქნება მომხმარებლისთვის. ევროკავშირის ბაზარზე ამ ყურძენზე მოთხოვნა ძალიან დიდია, ნიმუშები წაღებული გვქონდა ბალტიის ქვეყნებში, ესტონეთსა და ლატვიაში, და იქ ძალიან მოეწონათ. ამ ეტაპზე ორი ამოცანა გვაქვს, ერთი- შენახვის პირობების გახანგრძლივება და მეორე- სტაბიულური რაოდენობის წარმოება, რათა ჩვენი პროდუქტის შესყიდვა ევროკავშირის ბაზრისთვის საინტერესო იყოს. სავაჭრო პარტნიორები ფაქტობრივად მოძიებული გვყავს, ერთადერთი შემაფერხებელი იქნება შესაბამისი ფიტოდოკუმენტების მიღება. ვფიქრობთ, ეკონომიკისა და სოფლიოს მეურნეობის სამინისტროს დახმარებით მალე დავიწყებთ ინფორმაციის მოძიებას, რა პროცედურები უნდა გავიაროთ,”-ამბობს გიორგი ხატიაშვილი.

ნეტგაზეთის კითხვაზე, რატომ სურს ევროკავშირის ქვეყნებში გაიტანოს პროდუქცია, ფერმერი პასუხობს, რომ ეს არის სტაბილური ბაზარი, სადაც მყიდველს მწარმოებელი ენდობა. განსხვავებით პოსტსაბჭოური ბაზრისგან, სადაც ერთ დღეს შეიძლება იყიდონ, მეორე დღეს-არა. “ჩვენ ევროკავშირს შორეულ პერსპექტივაშიც ვუყურებთ და ვფიქრობთ, როცა იმ ბაზარზე დავმკვიდრდებით, წარმოების გაზრდასაც შევძლებთ”.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის, ხატია წილოსანის თქმით, ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის ზრდის ნაწილში სახელმწიფოს მთავარი ფუნქციაა საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება და  მეწარმეებისთვის სტანდარტებზე ინფორმაციის მიწოდება.

“ძირითადი გამოწვევა, რასაც ქართველი მცირე მეწარმეები აწყდებიან ევროპის ბაზარზე, ეს არის საკმარისი რაოდენობის ერთგვაროვანი პროდუქციის მიწოდება. ეს ნიშნავს, რომ ერთი სახეობის პროდუქტი, რომელიც უწყვეტად, ერთნაირი ხარისხით შეიძლება იქნას მიწოდებული ბაზარზე, არის რეალური გამოწვევა დღევანდელი ქართული წარმოებისთვის. პირობითად, თაფლი რომ ავიღოთ, თუ თაფლის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე დაიწყება, საჭიროა დამკვეთმა თაფლი უწყვეტად მიიღოს ისე, რომ ის იყოს ერთი და იგივე ოდენობისა და ხარისხის,”-აცხადებს წილოსანი.

EPRC-ის თანახმად, ერ­თგვა­რო­ვა­ნი პრო­დუქ­ცი­ის პრობ­ლე­მის დაძ­ლე­ვის ერთ-ერ­თი გზა, ბიზ­ნე­სის გამსხვი­ლე­ბის გარ­და, კო­ოპ­ერ­ატ­ივ­ებ­ის და დარ­გობ­რი­ვი ას­ოცი­აცი­ებ­ის შექმნაა. ამასთან, კვლევაში წერია, რომ ქვე­ყა­ნას არ აქ­ვს შე­სა­ბა­მი­სი მო­ცუ­ლო­ბის და სტან­დარ­ტის სა­ექ­სპორ­ტო პრო­დუქ­ცია, ეს კი ექსპორტის ზრდას უშლის ხელს.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის შეფასებით, ფი­ნან­სუ­რი ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა ექსპორ­ტზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სის მთა­ვა­რი პრობლე­მაა, ხოლო ერ­თე­ული დახ­მა­რე­ბის პრო­ექ­ტე­ბი, რო­გო­რი აქ­ტი­ურ­იც არ უნდა იყ­ოს ის­ინი, ვერ მო­ახ­დენს ბიზ­ნეს-გა­რე­მო­ზე გა­დამ­წყვეტ ზე­მოქ­მე­დე­ბას. ექსპორტის მიმართულებით რეალური შედეგის მისაღებად, EPRC-ში მიაჩნიათ, რომ ქვე­ყა­ნა­ში ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ტი­კა უნდა ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს ბიზ­ნეს-სესხე­ბის ხელმისაწ­ვდო­მო­ბის ზრდას და მათ გაიაფებას. ამ­ის­თვის კი აუცი­ებ­ელია იაფი საკ­რე­დი­ტო ხაზების მო­ძი­ება.

ნეტგაზეთის კითხვაზე, რატომ არ იზრდება DCFTA-ის პირობებში ექსპორტი და რატომ გვაქვს პირველ კვარტალში მნიშვნელოვანი კლება, წილოსანი პასუხობს, რომ სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით სახელმწიფო მცირე ბიზნესს ეხმარება, ხოლო თითოეული მეწარმე რომელ ქვეყანაში გაყიდის საკუთარ პროდუქციას, ეს მათი გადასაწყვეტია.

“თქვენ არასწორად აყენებთ საკითხს. მწარმოებელი იღებს გადაწყვეტილებას, სად გაყიდოს პროდუქცია. იმ შემთხვევაში იქნებოდა პასუხისმგებლობის დიდი წილი სახელმწიფოზე, ჩვენ რომ არ ვდგამდეთ წინმსწრებ ნაბიჯებს, რათა მეწარმეებს ჰქონდეთ საშუალება, გაყიდონ საკუთარი პროდუქცია. მაგალითად, მცენარეული წარმოშობის პროდუქტები შეუფერხებლად გადის ევროპის ბაზარზე, ასევე ძალიან აქტიურად იყიდება კენკროვანი კულტურები. სახელმწიფო სხვადასხვა პროექტის, მაგალითად, “დანერგე მომავალის” პროექტით მხარს უჭერს მეწარმეებს. ამ პროგრამაში კენკროვანი კულტურების მხარდაჭერა ხდება. შემიძლია გითხრა, რომ ნერგების ღირებულების 70% და  წვეთოვანი სარწყავი სისტემის დამონტაჟების 50% ხარჯები [რასაც სახელმწიფო უფარავს],   ნამდვილად არ არის მცირე რაოდენობა,”-ამბობს ხატია წილოსანი.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის დირექტორის მოადგილე ირინა გურული ამბობს, რომ მეწარმეებისთვის დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტი  გაცილებით მატივია, რადგან იქ, ევროკავშირისგან განხვავებით, გარკვეული სტანდარტები არ მოეთხოვებათ, შესაბამისად, ვიღებთ ექსპორტის გაზრდილ მაჩვენებელს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში.

“ევროკავშირის ბაზარზე ხშირად იყო ერთჯერადი ექსპორტი, შეგვიძლია ვთქვათ, ესპერიმენტული, თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ იქ ფეხის მოკიდება რთულია და შემდეგ მწარმოებლები ისევ ტრადიციულ ბაზრებს უბრუნდებიან. ესეც შეიძლება იყოს პირველ კვარტალში (2019 წლის) ექსპორტის შემცირების მიზეზი. სახელმწიფოს პროგრამები მეწარმეებს უფრო მეტად უნდა ეხმარებოდეს DCFTA-ით განსაზღვრული სტანდარტების დანერგვაში. რაც შეეხება რუსეთზე ექსპორტდამოკიდებულების ზრდას, ამ ქვეყანასთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება პოლიტიკურ დამოკიდებულებას იწვევს,”-აცხადებს ირინა გურული.

ღრმა და ყოვლის­მომ­ცვე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ვაჭ­რო სივ­რცის შე­სა­ხებ შეთანხმე­ბა

2014 წელს ხე­ლი მოეწერა სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის ას­ოცირ­ებ­ის შე­თან­ხმე­ბას, რომ­ლის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ნა­წი­ლია ევ­რო­კავ­შირ­თან ღრმა და ყოვლის­მომ­ცვე­ლი თავისუფალი სა­ვაჭ­რო სივ­რცის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბა (DCFTA). DCFTA საქარ­თვე­ლოს აძ­ლევს სა­შუ­ალ­ებ­ას, ეტ­აპ­ობ­რი­ვად მი­იღ­ოს ევ­რო­კავ­ში­რის ში­და ბაზ­რის ოთხი თა­ვი­სუფ­ლე­ბი­დან სა­მი: სა­ქონ­ლის, მომ­სა­ხუ­რე­ბის და კა­პი­ტა­ლის თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­და­ად­გილე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს 2017 წლი­დან მი­ღე­ბუ­ლი აქ­ვს მე­ოთხე − თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­და­ად­გი­ლების უფ­ლე­ბა უვ­იზო რე­ჟი­მის სახით. DCFTA-ის ფარგლებში ქართული წარმოშობის ყველა პროდუქტი გარკვეული პირობების (სურსათის უვნებლობისა და პროდუქტის უსაფრთხოების სტანდარტები) დაკმაყოფილების შემთხვევაში, ნულოვანი საბაჟო ტარიფით შედის ევროკავშირის ბაზარზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი