ახალი ამბები

პრეზიდენტმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჯანრი კაშიას ბიბლიოთეკა გახსნა

10 მაისი, 2019 • 1522
პრეზიდენტმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჯანრი კაშიას ბიბლიოთეკა გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერმინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეექვსე კორპუსში ჯანრი კაშიას ბიბლიოთეკა გახსნა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჯანრი კაშიას ბიბლიოთეკა, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა, 2000-ზე მეტი უნიკალური გამოცემისგან შედგება, მათ შორისაა, საბჭოთა პერიოდში აკრძალული ლიტერატურა, თვითგამოცემები, ქართველ ემიგრანტთა გამოცემები, პერიოდიკა ქართულ და უცხოურ ენებზე, ასევე, ჯანრი კაშიას პირადი არქივი. ეროვნულმა ბიბლიოთეკამ კოლექცია ცალკე ფონდად შეინახა.

“დღეს ჩემთვის ძალიან სასიხარულო დღეა, რადგან ასრულდა ჯანრი კაშიას ოცნება. იგი წლების განმავლობაში, მთელ მსოფლიოში აგროვებდა სხვადასხვა გამოცემებსა და წიგნებს და სიცოცხლეშივე, საფრანგეთსა და ამერიკაში ცხოვრებისას, ჰქონდა სურვილი, მისი ბიბლიოთეკა ხელმისაწვდომი გაეხადა ყველასთვის. ეს ოცნება მაშინ ვერ აისრულა და როცა საქართველოში დავბრუნდით და თან წამოვიღეთ მთელი ბიბლიოთეკა. ​დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში განთავსდა მისი ბიბლიოთეკის მხოლოდ მთავარი ნაწილი, ნაწილი კი სახლში დავიტოვე, რათა ვიგრძნო, რომ ჯანრი კიდევ სახლშია და იქაც ცხოვრობს. 8 მაისს მას 80 წელი შეუსრულდებოდა და დაბადების დღისთვის ასეთი საჩუქარი მას უთუოდ გაუხარდებოდა”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა ეროვნულ ბიბლიოთეკას გასულ წლებში გადასცა ჯანრი კაშიას მიერ შეგროვილი ქართული პოლიტიკური ემიგრაციის არქივი, რომელიც დაცულია ეროვნული ბიბლიოთეკის ემიგრაციის დარბაზში, ასევე, მამის – ლევან ზურაბიშვილის პირადი ბიბლიოთეკის გამოცემები.

მასალების გადაბეჭდვის წესი