ახალი ამბები

ოჯახში 3 და მეტი ავტომობილის ფლობაზე დაწესდეს გადასახადი – რეკომენდაცია

9 მაისი, 2019 • 1092
ოჯახში 3 და მეტი ავტომობილის ფლობაზე დაწესდეს გადასახადი – რეკომენდაცია

პარლამენტის გარემოს კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფი „თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ“ ახალ თემატურ მოკვლევას აქვეყნებს. დოკუმენტში გაწერილი ერთ-ერთი რეკომენდაციის თანახმად, ეკოლოგიურად სუფთა ჰაერის წახალისების მიზნით, ოჯახში 3 ან მეტი ავტომობილის ყოლის შემთხვევაში, შესაძლოა, მოსაკრებელი განისაზღვროს.

ანგარიშში წერია, რომ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის წასახალისებლად ბევრი რამ, მათ შორის, ექსპერიმენტული ღონისძიება დაიგეგმა. ინიციატივებს შორის ვკითხულობთ:

“თბილისის მასშტაბით, მოსაკრებელი დაწესდეს ძრავის მოცულობის მიხედვით. შესაბამისად, შეღავათიანი პირობებით ისარგებლებს იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი, რომელიც უფრო ნაკლები მოცულობის ძრავის ავტომანქანას მართავს. რაც უფრო დიდი მოცულობის ძრავი აქვს ტრანსპორტს, მით მეტია გამონაბოლქვი და ჰაერის დაბინძურება. უნდა არსებობდეს წახალისება მათთვის, ვინც ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტს მართავს.

ერთ ოჯახში 3 და მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების ფლობა დამატებითი მოსაკრებლით განისაზღვროს,” – წერია მოკვლვაში.

გარდა ამისა, სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციის მიხედვით, თბილისის ძველ უბნებში, როგორიცაა, მაგალითად, სოლოლაკი, ყველანაირი ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილება უნდა აიკრძალოს.

“ეს არა მხოლოდ გააუმჯობესებს ჰაერის ხარისხს ქალაქის ცენტრში, არამედ გამოათავისუფლებს ავტოსადგომის ტერიტორიებს. შედეგად, გაფართოვდება საფეხმავლო ადგილები, მეტად განვითარდება კაფე-რესტორნების ქსელი და, შესაბამისად, გაიზრდება ტურისტული პოტენციალი,” – წერია რეკომენდაციებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი