ფაშინიანი: ბავშვების სქესობრივი განათლება აუცილებელია, შუა საუკუნეებში არ ვართ

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა 8 მაისის პრესკონფერენციაზე სომხეთში გამოცემული ახალი წიგნის “ჩემი პირადი სხეული” პრეზენტაციის დროს თავდასხმის ფაქტის შესახებ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ კომენტარი გააკეთა:

“ბავშვები იზრდებიან და ცხოვრების სხვა ეტაპზე გადადიან. მაშ, საიდან უნდა მიიღონ ინფორმაცია? ქუჩიდან? ინტერნეტში ბავშვებისთვის აკრძალული ვიდეომასალებით, პორნო-საიტებით? წავიკითხე წიგნი და მასში უცნაური ვერაფერი ვნახე. პატივისცემით ვარ განწყობილი ადამიანების მიმართ და მზად ვარ, მათი მოსაზრება მოვისმინო, რატომ არის ეს გარყვნილება. აუცილებელია, ბავშვების სქესობრივი განათლების უზრუნველყოფა. შუა საუკუნეებში ხომ არ ვართ?!

აქვე, ფაშინიანმა სომხეთში უფროსების მიერ ბავშვებისთვის გინების სწავლების ფენომენის შესახებაც ისაუბრა.

“მოდის სტუმარი და ეუბნებიან ბავშვს, აბა, შეაგინე. ისიც იგინება და იწყება სიცილ-ხარხარი. რატომღაც ამ ფენომენს არავინ უწოდებს გარყვნილებას”.

4 მაისს ერევნის კაფე “ბუკინისტში” წიგნის პრეზენტაცია, სახელწოდებით “ჩემი პირადი სხეული,” იმართებოდა, რა დროსაც შენობაში კაცების ჯგუფი შეიჭრა და ორგანიზატორებს კვერცხები ესროლა. ამავე დროს, ადამიანების ჯგუფი სოციალურ ქსელებში წიგნის ავტორის მიმართ სიძულვილს აღვივებდა. ინციდენტი მკაცრად დაგმო ქვეყნის შრომისა და სოციალური საკითხების მინისტრმა ზარუი ბატოიანმა.

მოგვიანებით “სექსუალური ძალადობის კრიზისულმა ცენტრმა” განაცხადა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მათი ორგანიზაციის წევრებიც და მათი ოჯახებიც თავდასხმების ობიექტები გახდნენ.

სქესობრივი განათლების თემა სადისკუსიო საკითხია საქართველოშიც.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი