ახალი ამბები

დამაკავებენ? პროტესტს ჩემი მეუღლე გააგრძელებს – მაჩალიკაშვილი

8 მაისი, 2019 • 871
დამაკავებენ? პროტესტს ჩემი მეუღლე გააგრძელებს – მაჩალიკაშვილი

მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, მისი დაკავების შემთხვევაში, პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული შვილის საქმის გამოძიების მოთხოვნით პროტესტს თავისი მეუღლე გააგრძელებს. ამის შესახებ მან “TV პირველის” ეთერში ისაუბრა.

გადაცემა “პოლიტმეტრის” წამყვანის რეპლიკაზე –  “ეს საქმე, რაზეც თქვენ ასე ღელავთ, ჯერჯერობით უპასუხოა, თუმცა თქვენ გაქვთ იმედი, რომ საქმე სტრასბურგში მოხვდება” – მაჩალიკაშვილმა უპასუხა:

“აუცილებლად, ამაში ორი აზრი არ არის. [საქმე] სტრასბურგში მოხვდება და ყველაფერი გაირკვევა. აგერ, მე ვდგავარ კარვებთან. დამაკავებენ? ჩემი მეუღლე, მედიკო მარგოშვილი გააგრძელებს პროტესტს. ეს პროტესტი არ შეჩერდება, სანამ არ იტყვის სახელმწიფო: დიახ, ჩვენ დავაშავეთ”.

გუშინ, 7 მაისს, სუს-მა ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ მოსახლეობისთვის ტერორისტული საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით წარმოებული ღონისძიებების ფარგლებში გამოავლინა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის თაობაზე.

სუს-ის თქმით, სწორედ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, ცნობილი გახდა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს განზრახული ჰქონდა ტერორისტული აქტის ჩადენა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით კი, გავრცელებული ჩანაწერი ფაბრიკაციაა და მის ნათესავთან ამ საკითხზე არ უსაუბრია.


19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, შუბლის არეში სპეცრაზმელის გასროლილი ტყვიით თავის არეში დაიჭრა. მაჩალიკაშვილი 10 იანვარს საავადმყოფოში გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავების მომენტში მაჩალიკაშვილი სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ყუმბარის ამოქმედებას ცდილობდა. ვერსიას დაჭრილის ოჯახი კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მას მძინარე მდგომარეობაში ესროლეს.

5 შეკითხვა, რომელიც მაჩალიკაშვილზე სუს-ის ბრიფინგმა გააჩინა

მასალების გადაბეჭდვის წესი