სუს-მა შეძლო უმძიმესი დანაშაულის პრევენცია – ბახტაძე მაჩალიკაშვილის საქმეზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მადლობას უხდის. პრემიერის თქმით, სუს-მა უმძიმესი დანაშაულის პრევენცია შეძლო.

პრემიერი ასევე აღნიშნავს, რომ საქმის მასალები გაგზავნილია პორკურატურაში, სადაც მტკიცებულებებს სწავლობენ:

“უსაფრთხოების სამსახურმა შეძლო და პრევენცია მოახდინა უმძიმესი დანაშაულის. ჩვენ გუშინ ეს ყველამ ვიხილეთ. ამასთან ერთად, პროკურატურამ გააკეთა განცხადება. იცით, რომ მასალები გადაგზავნილია და პროკურატურა სწავლობს მტკიცებულებებს, რომელსაც, ბუნებრივია, მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები. მე მსურს გიპასუხოთ, როგორც რიგითმა მოქალაქემ. მე გუშინ დავინახე, რომ უსაფრთხოების სამსახურმა შეძლო უმძიმესი დანაშაულის პრევენცია და მათ ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო”, – თქვა პრემიერმა.


გუშინ, 7 მაისს, სუს-მა ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ მოსახლეობისთვის ტერორისტული საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით წარმოებული ღონისძიებების ფარგლებში გამოავლინა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის თაობაზე.

სუს-ის თქმით, სწორედ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, ცნობილი გახდა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს განზრახული ჰქონდა ტერორისტული აქტის ჩადენა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით კი, გავრცელებული ჩანაწერი ფაბრიკაციაა და მის ნათესავთან ამ საკითხზე არ უსაუბრია.

“აზრზე არ ვარ, სად არის გოგაშვილის მამა დაკრძალული, ან ვინ არის. მეორე, აქ ვდგავარ და იმას ვცდილობ, კანონის ფარგლებში დავსაჯო, ვინც თემირლანთან არის დამნაშავე  და ვინც მის მკვლელობაში მიიღო მონაწილეობა. მაჩხაანში რა მინდა, თუ მაგის სურვილი მაქვს, გოგაშვილი თბილისში ცხოვრობს. ასეთი საუბარი საერთოდ არ ყოფილა. ეგ არის ფაბრიკაცია, მონტაჟი”, – უთხრა რუსთავი 2-ს მაჩალიკაშვილმა.

ამავე თემაზე წაიკითხეთ:

5 შეკითხვა, რომელიც მაჩალიკაშვილზე სუს-ის ბრიფინგმა გააჩინა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.