როენა ხუცურაული და სხვა დაკავებულები იზოლატორში იმყოფებიან – შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემაში ბრალდებული, სასტუმრო “მამიდის” მფლობელი როენა ხუცურაული და სხვა დაკავებულები კანონის სრული დაცვით იზოლატორში იმყოფებიან.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, იმის გამო, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორებში ადგილი არ იყო, როენა ხუცურაული საკანს შს სამინისტროს კუთვნილ ავტომობილში ელოდა. როგორც ტელეკომპანია იუწყება, მათი გადამღები ჯგუფის მისვლამდე, ბრალდებულს ხელბორკილებიც არ ეკეთა.

იხილეთ ვიდეო:

დღეს, 8 მაისს, პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით 3 პირი, მათ შორის, როენა ხუცურაული დააკავეს. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულები მოსამართლეების განჩინების საფუძველზე დააკავეს.

“ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებულია სასტუმრო „მამიდას“ მფლობელი, 1960 წელს დაბადებული რ. ხ. – მეტსახელად „მამიდა“, ამავე სასტუმროს მოიჯარე, 1972 წელს დაბადებული ზ. ქ. – მეტსახელად „სალომე“ და სასტუმრო „გოლდის“ მფლობელი, 1976 წელს დაბადებული ნ. დ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჩატარებული ფარული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულები თავიანთ კუთვნილ სასტუმროებში ფართს, პროსტიტუციის ხელშეწყობის მიზნით, სისტემატურად აქირავებდნენ”, – წერია შსს-ს მიერ გავცელებულ განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 254-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

პროსტიტუციისთვის ხელშეწყობის ბრალდებით როენა ხუცურაული დააკავეს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.