ახალი ამბები

რომან კაკულია პარლამენტში ქობულიას მოსმენის საჭიროებას ვეღარ ხედავს

8 მაისი, 2019 • 1052
რომან კაკულია პარლამენტში ქობულიას მოსმენის საჭიროებას ვეღარ ხედავს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, რომელიც 6 მაისს მხარს უჭერდა ეკონომიკის უკვე ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას პარლამენტში მისვლას, დღეს აცხადებს, რომ ასეთ საჭიროებას ვერ ხედავს.

როგორც კაკულიამ “ნეტგაზეთს” განუცხადა, მისი აზრით, არასწორი ინტერპრეტაციის შედეგად შეიქმნა მოლოდინი, რომ ეკონომიკის ექსმინისტრს რამე ინფორმაციის გახმოვანება სურდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ გიორგი ქობულია 8-თვიანი ანგარიშის წარდგენას აპირებდა. კაკულიას თქმით, ის ვერ ხედავს აუცილებლობას, ყოფილი მინისტრების მიერ საკანონმდებლო ორგანოში ანგარიშით მისვლის პრაქტიკა დაამკვიდროს.

“[ქობულიას] უკანასკნელი განცხადებიდან გამომდინარე, მე პირადად ვეღარ ვხედავ მისი მოწვევის აზრს მხოლოდ 8 თვის განმავლობაში გაწეულ ანგარიშზე. დამატებით თუ რამე კომენტარის გაკეთებას არ აპირებს, მაშინ ჩემთვის ეს აღარ არის საინტერესო. გიორგი ქობულიას საქმიანობასთან დაკავშირებით ისედაც არ მქონია განსაკუთრებული შეკითხვები. ეს შეკითხვები შეიძლება ჰქონოდა პრემიერ-მინისტრს, რაც მისი უფლება იყო. ასე რომ, თუ იმ მოცემულობაში ვბრუნდებით, რაც იყო მისი წასვლის მომენტში, მე პარლამენტში მისი მოწვევის აუცლებლობას ვერ ვხედავ, მაგრამ კომიტეტის წევრებს ისევ შევეკითხები. ვფიქრობ, სხვების პოზიციაც ასეთია”, – განაცხადა რომან კაკულიამ.

დეპუტატის თქმით, ის პირადადაც ესაბრა გიორგი ქობულიას, რომელმაც დაუდასტურა, რომ პარლამენტში მისი საქმიანობის შეჯამება სურდა.

“განცხადების მომენტშიც ასე უთქვამს და ცოტა სხვა ინტერპრეტაცია იყო… რეაქცია იყო ისეთი, თითქოს ის აპირებდა რაღაც ახალი განცხადების გაკეთებას, რაზეც მე ვთქვი, რომ თუ რაღაც განსაკუთრებულ სიახლეს ამბობს, რატომაც არა [მოვიდეს], მაგრამ თუ 8-თვიან ანგარიშზეა საუბარი, არ მაქვს განსაკუთრებული აუცილებლობა, დავამკვიდრო პრაქტიკა, რომ ყველა წასული მინისტრი მოვიდეს და ანგარიში წარადგინოს”, – აღნიშნა კაკულიამ.

ეკონიმიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ გადაცემა “Forbes კვირასთან” საუბარში განაცხადა, რომ მზადაა, საქართველოს პარლამენტს თავისი მუშაობის ანგარიში წარუდგინოს.

“თუ ლაპარაკი ეხება სამინისტროს მუშაობის შედეგიანობას, მე მზად ვარ, წარვადგინო ანგარიში, თუ რა იყო გაკეთებული, რა შედეგებს მივაღწიეთ, რა იყო პროცესში. მზად ვიქნებოდი, წარმედგინა ეს ანგარიში პარლამენტის ეკონომიკური [პოლიტიკის] კომიტეტისთვისაც, თუ ამის სურვილი იქნებოდა, რა თქმა უნდა”, – აღნიშნა მან.

6 მაისს “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციამ მოითოვა, კომიტეტის სხდომაზე განიხილონ გიორგი ქობულიას მუშაობა მინისტრობის პერიოდში და თანამდებობიდან გადაყენების მიზეზები. კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ კი “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ პირადად მხარს უჭერს ქობულიას პარლამენტში მისვლას, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მაინც კომიტეტის წევრებმა უნდა მიიღონ.

ამავე თემაზე:

უფრო ითვლება, რომ გადამაყენეს – გიორგი ქობულია

მასალების გადაბეჭდვის წესი