ახალი ამბები

საია “ოცნებისა” და “გირჩის” მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვაზე საუბრობს

8 მაისი, 2019 • 2188
საია “ოცნებისა” და “გირჩის” მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვაზე საუბრობს

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”(საია) თბილისსა და რეგიონებში დაგეგმილი შუალედური არჩევნების წინ ანგარიშს აქვეყნებს. საინფორმაციო ბიულეტენი 20 მარტიდან 28 აპრილამდე პერიოდს მოიცავს და პარტიების მხრიდან გამოვლენილ სხვადასხვა შესაძლო დარღვევას აერთიანებს, მათ შორის, ამომრჩევლის მოსყიდვას.

“საიას” განცხადებით, ამომრჩევლის მოსყიდვის ორი შემთხვევა “ქართული ოცნების” მხრიდან გამოვლინდა. ორგანიზაცია მოსყიდვად აფასებს პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შეხვედრას ილია მეორესთან, როცა ის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს დაჰპირდა, რომ ფონდი “ქართუ” სამების ეკლესიის მოხატვას სრულად დააფინანსებს.

მეორე შემთხვევაში კი, ანგარიშში ნახსენებია ივანიშვილის შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან სოფელ ხიბულაში, 29 მარტს, როცა მმართველი პარტიის ლიდერმა მოქალაქეებს მიმართა: გაზიფიცირებაც და წყლის საკითხიც დავუჩქაროთ. ბიუჯეტს არ ექნება [ფული], მე გავაკეთებ. პირველ რიგში, წყალი გავუკეთოთ სოფელს, გზა…”

“„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ორივე ზემოაღწერილ შემთხვევაში საარჩევნო პერიოდში ამომრჩეველს უსასყიდლოდ გარკვეული მომსახურების გაწევას ჰპირდება, რაც წარმოადგენს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას და ითვალისწინებს შესაბამის პასუხისმგებლობას”, – წერს “საია”.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” მოსყიდვად აფასებს “გირჩის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ჰერმან საბოს მიმართვასაც მხარდამჭერებისადმი, მთაწმინდაზე ჩაეწერონ, ხოლო კომუნალურ, მაგალითად, წყლის გადასახადს (რომელიც ბინაში ჩაწერილ პირთა სულადობაზეა მიბმული), პარტია გადაიხდის. “საია” ასევე ახსენებს “გირჩის” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას, რომლითაც ის მთაწმინდის ამომრჩეველს გარკვეულ სარგებელს დაჰპირდა იმ შემთხვევაში, თუ წარადგენენ ბიულეტენის ფოტოს, რომელზეც “გირჩი” იქნება შემოხაზული.

“გირჩის მიერ კომუნალური გადასახადის გადახდის დაპირების მიზანია მოქალაქეთა დაინტერესება, მიიღონ გარკვეული ფინანსური სარგებელი და წარმოადგენს ამომრჩევლის მოსყიდვას. კანონმდებლობის მიხედვით, ეს ქმედება საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაციის შეწყვეტას, ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს”, – წერს ორგანიზაცია.

“საია” “გირჩის” ლიდერთა მოწოდებებს ამომრჩევლის მოსყიდვის, ამომრჩეველთა რეგისტრაციით მანიპულირებისა და ფარულობის პრინციპის დარღვევის კუთხით განიხილავს.

ორგანიზაცია ეხება საარჩევნო მიზნებისთვის საბიუჯეტო რესურსების გამოყენებასაც.

“არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან აკრძალულია ისეთი პროექტების/პროგრამების განხორციელება, რომლებიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში. ასევე, ამავე ვადიდან აკრძალულია სოციალური გასაცემლების ოდენობების ზრდა და ახლის დაწესება”, – აცხადებს ორგანიზაცია და ამ კუთხით აღნიშნავს შემდეგ გადაწყვეტილებებს:

  • ადიგენის მუნიციპალიტეტში 2 აპრილის ცვლილებით ბიუჯეტში სრულებით ახალი პროგრამა („შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ოჯახების დახმარება“) 8 ათასი ლარით დაფინანსდა. ამის შემდეგ,  აპრილის ცვლილებით, კიდევ ერთხელ გაიზარდა სოციალური პროგრამები 9800 ლარით.
  • წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სოციალური პროგრამების დაფინანსება ჯერ 4 აპრილის ცვლილებით – 20 000 ლარით, ხოლო შემდეგ 12 აპრილის ცვლილებით – 32 100 ლარით გაიზარდა.

“საია” ზემოთ მოცემულ ორივე ფაქტს დარღვევად მიიჩნევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი