ახალი ამბები

გოგაშვილის თქმით, სუს-ის ბრიფინგამდე არ იცოდა, რა იგეგმებოდა მის წინააღმდეგ

8 მაისი, 2019 • 1333
გოგაშვილის თქმით, სუს-ის ბრიფინგამდე არ იცოდა, რა იგეგმებოდა მის წინააღმდეგ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი ამბობს, რომ მას უსაფრთხოების ზომების გაძლიერება ურჩიეს, თუმცა არ აკონკრეტებს, რომელი უწყებისგან მიიღო გაფრთხილება.

“რუსთავი 2”-თან სატელეფონო საუბარში გოგაშვილი ამბობს, რომ 7 მაისს სუს-ის ბრიფინგიდან გაიგო, ზუსტად რა იგეგმებოდა მის წინააღმდეგ და მხოლოდ უსაფრთხოეების ზომების გაძლიერება ურჩიეს. სუს-მა 7 მაისს განაცხადა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი გოგაშვილის წინააღმდეგ “ტერაქტს გეგმავდა”.

“ამ დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით, საქმის სავარაუდო ფიგურანტების მჭიდრო ოპერატიული მეთვალყურეობის ქვეშ აყვანის პარალელურად, გატარდა პრევენციული ხასიათის სხვა ღონისძიებებიც, მათ შორის, უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა იოსებ გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ”, – განაცხადა სუს-მა.

“გუშინ, 5 საათზე იყო საჯარო ბრიფინგი და გუშინ შევიტყვე, ზუსტად რა იყო, იქამდე არ მქონდა ინფორმაცია. უბრალოდ ვიცოდი ის, რომ მირჩიეს, უსაფრთხოების ზომები გამეძლიერებინა ოჯახის წევრებზე და ახლობლებზე. ეს იყო აღდგომამდე. მეტი დეტალები ჩემთვის ცნობილი არ იყო. რეალურად რომ იგეგმებოდა, ამაში ეჭვი არ მეპარებოდა. გასაჯაროვდა გუშინ, დაკითხვები მიდის, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს”, – განაცხადა სოსო გოგაშვილმა.

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ეჭვობს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილის ოჯახი შეცდომაში შეიყვანეს, თითქოს თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალება სოსო გოგაშვილს უკავშირდება.

“ამ ადამიანზე დიდი ხნის განმავლობაში დეზინფორმაციის მიწოდება, შეცდომაში შეყვანა მიდიოდა, რომ თითქოს მე იქ ვიყავი, თითქოს ბრძანება გავეცი, თითქოს ჩარეული ვიყავი. ეს ყველაფერი ტყუილია, აბსურდია, მე არსად არ ვყოფილვარ. ახლა ვრცლად ვერ გესაუბრებით, რადგან გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ მოვა დრო და ბევრ რამეს აეხდება ფარდა და ბევრ სიმართლეს გაიგებთ”, – განაცხადა სოსო გოგაშვილმა.

სუსი ირწმუნება, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ ტერორისტულ აქტს გეგმავდა მამამისის საფლავზე.

ამავე თემაზე:

სუსი: მალხაზ მაჩალიკაშვილს განზრახული ჰქონდა ტერორისტული აქტის ჩადენა

მასალების გადაბეჭდვის წესი