ახალი ამბებისამართალი

რატომ არ იხსნება არქივები საბჭოთა ტერორის შესასწავლად – ინტერვიუ ირაკლი ხვადაგიანთან

8 მაისი, 2019 • 14662
რატომ არ იხსნება არქივები საბჭოთა ტერორის შესასწავლად – ინტერვიუ ირაკლი ხვადაგიანთან

“საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია” აცხადებს, რომ მოქმედი კანონმდებლობა ხელს უშლის მკვლევრებს, თავისუფლად შეძლონ წარსულის, კონკრეტულად კი, საბჭოთა ტერორის კვლევა. მიმდინარე წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა “სოვლაბის” მკვლევრის, ირაკლი ხვადაგიანის სარჩელი და კანონიერად ცნო საქართველოს ეროვნული არქივის მიერ საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საქმეების კატალოგის დაშტრიხვა.

რატომ არ სურს სახელმწიფოს საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა საქმეებზე ინფორმაციის გაცემა? ვის ინტერესებშია ამ საქმეების საიდუმლოდ დატოვება? რას გეგმავს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია? – ამ საკითხებზე ნეტგაზეთი ირაკლი ხვადაგიანს ესაუბრა.

ნეტგაზეთი: პირველ რიგში, მოქმედ კანონმდებლობაზე დავიწყოთ საუბარი – რა ხარვეზებს ხედავთ არსებულ კანონმდებლობაში და როგორ გაბრკოლებთ სამუშაო პროცესში მკვლევრებს?

ირაკლი ხვადაგიანი: საკმაოდ რთული საკითხია, ძალიან დეტალებს ითხოვს. ზოგადად რომ ვთქვათ, არის შემდეგი მთავარი საკვანძო პრობლემები:

ერთი, რომ არ არსებობს ისეთი კანონი, რომელიც საერთო წესებს განსაზღვრავს ამ სფეროში, რაც ეხება არქივებს და თუნდაც დოკუმენტურ ფაილებს. ეს უკვე ისტორიული წყაროებია და კანონი უნდა განსაზღვრავდეს ამ საქმეების ცნობის უფლებებს, საბაზისო წესებს. ახლა არის მხოლოდ ერთი კანონი, საქართველოს ეროვნული არქივისა და საარქივო ფონდის შესახებ, რომელიც ცდილობს, მსგავსი იყოს, მაგრამ ეროვნული არქივის ქსელის იქით მას არავინ აღიქვამს საკუთარ კანონად და ყველა სხვა საარქივო დაწესებულებები, მუზეუმები და ა.შ. რომლებსაც აქვთ საარქივო ფონდები: ბიბლიოთეკა და ა.შ. თავიანთი შეხედულებისამებრ, სხვა ტიპის წესებით განკარგავენ და მართავენ ამ დოკუმენტების ბაზას.

მეორე, რაც უფრო ამძიმებს სიტუაციას, არის თვითონ მოქმედი კანონი, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე დიდ საარქივო ქსელს, საქართველოს ეროვნულ არქივს შეეხება. ის პრობლემურია ორი მიმართულებით, სხვა წვრილმანებს და დეტალებს რომ შევეშვათ: არსებობს შემდეგი დათქმები – დოკუმენტები, რომლებიც შეიცავენ პერსონალურ  მონაცემებს და ინფორმაციას, სანამ 75 წელი არ გავა ამ დოკუმენტის შექმნიდან, შეზღუდულია მასზე წვდომა მესამე პირისთვის, ანუ ადამიანისთვის, რომელიც არის სხვა, გარდა იმისა, ვისაც ეხება ეს ინფორმაცია – მისი მემკვიდრისა. რეალურად, ამას ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირად იყენებს საარქივო ბიუროკრატია. ვთქვათ, თუკი მკვლევარი მაქსიმალურად მობილიზებულია, მუდმივად კამათისა და დასაბუთების რეჟიმშია, იქ მხოლოდ შემდეგ პირობებს სთავაზობს – გააცნობს ელექტრონულ ვერსიებს ამ მოთხოვნილი მასალის დასკანერების შემდეგ, სადაც დაშტრიხულია ეს პერსონალური მონაცემები, რაც არის განსაკუთრებული ტიპის და ეხება ნასამართლეობას, სისხლის სამართლის წარმოებას და ა.შ. ან თუკი მკვლევარი არის გამოუცდელი და არ იცის კანონმდებლობა და არ აქვს შესაბამისი პრაქტიკა, უბრალოდ, ზოგჯერ პირდაპირ ეუბნებიან ხოლმე – ეს პერსონალური ინფორმაცია, ყველაფერი, ადამიანის სახელებისა და გვარების ჩათვლით, რისი დაშტრიხვის შემდეგაც შეგიძლიათ მხოლოდ გაეცნონ ამა თუ იმ დოკუმენტს. დღეის მოცემულობით, მსგავსი პრობლემა მკვლევარს შეიძლება შეეხოს 1945 წლიდან დღემდე ნებისმიერი დოკუმენტის შემთხვევაში.

შეგიძლიათ გაიხსენოთ მკვლევრებისა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საქმე/საქმეები, როდესაც ინფორმაცია ვერ მიიღეთ სწორედ მოქმედი კანონმდებლობის ხარვეზების გამო?

ჩვენ ორი სასამართლო პროცესი გვაქვს საქართველოს ეროვნული არქივის წინააღმდეგ ზუსტად ამ პრობლემის გამო:

პირველი სარჩელი იყო, როდესაც შევუკვეთეთ ასლები დეპორტაციის მსხვერპლთა მონაცემების შესახებ. ანუ, ეს არის სიები მოქალაქეებისა, რომლებიც 1940-დან 1951 ჩათვლით იყვნენ თბილისიდან დეპორტირებულები, შემდეგ კი უკვე გადარჩნენ და დაბრუნდნენ. ამ სიებში აღრიცხული იყო მათი ვინაობა, ასევე, სად ცხოვრობდნენ გადასახლების მომენტში, სად იყვნენ გადასახლებულები, როდის დაბრუნდნენ და დაბრუნების შემდეგ სად იყვნენ, ქალაქმა რა გადაწყვეტილება მიიღო მათი საცხოვრებლებით დაკმაყოფილების შესახებ. ეს ასლები შეიცავს რამდენიმე ადამიანის შესახებ მონაცემებს. სწორედ ეს ასლები მოგვცეს დაშტრიხული კოდით, სადაც სახელისა და გვარის გარდა, თითქმის ყველა მონაცემი წაშლილი იყო, როგორც პერსონალური ინფორმაცია. მით უმეტეს, თითო გვერდში 1 ლარი გადავიხადეთ, ასეთია ასლის საფასური, რაც მეორე ნაწილია პრობლემის.

მეორე სარჩელი იყო მსგავსი. ეროვნულ არქივში, საბჭოთა საქართველოს პროკურატურის ფონდში, არის რეპრესირებულთა რეაბილიტაციის საქმეები, ამ საქმეების გადასინჯვის მასალები, რომელიც უკიდურესად მნიშვნელოვანი წყაროა დიდი საბჭოთა ტერორის შესწავლისთვის. სხვაგან ეს მონაცემები აღარ არის დარჩენილი ფიზიკურად, მხოლოდ საქართველოს საბჭოთა პროკურატურის ფონდშია. ეს ეხება დაახლოებით 16-17 ათასამდე ადამიანს. კატალოგის გაცნობის უფლებაც კი არ მოგვცეს, ანუ 1945 წლის ზემოთ ჩამოთვლილია უბრალოდ იმის ნომერი, ვისაც ეხება ეს საქმე და თარიღები, როდის არის საქმის წარმოება დაწყებული და დასრულებული. ამ კანონის ლეგიტიმურობიდან გამომდინარე, მხოლოდ დაშტრიხული სახით უნდა გავეცნოთ საქმეებს, სადაც გარდა ნომრისა, ვერაფერს ვხედავთ. თავისთავად, ასე ბრმად ამოწერილ დოკუმენტშიც ყველაფერი დაფარული იქნება, ვის ეხება ეს – არაფრის მომცემია ეს ინფორმაცია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 28 თებერვალს თქვენი სარჩელი არ დააკმაყოფილა. რითი დაასაბუთა მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება?

ჩვენ სასამართლოში წავედით იმიტომ, რომ გარკვეული პროცესი დაძრულიყო და დაფიქსირებულიყო, რომ არსებობს ასეთი ფუნდამენტური პრობლემა. სასამართლო ამ შემთხვევაში ეყრდნობა იმ პოზიციებს და არგუმენტს, რომ კანონში ასე წერია და როდესაც ამ კანონს იცავენ, ეს სწორი მოქმედებაა. ანუ, სასამართლო არ მიდის სხვა მსჯელობაში და არ წონის სხვა არგუმენტებს, რომ არსებობს თუ არა საზოგადოებრივი ინტერესი, რომ ისტორიული სიმართლისა და ჭეშმარიტების ძიება არის თუ არა მნიშვნელოვანი, რას წარმოადგენს ეს პერსონალური მონაცემები, რა ტიპის სახელმწიფო დოკუმენტებზეა საუბარი… ეს არის ტოტალიტარული რეჟიმის შექმნილი მასალები, რომელიც ცალკე, სხვა ტიპის სამართლებრივ განზომილებაში, ევროპის ქვეყნებში, რომლებსაც აქვთ მსგავსი გამოცდილება, არის სხვა ტიპის მსჯელობის საგანი. სამწუხაროდ, ჩვენთან ასეთი ტიპის მსჯელობა არ ხდება და ასე მექანიკურად ადასტურებს სასამართლო ეროვნული არქივის მოქმედებებს, რომელიც არ გვაძლევს ამ დოკუმენტების გაცნობისა და მათზე მუშაობის საშუალებას.

პირველ სარჩელზე ახლა მიდის მსჯელობა, უზენაესი სასამართლო მიიღებს თუ არა მას წარმოებაში. მეორე სარჩელი სააპელაციოშია გადატანილი და იქაც ველოდებით პროცესს. გვინდა, რომ სამართლებრივი მექანიზმები მაქსიმალურად ამოვწუროთ. ანუ, სასამართლოში დავა გრძელდება.

ხომ არ გეგმავთ კოალიციური პლატფორმის შექმნას სხვა ორგანიზაციებთან ერთად ამ საკითხზე სამუშაოდ?

ახლა ვმუშაობთ მსგავსი სამოქალაქო პლატფორმის დაძვრისთვის. ვთანამშრომლობთ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან, ინდივიდუალურად მკვლევრებთან და მეცნიერებთან, რომლებსაც ეხებათ ეს პრობლემა, სხვადასხვა პროფილურ ორგანიზაციებთან. მალე გვექნება ამ პლატფორმის პრეზენტაცია, რომლის მიზანიც არის არამხოლოდ ამ კონკრეტული ორი პრობლემის, როგორიც არის ეს კანონები, რომლითაც პერსონალური ინფორმაციის საბაბით გვიზღუდავენ რეალურად ინფორმაციაზე წვდომას და მეორე – დოკუმენტის ასლებით სარგებლობისთვის დაწესებული აბსოლუტურად მიუღებელი ტიპის და არალოგიკური გადასახადები, რაც რეალურად ნიშნავს, რომ მკვლევარი რეალურად ყიდულობს სახელმწიფოს, ანუ საჯარო ინფორმაციას, რომელიც რეალურად მისია, როგორც მოქალაქის.

ამ პრობლემების გარდა, არის უამრავი წვრილმანი და ხელის შემშლელი ფაქტორები, რომელიც ამ დაწესებულებების შიგნით არის. არის დიდი გამოწვევები. ანუ, როდესაც ხედავთ, რა არის საუკეთესო მოდელი და მოქმედების პრაქტიკა ცენტრალურ, დასავლეთ და თუნდაც აღმოსავლეთ ევროპაში, კრიტიკას ვერ უძლებს ის სურათი, რომელიც ჩვენ აქ გვაქვს. გვინდა, უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს ამის შესახებ და შესაბამისი ცვლილებების ინიცირება მოვახერხოთ.

საზღვარგარეთის პრაქტიკაზე რომ გავაგრძელოთ საუბარი. ცენტრალურ და დასავლეთ ევროპის გარდა, თუნდაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, როგორია კანონმდებლობა ამ მიმართულებით?

პოსტსაბჭოთა სივრცეში არ არის საჭირო მისაბაძი მოდელი ვეძიოთ, გარდა ბალტიისპირეთის ქვეყნებისა. უკრაინაში იყო წარმატებული ძვრები ამ მხრივ, სადაც ბოლო რევოლუციის შემდეგ მოხდა საარქივო კანონმდებლობის რეფორმა უშიშროების ორგანოების არქივების, იგივე КГБ-ს დოკუმენტაციის კუთხით, რომელიც ახლა ძალიან ღია და ხელმისაწვდომია. თუმცა მთლიანად საარქივო სფეროში ამ რეფორმის გატარება ჭირს უკრაინაში.

ჩვენთვის საუკეთესო გამოცდილება, კანონმდებლობის მხრივ, არის ცენტრალური და დასავლური ევროპის ქვეყნები. ცენტრალური ევროპის ქვეყნები ზუსტად ამ ტოტალიტარიზმის კონტექსტის გამო. მათ აქვთ ორი ტოტალიტარული რეჟიმის გამოცდილება და, შესაბამისად, იქ არქივები არის სხვა განზომილებაში – მაქსიმალურად ღია და ხელმისაწვდომი, რომ ამ წარსულის გააზრება მოხდეს. დასავლეთ ევროპაში, ზოგადად, საარქივო სკოლების და კულტურის სიძველის, ისტორიული მეცნიერების სიმაღლეზე ყოფნის გამო, ანუ საუკეთესო სერვისის დაცვის დოკუმენტების დიჯიტალიზაციის ღია არქივებად გადაქცევის კუთხით. 21-ე საუკუნეში ნებისმიერი წარმატებული, განვითარებული ქვეყნის საარქივო სტრუქტურები ცდილობენ, რომ იყვნენ ონლაინ-არქივები და არა ის, რომ რაღაც შეზღუდვებზე და რეგულაციების გამკაცრებაზე ფიქრობდნენ. ანუ, თუ აქამდე მკვლევარი მიდიოდა არქივთან, ახლა პირიქით – ეს წყაროები და დოკუმენტები ასე დაუბრკოლებლად უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

მაგალითი შეიძლება მოიყვანოთ, როცა საკუთარ ქვეყანაში, აქ, საქართველოში, საკუთარ არქივებში, მსგავს ფუნდამენტურ პრობლემებს ვაწყდებით, ძალიან კომფორტულად ვმუშაობთ დედამიწის მეორე ნახევარსფეროს იქით – CIA-ის ონლაინ-არქივში, სადაც უზარმაზარი მასალაა ამერიკის სადაზვერვო სამმართველოს გამოტანილი, ღიად და ხელმისაწვდომად, რომელსაც უკვე გასული აქვს შესაბამისი დაცვის ვადები. ანუ, ასეთი ძალიან მძიმე სურათი გვაქვს გამოწვევების კუთხით.

როგორც აღნიშნეთ, მკვლევართა საქმიანობა ხომ ტოტალიტარული რეჟიმისა და მძიმე წარსულის საზოგადოების მხრიდან კარგად გააზრებას ემსახურება. თვითონ სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს თუ არა საკანონმდებლო ხარვეზების მოწესრიგებასა და მკვლევრების ხელშეწყობაზე? ვის ინტერესებში უნდა იყოს საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა საქმეების გასაიდუმლოებულად დატოვება?

რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხია. მაგალითისთვის, გასული წლის გაზაფხულიდან, ჩვენთან კონსულტაციების და მუშაობის შედეგად, ევროპული საქართველოს მიერ პარლამენტში ინიცირებული იყო ხსენებულ კანონში ცვლილებების შეტანის და რეფორმის წინადადება. დღემდე ეს წინადადება, ფაქტობრივად, ჰაერშია გამოკიდებული და გაჩერებული იმის გამო, რომ იუსტიციის სამინისტრო და შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომლებიც მთავარ არქივებს ფლობენ, ძალიან უარყოფითად შეხვდნენ ამას. ჩვენთვის ძნელია მათ მოტივაციაზე საუბარი, არგუმენტები ძალიან სუსტი იყო, თუმცა სამინისტროების პირით ეს უფრო სხვანაირად ჟღერს პარლამენტში – რატომ შეიძლება უნდოდეს სახელმწიფოს, წარსულის კვლევას ხელი შეუშალოს, ეს ჩარჩოები დააწესოს და ფაქტობრივად ხელმიუწვდომელი გახადოს. ანუ, არის გარკვეული ირაციონალური შიშები ბიუროკრატიის და სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან.

1). ეშინიათ, რომ მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე არქივები საშიშია გარკვეული პოლიტიკური წრეებისთვის მათი წარსულიდან გამომდინარე, 2). ზოგადად,  ღია არქივების პირობებში უფრო ჩქარდება სრულფასოვანი კვლევები, გაცილებით უფრო მეტი რესურსები მიემართება ამ კვლევების სიღრმეზე და ანალიტიკურ მხარეზე, რაც საბოლოო ჯამში ამოავსებს იმ სიცარიელეს, რაც გვაქვს უახლესი ისტორიის მიმართულებით – ანუ, დაამსხვრევს ძალიან ბევრ მითს, სტერეოტიპს და უკვე ჩვეულ შეხედულებებს ჩვენს წარსულზე, რაც შეიძლება ასევე აშფოთებდეს სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლების გარკვეულ წრეებს; ეშინიათ, რომ “სათუთი და წმინდა” ვერსიები ჩვენი წარსულის შესახებ გადაისინჯება, გაკრიტიკდება, შეიცვლება და სრულიად სხვაგვარი სურათი შეიძლება დაფიქსირდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი