ახალი ამბები

10 მარშრუტი, რომლებზეც მერიამ ახალი ავტობუსები გადაანაწილა

8 მაისი, 2019 • 2029
10 მარშრუტი, რომლებზეც მერიამ ახალი ავტობუსები გადაანაწილა

თბილისის მერის,, კახა კალაძის თქმით, მუნიციპალურ ავტოპარკს პირველ ეტაპზე 90 ახალი, დიზელის ძრავზე მომუშავე euro 6 ემისიის სტანდარტის ავტობუსი დაემატა, რომლითაც ამორტიზებული ყვითელი ავტობუსები ჩანაცვლდება.

კალაძემ განმარტა, რომ ამ ავტობუსებიდან 50 უკვე თბილისშია და ისინი მოსახლეობას ორშაბათიდან მოემსახურებიან. რაც შეეხება მარშრუტებს, მერიამ ახალი ავტობუსები 10 მარშრუტზე გადაანაწილა.

მერიაში ამბობენ, რომ ახალი ავტობუსები უახლოეს დღეებში N85 [ვაკე-საბურთალო] და N95 [მუხიანი-ბარათაშვილი] მარშრუტებზე გავლენ. მომდევნო ეტაპზე, მაისის ბოლომდე, ახალი მწვანე ავტობუსები N50[ვაზისუბანი-ბარათაშვილი], N55 [წმინდა ბარბარეს უბანი-ბარათაშვილი]და N71 [ვარკეთილი-ბარათაშვილი] მარშრუტებზე მოძრავ ამორტიზებულ ყვითელ ავტობუსებს ჩაანაცვლებენ.

ამავდროულად, გათვალისწინებულია ამ მარშრუტების მცირედით შეცვლა. ისინი გორგასლის ქუჩიდან აუხვევენ კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძე) ქუჩაზე და ბარათაშვილის ქუჩას თავისუფლების მოედნის გავლით დაუკავშირდებიან. კოტე აფხაზის ქუჩაზე ავტობუსების გაჩერებები მოეწყობა. მერიაში ამბობენ, რომ N50, N55 და N71 მარშრუტების ცვლილება განპირობებულია იმ ფაქტით, რომ 1 ივლისიდან აფხაზის ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტისთვის ოთხმოცდაათივე მწვანე ავტობუსის მიწოდების შემდეგ, ისინი ასევე გადანაწილდებიან N3 [ახმეტელის თეატრი – დიღომი], N15 [დიდი დიღომი – სადგურის მოედანი], N33 [გლდანი-ბარათაშვილი], N54 [დიდი დიღომი – მაღლივი] და N79 [მუხიანი- ახმეტელის თეატრი] მარშრუტებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი