ახალი ამბები

ეს არის ფაბრიკაცია, მონტაჟი – მაჩალიკაშვილი სუს-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოზე

7 მაისი, 2019 • 1207
ეს არის ფაბრიკაცია, მონტაჟი – მაჩალიკაშვილი სუს-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოზე

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, გავრცელებული ჩანაწერი ფაბრიკაციაა და მის ნათესავთან ამ საკითხზე არ უსაუბრია.

ჟურნალისტის კითხვაზე, ელოდება თუ არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მის დაკავებას, მაჩალიკაშვილი პასუხობს, რომ მას არაფერი დაუშავებია და რამე რომ ჩაედინა, აქამდეც დააკავებდნენ.

“აზრზე არ ვარ, სად არის გოგაშვილის მამა დაკრძალული, ან ვინ არის. მეორე, აქ ვდგავარ და იმას ვცდილობ, კანონის ფარგლებში დავსაჯო, ვინც თემირლანთან არის დამნაშავე  და ვინც მის მკვლელობაში მიიღო მონაწილეობა. მაჩხაანში რა მინდა, თუ მაგის სურვილი მაქვს, გოგაშვილი თბილისში ცხოვრობს. ასეთი საუბარი საერთოდ არ ყოფილა. ეგ არის ფაბრიკაცია, მონტაჟი”,-უთხრა რუსთავი 2-ს მაჩალიკაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ მოსახლეობისთვის ტერორისტული საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით წარმოებული ღონისძიებების ფარგლებში გამოავლინა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის თაობაზე.

სუს-ის თქმით, სწორედ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, ცნობილი გახდა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს განზრახული ჰქონდა ტერორისტული აქტის ჩადენა.

“დანაშაულებრივი განზრახვის თანახმად, ტერორისტული აქტის ჩადენა იგეგმებოდა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილის და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს, რასაც მოჰყვებოდა მათი და სხვა მოქალაქეთა სიცოცხლის ხელყოფა. მას შემდეგ, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ცნობილი გახდა მალხაზ მაჩალიკაშვილის დანაშაულებრივი განზრახვის შესახებ, ამ დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით, საქმის სავარაუდო ფიგურანტების მჭიდრო ოპერატიული მეთვალყურეობის ქვეშ აყვანის პარალელურად, გატარდა პრევენციული ხასიათის სხვა ღონისძიებებიც, მათ შორის, უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა იოსებ გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ”,-წერია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ დეპარტამენტში ამჟამად გამოკითხვაზე იმყოფება მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი, მორის მაჩალიკაშვილი, რომელიც, სუს-ის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილის გეგმის მიხედვით, ჩართული უნდა ყოფილიყო აღნიშნული ტერორისტული აქტის განხორციელებაში.

“გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით, უტყუარად დასტურდება, რომ 2019 წლის 23 მარტს უშუალოდ მალხაზ მაჩალიკაშვილმა მისცა მითითება მორის მაჩალიკაშვილს, რათა ეს უკანასკნელი ჩამოშორებულიყო  ყველა სხვა საქმიანობას და ემუშავა მხოლოდ ერთ პიროვნებაზე – იოსებ გოგაშვილზე. მორის მაჩალიკაშვილს უნდა დაედგინა იოსებ გოგაშვილის საცხოვრებელი მისამართები, გადაადგილების მარშრუტები და, აგრეთვე, გამგზავრებულიყო სოფელ  ზემო მაჩხაანში, სასაფლაოზე, რათა დაედგინა იოსებ გოგაშვილის მამის საფლავის ადგილმდებარეობა და გადაეღო ფოტოები, ხოლო მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მალხაზ მაჩალიკაშვილი დაგეგმავდა სხვა ქმედებებს”, –აცხადებენ სუს-ში.

მასალების გადაბეჭდვის წესი