ახალი ამბებისაზოგადოება

ქვეყანას გარემოსდაცვითი ომბუდსმენი ჰყავს, თუმცა მისი ფუნქციები ჯერ გაურკვევლია

8 მაისი, 2019 • 1360
ქვეყანას გარემოსდაცვითი ომბუდსმენი ჰყავს, თუმცა მისი ფუნქციები ჯერ გაურკვევლია

2 მაისს გარემოსდაცვითი ომბუსდმენის პოსტზე პრემიერმა მამუკა ბახტაძემ დევიდ მორისონი წარადგინა, თუმცა დღემდე უცნობია, თუ რა უფლება-მოვალეობები და ფუნქციები უნდა დაეკისროს მას.

სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროს განმარტებით,  ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ  “ომბუდსმენი გარემოსდაცვით საკითხებში მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ფიგურა იქნება, რომელსაც ეყოლება საკითხების განმხილველი საბჭო, სადაც მოხდება ცალკეული აქტუალური გარემოსდაცვით საკითხებზე მსჯელობა”.

რაც შეეხება დანარჩენ დეტალებს, უწყებაში ამბობენ, რომ ამ საკითხებზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ივნისის თვეში კი გარემოსდაცვითი ომბუდსმენის მანდატის სრული პრეზენტაცია გაიმართება, სადაც მის ფუნქციებზე დეტალურად ისაუბრებენ.

არასამთავრობო სექტორში ამბობენ, რომ გარემოსდაცვითი ომბუდსმენის დანიშნულება გაუგებარია.

რა (არ) ვიცით გარემოსდაცვითი ომბუდსმენის ინსტიტუტზე?

ნეტგაზეთი ესაუბრა “მწვანე ალტერნატივის” წარმომადგენელს, ქეთი გუჯარაიძეს, რომელმაც გვითხრა, რომ მორისონის დანიშვნამდე სამინისტროს რამდენიმე შეხვეედრა ჰქონდა არასამთავრობო სექტორთან, თუმცა, გარემოსდაცვითი ომბუდსმენის ფუნქციების მკაფიო დასაბუთება სამინისტრომ ვერც ერთხელ ვერ შეძლო.

“ამ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ერთი კვირით ადრე შედგა ერთი შეხვედრა და მორისონის წარდგენამდე ორი დღით ადრე – მეორე. პირველ შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციები მიიწვია სამინისტრომ, თუმცა მორისონი იქ არ იყო. სამინისტრომ იდეა წარმოგვიდგინა და გაგვახსენა, რომ ბახტაძე ადრეც საუბრობდა გარემოსდაცვითი თუ ეკოომბუდსმენის შექმნაზე. სხვა დეტალები ჩვენთვის ცნობილი არ გამხდარა, კერძოდ რა ფუნქციები ექნებოდა მას, რა მანდაქტი ან საერთოდ, რისთვის ინიშნებოდა ეს ადამიანი.

რაკი შეხვედრა შედეგიანი არ იყო, ჩვენ ვუთხარით სამინისტროს, რომ წერილობით გამოეგზავნათ მათი აზრი. აღდგომის წინა დღეებში გადმოგვიგზავნეს 6-მუხლიანი, 1.5-გვერდიანი დოკუმენტი. მეორე შეხვედრას უკვე მორისონიც ესწრებოდა ანუ ჩვენ ზეპირი მოსაზრებების გამოთქმის საშუალებაც გვქონდა. თუმცა ამ დოკუმენტშიც არ იყო ბიზნესომბუდსმენის ფუნქციები გაწერილი”, – გვიყვება ქეთი გუჯარაიძე.

მამუკა ბახტაძე, დევიდ მორისონი, სოზარ სუბარი, ლევან დავითაშვილი

აქტივისტი იხსენებს, რომ სამინისტროსთან კითხვა-პასუხის შედეგად არასამთავრობოებს ისეთი შთაბეჭდილება დარჩათ, თითქოს გარემოსდაცვითი ომბუდსმენის პოზიცია მხარეებს შორის კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად იქმნებოდა.

გუჯარაიძე ამბობს, რომ ახალმა ინსტიტუტმა სამინისტროს, ბიზნესსა და სამოქალაქო სექტორს შორის კომუნიკაცია უნდა გააუმჯობესოს. თუმცა, მისი სიტყვებით, ეს ფუნქცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ისედაც აქვს.

დოკუმენტში, რომელზეც ქეთი გუჯარაიძე საუბრობს და რომელიც მან მოგვაწოდა, მართლაც წერია, რომ გარემოსდაცვითმა ომბუდსმენმა გარემოსდაცვითი პოლიტიკის კოორდინაცია უნდა უზრუნველყოს:

პროექტი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს – გარემოსდაცვითი საკითხების განმხილველი სამდივნოს (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი) შექმნას, რომლის მიზანია ქვეყანაში გარემოსდაცვითი პოლიტიკის კოორდინაცია, „მწვანე პოლიტიკის“ განხორციელების უზრუნველსაყოფად „მწვანე ინიციატივების“ წახალისების ხელშეწყობა, სექტორული თანამშრომლობის, უწყებების კოორდინაციის და აღნიშნულ პროცესში საზოგადოების ჩართულობის, ასევე, გარემოსდაცვით სფეროში მოქალაქეების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა და ცალკეული აქტუალური გარემოსდაცვითი საკითხების განხილვა. სამდივნოს უხელმძღვანელებს გარემოსდაცვითი ომბუდსმენი.

“ბუნებრივია, იყო კითხვა – რა პრობლემის მოსაგვარებლად ინიშნება ეს ადამიანი, რაც არსად არ დასტურდება.  თუ კომუნიკაციაშია პრობლემა, მაშინ ესეც ხომ რამენაირად დასაბუთებული უნდა იყოს, ფაქტებია საჭირო. ან თუ კომუნიკაციის ნაკლებობაა – რა იწვევს მას?

დასაბუთების შესახებ არსად არაფერი თქმულა, ამ ინსტიტუტის შემოღების საჭიროება კი არ ჩანს. ცხადია, ჩნდება კითხვა, თუ გარემოს დაცვის საკითხებზე კომუნიკაცია სუსტია, მაშინ თავად სამინისტრო რას აკეთებს?! ამაზე თითქოს გვპასუხობენ, რომ ხშირად მთავრობის წევრების დარწმუნება რთულია, როდესაც ეკოლოგიისა და ბიზნესის ინტერესები ერთმანეთს ეჯახებაო, მაგრამ მთავრობა არის კოლეგიური ორგანო და თუ მისი დარწმუნება სამინისტროს უჭირს, ეს ხდება იმიტომ, რომ მინისტრი და მისი გუნდი არ არიან სათანადო დონეზე”, – განმარტავს ქეთი გუჯარაიძე.

გუჯარაიძე ასევე ამბობს, რომ თავად სამინისტროც არ არის ბოლომდე დარწმუნებული, თუ რა ფორმა უნდა ჰქონდეს გარემოსდაცვით ომბუდსმენის სამსახურს, ვინაიდან, როგორც შეხვედრაზე გახმიანდა, სამინისტრომ არასამთავრობოებს შესთავაზა, რომ ზაფხულის განმავლობაში სახელსა და ფუნქციებზე კიდევ უფრო მეტი ემსჯელათ.

ქეთი გუჯარაიძე ხაზს უსვამს დევიდ მორისონის გამოცდილებასაც. მისი თქმით, წარსულში მორისონი  ე.წ. fundraiser ანუ თანხების მომძიებელი პირი იყო, გარდა ამისა, მუშაობდა სხვადასხვა კომპანიაში, მათ შორის საქართველოს ბანკში. გუჯარაიძე ამბობს, რომ მას უჩნდება ეჭვი: გარემოსდაცვითი ომბუდსმენი იქმნება საზოგადოებისთვის თუ ბიზნესისთვის.

ნეტგაზეთმა სამინისტროდან გამოითხოვა დევიდ მორისონის რეზიუმე. მისი სრული სამუშაო გამოცდილება კი გამოიყურება ასე:

  • თავმჯდომარე კავკასიის ბუნების ფონდი – 2008 წლის იანვრიდან დღემდე; 
    2008 წელს CNF- ის დამფუძნებელი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობით დაიწყო და 2017 წელს გამგეობის თავმჯდომარე გახდა.
  • სამეთვალყურეო საბჭოს წევრი – Prespa Ohrid Nature Trust-ში 2015 წლის ნოემბრიდან დღემდე
  • მართვის საბჭოს წევრი Blue Action Fund – 2017 წლის იანვრიდან დღემდე
  • უფროსი დამოუკიდებელი დირექტორი, აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი GHG – 2015 წლის აგვისტოდან დღემდე
  • უფროსი დამოუკიდებელი დირექტორი, აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარე Georgia Capital – ში – 2018 წლის ივნისიდან  დღემდე
  • უფროსი დამოუკიდებელი დირექტორი და აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს ბანკის ჯგუფი სექტემბერი 2009 – ივნისი 2018
  • პარტნიორი – ფინანსური იურისტი Sullivan & Cromwell შპს-ში – 1979 წლიდან  2007 წლამდე

რაც შეეხება საერთაშორისო გამოცდილებას, გუჯარაიძე გვიყვება, რომ ასეთი გარემოსადცვითი ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის პრაქტიკა ზოგიერთ ქვეყანაში გავრცელებულია, მაგრამ იქ, სადაც სახელმწიფო მოწყობა საქართველოსგან განსხვავდება.

“ასეთი გაუგებარი ფუნქციებით ეს პოზიცია სხვაგან არ არსებობს. სპეციალიზებული ომბუდსმენების პრაქტიკა, ცხადია, არსებობს, მაგრამ ეს ხდება სხვა სახელმწიფოებრივი მოწყობის საფუძველზე. ჩვენ კი ასეთი მოწყობა არ გვაქვს. ეს სიტყვა “ომბუდსმენიც” ამ შემთხვევაში ფორმალურად მოფიქრებულია, ვინაიდან ეს ადამიანი ომბუდსმენის ფუნქციებს ვერ გაატარებს, მანდატში მას ეს არ აქვს. ეს პოსტი არის ერთი კონკრეტული ადამიანისთვის შექმნილი”, – ამბობს ქეთი გუჯარაიძე.

გარემოსდაცვითი ომბუდსმენის პოსტზე პრემიერ-მინისტრმა დევიდ მორისონი 2 მაისს წარადგინა. მამუკა ბახტაძის თქმით,  მორისონი მრავალი წელია ჩართული იყო საქართველოში ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად გატარებულ ღონისძიებებში, როგორც “კავკასიის ბუნების ფონდის” ხელმძღვანელი:

“მე მსურს წარმოგიდგინოთ გარემოსდაცვითი ომბუდსმენის პოზიციაზე ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს საქართველო. ის 10 წელზე მეტია ჩართულია საქართველოს ბიომრავალფეროვნების შესანაეჩუნებლად. ის წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ფონდს, კავკასიის ბუნების ფონდს.
დევიდი ითანამშრომლობს ყველასთან, საქართველოს მთავრიბასთან, პარლამენტთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, დონორ ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც დაკავებული არიან გარემოსდაცვითი საქმიანობით. მე დარწმუნებული ვარ, ამ ახალი ინსტიტუტის შექმნით ჩვენ დავძლევთ ყველა გამოწვევას”, – ამბობს მამუკა ბახტაძე.

მამუკა ბახტაძე მიიჩნევს, რომ ახალი ინსტიტუტი დაეხმარება მთავრობას ეკოლოგიის მიმართულებით არსებული გამოწვევების დაძლევაში:

“მე შარშან როდესაც წარვადგინე სამთავრობო პროგრამა, გამოვაცხადე, რომ გარემოსდაცვითი ინსტიტუტს ვქმნიდით, რომელიც საშუალებას მოგვცემდა, მიგვეღწია მეტი ინკლუზიურობისთვის. ეს ინსტიტუტი იქნება უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი იმისთვის, რომ ჩვენ დავძლიოთ ეკოლოგიური გამოწვევები”, – ამბობს ბახტაძე.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ახალი ინსტიტუტი, მამუკა ბახტაძის ინიციატივით, გარემოსდაცვითი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად შეიქმნა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, ომბუდსმენი გარემოსდაცვით საკითხებში მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ფიგურა იქნება, რომელსაც საკითხების განმხილველი სამდივნო ეყოლება და რეკომენდაციებს მოამზადებს მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, კანონმდებლობაში განსახორციელებელ ცვლილებებზე, ასევე მონაწილეობას მიიღებს საჯარო განხილვებში და დაინტერესებულ პირებს კონსულტაციებს გაუწევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი