ახალი ამბებისამართალი

რა ვიცით რ2-ის ახალი საქმის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილზე

7 მაისი, 2019 • 4113
რა ვიცით რ2-ის ახალი საქმის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილზე

“რუსთავი 2”-ის 9%-იანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძე “რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორს, სხვა მფლობელებსა და “გაყიდვების სახლს” სასამართლოში უჩივის და 26 მილიონს ითხოვს. მოპასუხე მხარეს შესაგებელი სარჩელის შეტანისთვის 10-დღიანი ვადა აქვს, რის შემდეგაც წინასასამართლო სხდომა ჩაინიშნება. საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი განიხილავს.

“დავას იხილავს  მოსამართლე ქოჩიაშვილი, რომელიც არის ამ ქვეყნისთვის კარგად ცნობილი სამოსამართლეო კლანის წევრი და სრულიად გასაგებია, რა გადაწყვეტილებაც იქნება გამოტანილი”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

კლანში არასამთავრობო ორგანიზაციები მოიაზრებენ მოსამართლეთა ჯგუფს, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ფლობს გავლენიან პოზიციებს და სასამართლო სისტემას მართავს. თავად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები სასამართლოში ყოველგვარი კლანის არსებობას უარყოფენ და NGO-ებს სასამართლოს პოლიტიზებაში სდებენ ბრალს. კლანის ლიდერად მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძის გვარს ასახელებენ, თუმცა სასამართლოს ლიდერები ამ ინფორმაციას ტყუილს უწოდებენ.

ლაშა ქოჩიაშვილს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სასამართლო სისტემაში მისი საქმიანობა თერჯოლაში მოსამართლის თანაშემწედ მუშაობით იწყება. 2007 წელს კი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით საჩხერის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა; 2007 წელს მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოსა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოში; 2008 წელს მივლინებული იქნა ბორჯომის რაიონულ სასამართლოში მოსამართლედ, იმავდროულად, დაეკისრა სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება; 2008-2009 წლებში იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე; 2009-2017 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ დაინიშნა.

დეკლარაციის თანახმად, რომელიც ლაშა ქოჩიაშვილს 2018 წლის 28 მაისს აქვს შევსებული, მოსამართლის საკუთრებაში რეგისტრირებულ ქონებას მხოლოდ მსუბუქი ავტომობილი HUNDAI TUCSON წარმოადგენს. რაც შეეხება შრომის ანაზღაურებას, ქოჩიაშვილმა 2017 წლის განმავლობაში, როგორც საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, 66 709 ლარი გამოიმუშავა, ხოლო იუსტიციის სასწავლო ცენტრში ტრენერობიდან – 10 880 ლარი.

აღსანიშნავია, რომ ლაშა ქოჩიაშვილი არის ერთ-ერთი ის მოსამართლე, ვინც 2017 წელს 31 მარტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ გაკეთებული კრიტიკული განცხადებების გამო ასოციაცია “მოსამართლეთა ერთობა” დატოვა.

კერძოდ, განცხადებაში “მოსამართლეთა ერთობა” წერდა, რომ “მოქმედი [იუსტიციის უმაღლესი საბჭოს] საკადრო პოლიტიკა მიმართული იყო განსხვავებული აზრის ღიად დამფიქსირებელი მოსამართლეების განდევნისა და სისტემაში უკონკურენტო გარემოს შენარჩუნებისკენ… “იუსტიციის უმაღლესი საბჭო იქცა ცალკეულ პირთა ვიწრო ინტერესების სარბიელად, ეს კი გამორიცხავს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და კომპეტენტური სასამართლო სისტემის შექმნის შესაძლებლობას”.

8 მოსამართლემ, რომელთა შორის იყო ლაშა ქოჩიაშვილი, განაცხადა, რომ “მოსამართლეთა ერთობის” განცხადება მათთან შეუთანხმებელი იყო და მის შინაარსს არ იზიარებდნენ.

“მიგვაჩნია, რომ ასოციაციის სახელით განცხადების გაკეთება უნდა ემსახურებოდეს მოსამართლეთა კორპუსის გაერთიანებასა და გაჯანსაღებას და არ უნდა იყოს მიმართული კოლეგების დამცირებისა და შეურაცხყოფისაკენ, რის გამოც ვტოვებთ ასოციაციას”,- განაცხადეს მათ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი და “საქართველოს მოსამართლეთა ერთობის” ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ ლაშა ქოჩიაშვილი  მანამდე “მოსამართლეთა ერთობის” ყველა საქმიანობაში აქტიურად იყო ჩართული,

“ჩემთვის ძნელია შეფასება, კარგი მოსამართლეა თუ ცუდი ლაშა ყოჩიაშვილი, მაგრამ ფაქტები რაღაცაზე მეტყველებს. მან “მოსამართლეთა ერთობა” დატოვა 2017 წლის 31 მაისს, მას შემდეგ, რაც ცოტა ხნით ადრე – 2017 წლის 11 მაისიდან, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, სამწლიანი გამოსაცდელი ვადით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ განწესდა. თავდაპირველად აქტიურად იყო ჩართული ორგანიზაციის საქმიანობაში. შემდეგ გაიხლიჩა შუაზე მოსამართლეთა გარკვეული წრე და ვინც კლანთან აღმოჩნდა, ისინი მხარდაჭერილი აღმოჩნდნენ და დანარჩენები გარიყეს. ცნობილია, რომ “მოსამართლეთა ერთობის” აქტიური წევრები საბჭომ მოსამართლე თანამდებობებზე აღარ დანიშნა, რაც ერთგვარად ცალსახა ნიშანი იყო იმისა, ვინ სად იდგა იმ დროს”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ჯანეზაშვილმა.

ლაშა ქოჩიაშვილის სახელთან დაკავშირებულია “რუსთავის ფოლადის” საქმეც, კერძოდ, მას კომპანია ადანაშაულებდა, რომ დახურვის საფრთხის წინაშე დააყენა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მაშინ ლაშა ქოჩიაშვილის მისამართით “ცილისმწამებლური კამპანიის მიმდინარეობა” დაგმო.

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი ძირითადად კომერციულ დავებს განიხილავს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაცია 2017 წელს შეიქმნა. 4 მოსამართლისგან (თამარ ბურჯანაძე, ლევან მიქაბერიძე, ლაშა ქოჩიაშვილი და სოსო ღურწკაია) დაკომპლექტებული კოლეგია განიხილავს სანივთო-სამართლებრივ დავებს, სამეწარმეო-სამარლებრივ დავებს, გაკოტრების საქმეებს და ვალდებულებით სამართლებრივ დავებს, რომელთა ღირებულებაც, დავის საგნის მიხედვით, 500 000 ლარს აღემატება.

კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაციის შექმნის საკითხის გადაწყვეტა “სათანადოდ დამუშავებისა და ბიზნესსექტორის ჩართულობის გარეშე” მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკის საფუძველი გახდა. სამოქალაქო სექტორი აცხადებდა, რომ ასევე დაუდგენელი კრიტერიუმებით შეირჩა 4 მოსამართლე.

“საბჭოს ასეთი გადაწყვეტილება შეიძლება წარმოადგენდეს საპასუხო ნაბიჯს საბჭოსგან დამოუკიდებელი კომერციული პალატის ჩამოყალიბების იდეის საპირწონედ და ემსახურებოდეს ბიზნესსექტორისათვის მოჩვენებითი ეფექტის შექმნას”, – ნათქვამია განცხადებაში, რომლითაც არასამთავრობო ორგანიზაციები 2017 წლის პირველი აგვისტოდან თბილისის საქალაქო სასამართლოში კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაციის შექმნას გამოეხმაურნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი