ჩემთვის პატივია სამების წინ კონცერტში მონაწილეობა – ნინო სუხიშვილი

ანსამბლ “სუხიშვილების” დირექტორი ნინო სუხიშვილი ამბობს, რომ მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს 17 მაისს სამების წინ  ე.წ. ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავ კონცერტში მონაწილეობა.

“მე საერთოდ წინააღმდეგი ვარ ყველანაირი ძალადობის და აგრესიის. წარმოუდგენელია ჩემთვის, არ მივესალმები ამას არასდროს. სამების წინ კონცერტი ჩემთვის არანაირი ძალადობა არ არის და აგრესია არავის მიმართ. უბრალოდ, ჩემთვის პატივია სამების წინ კონცერტში მონაწილეობის მიღება. თან, მე ვარ მართლმადიდებელი ქრისიტიანი და ვდგავარ იქ, სადაც ჩემი ეკლესია დგას”, – თქვა ნინო სუხიშვილმა საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნების” ეთერში.

გადაცემის წამყვანმა მას შეახსენა, რომ ამ კონცერტში მონაწილეობის გამო “სუხიშვილების” ანსამბლის მიმართ “იყო მუქარაც”, რაზეც სუხიშვილმა უპასუხა:

“ეს ჩემთვის გაუგებარია ნამდვილად. ჩვენ არავის მიმართ აგრესიას არ ვიჩენთ, პირიქით, ტოლერანტულები ვართ ყველას და ყველაფრის მიმართ. ჩემთვის ეკლესია არის სიკეთე და სიყვარული. არ მესმის, რატომ მოიაზრება ეს აგრესიად. ალბათ, რაღაც ინციდენტების გამო არის ეს დამოკიდებულება, მაგრამ ცუდი და კარგი, ბორტი და კეთილი ყველგან არის, ერშიც და ბერშიც. რაც არ მოგვწონს, ჩვენ შიგნიდან უნდა გამოვასწოროთ ეკლესია. ათეიზმით არ შეიძლება აკრიტიკო ეკლესია. ვთვლი, რომ ძალადობა დაუშვებელია, არც იქითა მხრიდან და არც აქეთა მხრიდან. ბავშვობიდან არ გამაჩნია ზიზღი და სიძულვილი და ვერ ვხდები, აგრესია რატომ მოდის ჩვენზე. მთელი ცხოვრება ერის საქმეს ვაკეთებთ და თვითმყოფადობის შენარჩუნების სამსახურში ვდგავართ”, – თქვა ნინო სუხიშვილმა.

17 მაისი – ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე

17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე აერთიანებს იმ საერთაშორისო ღონისძიებებს, რომლებიც ემსახურება ლგბტ უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას მსოფლიო მასშტაბით და გმობს ძალადობას.

ოჯახის სიწმინდის დღედ 17 მაისი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ 2014 წელს გამოაცხადა. აღნიშნულს წინ უძღოდა 2013 წლის 17 მაისის მოვლენები. რამდენიმე ათასმა ადამიანმა, რომლებსაც სასულიერო პირები მეთაურობდნენ, დაარბიეს და აქციის გამართვის საშუალება არ მისცეს ლგბტ ატივისტებს. მათ დააზიანეს ის ავტობუსები, რომლითაც პოლიცია ლგბტ აქტივისტების აგრესიული ადამიანების ნაკადიდან გაყვანას ცდილობდა. საპატრიარქომ სწორედ ამის საპირწონედ გამოაცხადა 17 მაისის ე.წ. ოჯახის სიწმინდის დღედ.

“უკვე მეხუთე წელია, საპატრიარქო მოპარული დღის აღნიშვნას აგრძელებს და ყველა, ვინც ამ დღის ლეგიტიმაციას ახდენს, პირდაპირ მონაწილეობს სიძულვილის გავრცელებაში და ახალისებს ძალადობას!” – აღნიშნული განცხადება ლგბტ აქტივისტებმა 2019 წელს, მას შემდეგ გაავრცელეს, რაც ცნობილი გახდა 17 მაისს სამებასთან კონცერტვის დაგეგმვის შესახებ. არაერთმა ხელოვანმა სხვადასხვა მიზეზით უარი თქვა კონცერტში მონაწილეობაზე, მათ შორის არიან ნინო ქათამაძე და ნიკოლოზ რაჭველი.

აქტივისტებმა “სუხიშვილებსაც” მოუწოდეს კონცერტში მონაწილეობისგან თავის შეკავებაზე, მაგრამ უშედეგოდ. მათ კონცერტის მონაწილეებს შეახსენეს, რომ ჰომოფობიურ კონცერტში მონაწილეობით, შესაძლოა, გაიზიარონ საოპერო მომღერალ თამარ ივერის ბედი. ჰომოფობიური განცხადებების გამო ივერს მსოფლიოს წამყვანმა საოპერო დარბაზებმა რამდენიმე წლის წინ ხელშეკრულებები შეუწყვიტეს და კონცერტების გამართვის საშუალება არ მისცეს. სწორედ ამ ფაქტს მიიჩნევენ “ერთსულოვნების” წამყვანები და ნინო სუხიშვილი მუქარად და აგრესიად.

მთავარი ფოტო: ნინო სუხიშვილის პირადი ფეისბუკ გვერდი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.