ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

პრესისა და გამოხატვის თავისუფლება ჩვენთან უზრუნველყოფილია – აზერბაიჯანის პრემიერი

6 მაისი, 2019 • 1347
პრესისა და გამოხატვის თავისუფლება ჩვენთან უზრუნველყოფილია – აზერბაიჯანის პრემიერი

“აზერბაიჯანში სიტყვის,  პრესის,  გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ნებისმიერს შეუძლია საკუთარი აზრი გამოხატოს. ასევე უზრუნველყოფილია პოლიტიკური უფლებები, ადამიანის თავისუფლებები. მათ ცალკეულ პოლიტიკურ ორგანიზაციებში გაწევრიანება შეუძლიათ”, – ამის შესახებ აზერბაიჯანულ გამოცემა trend.az-სთან საუბარში ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა და მმართველი “ენი აზერბაიჯანის” აღმასრულებელმა მდივანმა, ალი აჰმედოვმა განაცხადა.

“რეალობა ის არის, რომ პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიერ გატარებული პოლიტიკა ხალხის მიერ ცალსახად მხარდაჭერილია. ეს მმართველი პარტიის ელექტორატს ზრდის და ოპოზიციის მხარდამჭერთა მაჩვენებელს ამცირებს”.

აზერბაიჯანის პრემიერი ამბობს, რომ უკვე მრავალი წელია ოპოზიცია ვერ ამუშავებს სრულყოფილ კონცეფციას და ელექტორატის და საკუთარი პოზიციების სტრატეგიას. შესაბამისად, ხალხი არ ენდობა ოპოზიციას, რომელიც მისი განცხადებით, საზღვარგარეთიდან მიღებული ფულის სანაცვლოდ ხელისუფლების მიმართ ცილისმწაბლურ და შეურაცხმყოფელ პოლიტიკას ეწევა.

“ისინი კოორდინაციულ ფუნქციას ასრულებენ, გარკვეულ დავალებებს აძლევენ ქვეყნის შიგნით, რითაც იდეოლოგიურ ნიადაგს ქმნიან, რომელიც სიცრუისგან, ცილისწამებისგან და შეურაცხყოფისგან შედგება. მათ მიიღეს თავშესაფრები საზღვარგარეთ და ახლა იქიდან აკრიტიკებენ აზერბაიჯანს. ყოველივე ამას აზერბაიჯანის მოქალაქეები კარგად ხედავენ და ამის ზედმეტად დამტკიცება არც არის საჭირო, ყველაფერი აშკარაა”.


თანამედროვე აზერბაიჯანის ხელისუფლება განსხვავებული აზრის, კრიტიკისა და ხელისუფლებისადმი არალოიალური განწყობების გამო ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებსა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს დევნის. Freedom House-ის ახალი, 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, დემოკრატიის მაჩვენებლით რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მდგომარეობა აზერბაიჯანშია. აღნიშულ ანგარიშში აზერბაიჯანის შესახებ წერია, რომ ავტორიტარიზმი ქვეყანაში სულ უფრო ღრმავდება, პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და მისი ოჯახის ძალაუფლება კი კიდევ უფრო ძლიერდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი