ახალი ამბები

სუს-მა “უკვდავი პოლკის” აქციის ორგანიზატორები აკრძალული სიმბოლიკის შესახებ გააფრთხილა

6 მაისი, 2019 • 1951
სუს-მა “უკვდავი პოლკის” აქციის ორგანიზატორები აკრძალული სიმბოლიკის შესახებ გააფრთხილა

სუს-მა “უკვდავი პოლკის” აქციის ორგანიზატორებს აკრძალული საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენების თაობაზე გააფრთხილება გაუგზავნა.

9 მაისს გორში, ნინოწმინდაში, ბათუმსა და ახალქალაქში დაგეგმილი “უკვდავი პოლკის” აქციის ორგანიზატორის, რევაზ გოგიძის თქმით, მან ოფიციალური წერილით მიმართა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს და ე.წ. გიორგის ლენტების გამოყენების ნებართვა ითხოვეს, რაზეც უარი მიიღო.

“ვიცოდით, რა პასუხსაც მივიღებდით, მაგრამ ჩვენი ვალი მოვიხადეთ. ჩვენ გვინდოდა, ხალხისთვის, ტურისტისთვის, ვინც ამ ლენტით მოდის, აგვეხსნა, რომ არ შეიძლება და ახლა მაქვს საბუთი, რომლის საფუძველზეც ვეტყვით, რომ არ გაიკეთონ ეს ლენტი. ჩვენ კანონმორჩილი ხალხი ვართ”, – განაცხადა რევაზ გოგიძემ.

პრემიერის პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ აღნიშნული საკითხი სუს-თან არსებულმა სპეციალურმა კომისიამ შეისწავლა და “თავისუფლების ქარტიაზე” დაყრდობით აქციის ორგანიზატორებს გაფრთხილება გაუგზავნა.

“თავისუფლების ქარტიის” კანონის მიზანია “საერთაშორისო სტანდარტების, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების გათვალისწინებით, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, ტერორიზმისა და ქვეყნის უშიშროების საფუძვლების ხელყოფის აღკვეთა; თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობის ნორმების ეფექტიანი ამოქმედება და ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცება; კომუნისტური, ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების საფუძვლების გაღვივების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; კომუნისტური, ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის, საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების აღმოფხვრა; აგრეთვე, კომუნისტური, ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი და პროპაგანდის სხვა საშუალებების აკრძალვა”.

9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავთან დაკავშირებით, “უკვდავი პოლკის” სახელით  საქართველოში რამდენიმე ღონისძიება გაიმართება.

ამავე თემაზე:

რუსეთში დაფუძნებული “უკვდავთა პოლკი” 9 მაისს, ჭავჭავაძის გამზირზე, მსვლელობას გეგმავს

მასალების გადაბეჭდვის წესი