მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება

ავტორი: ირაკლი მენაღარიშვილი. სტატია გამოქვეყნდა 2017 წელს რონდელის ფონდის ვებგვერდზე.


უკანასკნელ ხანს როგორც  ქვეყნის  შიდა  დისკუსიაში, ისე  ცალკეული საგარეო  პარტნიორების  მიერ საქართველოს  მომავლის  შესახებ  მსჯელობისას კვლავ  გააქტიურდა  საქართველოს  მიერ ნეიტრალიტეტის, როგორც შესაძლო  სტრატეგიული არჩევანის  თემა.  ზოგიერთი პოლიტიკური  ძალა  და  პოლიტიკოსი დაჟინებით  ცდილობს საზოგადოება  კვლავ  დაუბრუნდეს  ამ  არაერთხელ  უკვე  განხილულ  საკითხს. იგივე  რეკომენდაცია  სულ უფრო მკაფიოდ ისმის  მოსკოვიდანაც.  უფრო მეტიც,  ამგვარი არჩევანის უარყოფის შემთხვევაში  ქვეყნისათვის კატასტროფული შედეგებითაც იმუქრებიან. ყოველივე ამის გამო საჭიროდ მიგვაჩნია  კიდევ ერთხელ  შევახსენოთ  საქართველოს საზოგადოებას  რამდენიმე  ძირითადი ცნობა ნეიტრალიტეტის, როგორც სახელმწიფოთა ურთიერთობის ფორმის შესახებ  და  ზოგიერთი ის არგუმენტი, რაც საფუძვლად დაედო  ამ საკითხზე   ქვეყნის  მიერ  გაკეთებულ არჩევანს.

ორიოდე სიტყვა ნეიტრალიტეტის შესახებ

ტერმინი neitraliteti  ასახავს  სახელმწიფოთა   შორის  ურთიერთობებსა და ამავე დროს იმ სახელმწიფოს სამართლებრივ  სტატუსს,  რომელიც სხვა სახელმწიფოთა  შორის მიმდინარე საომარ მოქმედებებში არ მონაწილეობს.

სახელმწიფომ შეიძლება ნეიტრალიტეტი გამოაცხადოს ერთი  კონკრეტული  კონფლიქტის შემთხვევაში.  თუმცა  საერთაშორისო სამართალი და  პრაქტიკა ნეიტრალიტეტის სხვა სახეებსაც იცნობს:

  • მუდმივი ნეიტრალიტეტი – უარი მომავალ შესაძლო ომებში მონაწილეობაზე;
  • შეიარაღებული ნეიტრალიტეტი – თუ ნეიტრალიტეტის გამოცხადებისას ქვეყანა იტოვებს უფლებას ჰქონდეს შეიარაღებული ძალა და დაიცვას თავი ან ნეიტრალური სტატუსი;
  • ლეგალური (გაფორმებული  შიდა  ან საერთაშორისო აქტით) – მაგ. ავსტრია, შვეიცარია, ლუქსემბურგი, მოლდოვა;
  • ფაქტობრივი  ( ფორმალური  აქტის  გარეშე) – მაგ. შვეცია, ფინეთი;

ჩვენს შემთხვევაში სწორედ  „მუდმივი ნეიტრალიტეტის“  შესახებ ვსაუბრობთ, რადგანაც  საქართველოს  ნეიტრალობის  მოსურნენი სწორედ  ასეთი  არჩევანის გაკეთებას ითხოვენ.

მუდმივი ნეიტრალიტეტი ნიშნავს  სხვათა მიერ  აღიარებულ  საერთაშორისო სტატუსს, რაც გულისხმობს  ამ  სახელმწიფოს  ვალდებულებას  სამუდამოდ თქვას უარი ომში მონაწილეობაზე. ის  იტოვებს  მხოლოდ  უფლებას, თავი დაიცვას  გარეშე აგრესიისაგან.  ამასთან,  მან უნდა იკისროს ვალდებულება  არ  შევიდეს  არავითარ ორმხრივ  ან  მრავალმხრივ  სამხედრო ალიანსში.  მუდმივი ნეიტრალიტეტის მქონე ქვეყანა საკუთარი გადაწყვეტილებით  უარს  ვერ  იტყვის ერთხელ არჩეულ  ამგვარ სტატუსზე.

ბუნებრივია, ქვეყანა მუდმივ ნეიტრალიტეტს ირჩევს თავისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვის, საკუთარი უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით. როგორც წესი, ამგვარი სახელმწიფოები მცირე ან საშუალო სიდიდის არიან.

როგორც  ზემოთ აღვნიშნეთ,  ნეიტრალიტეტის შესახებ  განაცხადი  შეიძლება მხარდაჭერილი იქნას  საერთაშორისო სამართლებრივი  აქტით (შვეიცარია, ავსტრია,თურქმენეთი), თუმცა  ეს  ფორმალური აქტი შეიძლება არც შეიქმნას  და ქვეყანა ფაქტობრივად  გახდეს  ნეიტრალური. ამასთან, ყველა ზემოაღნიშნული  ვალდებულება  მისთვის  აუცილებელი ხდება (შვედეთი, ფინეთი).

ისტორიამ იცის არაერთი მცდელობა, როცა სახელმწიფოებმა    ნეიტრალიტეტის  გამოცხადება    უსაფრთხოების  გარანტიების  მისაღებად გამოიყენეს.  წარმატებული  ნეიტრალიტეტის  მქონე   ქვეყანა  კი  ბევრად  ნაკლებია.  ვცადოთ  გარკვევა ამ  მოვლენის მიზეზებში.

როგორია  რეალობა?

მუდმივი ნეიტრალიტეტის  საერთაშორისო – სამართლებრივი  საფუძველი  საკმარისად მტკიცე არ გახლავთ. არც მოქმედი სამართლებრივი აქტები  და  არც არსებული  პრაქტიკა მუდმივი  ნეიტრალიტეტის  მქონე ქვეყნებს   გარეშე  ხელყოფისაგან  დაცვის  სანდო  გარანტიას არ  აძლევს. ამდენად,  მუდმივად ნეიტრალურ  სახელმწიფოდ  თავის  გამოცხადება  სულაც არ  ნიშნავს   ავტომატურად  უსაფრთხოების გარანტიების  მიღებას.

ირაკლი მენაღარიშვილი © მეცნიერებათა აკადემია

მუდმივი ნეიტრალიტეტის  მსურველი ქვეყანა მხოლოდ თავს მოიტყუებს,  თუ  მის  გადაწყვეტილებას ნეიტრალობის  გამოცხადებაზე  არ  დაეთანხმებიან და თავისთვის  სასურველად არ  ჩათვლიან  მასზე ძლიერი  სახელმწიფოები.

არცთუ  შორეული წარსულიდან  ამგვარი  მწარე გამოცდილების  რამდენიმე  მკაფიო  მაგალითი  არსებობს:

  • ბელგია მე-19  საუკუნიდან  ლეგალურად გაფორმებული და საყოველთაოდ აღიარებული  ნეიტრალური ქვეყანა იყო.  ამას ხელი არ  შეუშლია  გერმანიისათვის  ორივე მსოფლიო ომში უხეშად დაერღვია მისი ნეიტრალური სტატუსი და მისი ოკუპაცია მოეხდინა. ბოლოს ბელგიამ ხელი აიღო ნეიტრალიტეტის სტრატეგიაზე  და ნატოს თანადამფუძნებელი  გახდა.
  • 1956  წელს  უნგრეთმა ანტიკომუნისტური  ამბოხის  შემდეგ  სცადა  გარეშე აგრესიისაგან  თავის დაცვა  ნეიტრალიტეტის  გამოცხადებით.  მიუხედავად ამისა, საბჭოთა  შეიარაღებულმა ძალებმა სისხლში  ჩაახშეს  უნგრელთა  მცდელობა,  საკუთარი ბედი თავად განეკარგათ.
  • ქვეყნის  უსაფრთხოების  გაძლიერების,  კერძოდ კი,  დარღვეული  ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და  ქვეყნიდან  უცხო ჯარების  გაყვანის  იმედით მოლდოვამ  უკვე სცადა ის გზა, რასაც  ახლა  საქართველოს სთავაზობენ და 1994  წელს მის კონსტიტუციაში ოფიციალურად  ჩაიწერა მოლდოვის  მუდმივი  ნეიტრალიტეტის სტატუსის შესახებ.  ბუნებრივია, ეს ნაბიჯი უშედეგო  აღმოჩნდა.

დასახელებული მაგალითებით  ორ  მნიშვნელოვან  დასკვნამდე  მივდივართ :

პირველი  დასკვნის  ფორმულირებას  ბ-ნ ალექსანდრე რონდელს დავესესხები:  „ნეიტრალური ქვეყანა არ უნდა წარმოადგენდეს სხვა სახელმწიფოს პოლიტიკის მნიშვნელოვან ობიექტს“.

მეორე  კი გვკარნახობს, რომ  მუდმივი ნეიტრალიტეტის  პროექტის წარმატებისათვის   უმნიშვნელოვანესია  რეგიონული  კონტექსტი, ანუ ის,  თუ როგორია გარემო თქვენ ირგვლივ და ვინ არის  თქვენი  მეზობელი.  მით უმეტეს, თუ  ნეიტრალიტეტის  გამოცხადებას  სწორედ  იგი გთავაზობთ.  ტყუილად როდი ამბობენ, რომ ნეიტრალიტეტი ფაქტობრივად მეზობლების არჩევანია,  მათი შეთანხმების  შედეგია  და   მათივე დასაცავი. ამიტომაც ნეიტრალიტეტი  სრული დამოკიდებულებაა მეზობლებზე.

ალბათ დამეთანხმებით, რომ ორივე ეს დასკვნა საქართველოს მიერ  მუდმივი ნეიტრალიტეტის გამოცხადების პერსპექტივას სრულად უარყოფს.

კიდევ რამდენიმე საკითხი

მუდმივი ნეიტრალიტეტის  პროექტის   წარმატებისათვის ასევე  საჭიროა, რომ   სახელმწიფოს   შეეძლოს  საკუთარი თავის დაცვა.  ამის   საუკეთესო  მაგალითი შვეიცარიაა.  ამ   პატარა  მთიან  ქვეყანას  მეტად ეფექტური  სამხედრო  სამსახური  აქვს, რომელიც  ტერიტორიული თავდაცვის  პრინციპზეა აგებული  და,  ექსპერტთა დასკვნით,  მეტად მაღალი ბრძოლის უნარი აქვს.  შვეიცარიის თავდაცვის  სისტემა  ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი  გარანტია  მისი ნეიტრალური  სტატუსისა.  თუ  გადავხედავთ  ნეიტრალური  ქვეყნების სიას,  დავრწმუნდებით,  რომ  საგარეო  საფრთხის  არარსებობა თითოეულ   მათგანს  ნეიტრალური სტატუსის შენარჩუნების  და  თავდაცვითი ალიანსებისაგან  თავის შეკავების  საშუალებას  აძლევს.

ამდენად,   ნეიტრალიტეტი  ძვირი სიამოვნებაა, რადგან  ის მოითხოვს  ქვეყნის საკუთარი ძალებით დაცვას, რაც  საქართველოსთვის  დღეს  ეს  შეუძლებელი  ფუფუნებაა.

ამასთან, ამგვარი  გადაწყვეტილება  გამორიცხავს  მოკავშირეობას. ე.ი.  მისი გამოცხადება საქართველოსათვის მხოლოდ    ქვეყნის  ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე  ხელის აღებას ნიშნავს.

თუ სიმართლეს  თვალს  გავუსწორებთ,  ნათელი  გახდება, რომ  ჩვენი  ჩრდილოელი  მეზობლისა  და   ჩვენივე  თანამემამულე   ნეიტრალიტეტის   მომხრეთა   საბოლოო მიზანი  სწორედ საქართველოს   სტრატეგიული არჩევანის  შეცვლაა.  უკვე ვთქვით, რომ  ამ მიზანს  აღარც  მალავენ. უფრო  მეტიც,  ამ   მოთხოვნას  მოსკოვი თბილისსაც  უყენებს  და  კიევსაც.

აქვე   უნდა გავიხსენოთ, რომ   რუსეთის  ფედერაციისა  და  მისი  წინამორბედი  საბჭოთა  კავშირის  საგარეო  პოლიტიკაში  ეს ე.წ. „ ნეიტრალიტეტის  თავსმოხვევის“  პოლიტიკა  ერთობ  ფართოდ  გამოიყენებოდა  და გამოიყენება.

სწორედ  სსრკ-ის  მოთხოვნით გახდა იძულებული  ავსტრია,  ნეიტრალიტეტის ვალდებულება  აეღო.   ნეიტრალიტეტი  ავსტრიიდან  საბჭოთა  საოკუპაციო  ჯარების  გამოყვანის  პირობად  დაუყენეს  და   სწორედ  საბჭოთა კავშირთან  დადებული ხელშეკრულების  საფუძველზე გაფორმდა.  არსებობს  ცნობები,  რომ სტალინი  გერმანიის  გაერთიანებაზე  თანხმობის  პირობად  მის მიერ  მუდმივი  ნეიტრალიტეტის  გამოცხადებას  აყენებდა.  ამგვარად,  რუსეთის ფედერაცია,  უბრალოდ,  ტრადიციას  არ  ღალატობს

დაბოლოს, დავესესხებით  ავსტრიელ მკვლევარს, გ. შტორცს, რომელიც  მცირე  ქვეყნების  მუდმივი  ნეიტრალიტეტის  თაობაზე  მსჯელობისას  აღნიშნავს  ამ  საკითხში არსებულ, როგორც იგი უწოდებს, „ სიახლოვის პარადოქსს“. „სიახლოვის პარადოქსი მდგომარეობს  იმ  ფაქტში,  რომელზეც  ჯერ  კიდევ  მაკიაველი  მიუთითებდა – შენი მეგობრები შენგან  მოკავშირეობას  მოითხოვენ ,  მტრები  კი – ნეიტრალიტეტს “.  ანუ  ქვეყნის  ნეიტრალიტეტი  პოტენციურად  უფრო  მტრულ  ძალას  აწყობს,  ვიდრე  უფრო  მეგობრულ  ძალას  ან  ბლოკს“.  ამ  მოსაზრებას  ალბათ  გავიზიარებთ.

დასკვნის  ნაცვლად

ნეიტრალიტეტი  საქართველოს  საგარეო  პოლიტიკისათვის  უცხო  როდია. მას  ნეიტრალიტეტის პოლიტიკის  წარმატებით  გამოყენების გამოცდილებაც აქვს. სწორედ ასეთი გახლდათ  საქართველოს  პოზიცია  ჩვენი  უშუალო მეზობლების სამხედრო დაპირისპირებისას.  ის უდავოდ  ერთადერთი სწორი  არჩევანი  იყო.  მან  თავიდან  აგვაცილა კონფლიქტის  ქვეყნის ტერიტორიაზე  გადმოდინება  და  საფუძველი  შეუქმნა სიტუაციის  შედარებით  სტაბილიზაციის  შემდეგ  რეგიონში ერთგვარი  ბალანსის  შექმნას.

ნეიტრალიტეტი  საერთაშორისო  ურთიერთობების  საინტერესო  ინსტრუმენტია,  რომელსაც   საქართველო,  იმედია,  მომავალშიც  არაერთხელ  გამოიყენებს. მაგრამ  გამოიყენებს  სერიოზული განსჯის   შემდეგ  და  ქვეყნის  ინტერესების  შესაბამისად  და არა  აგრესიულად განწყობილი  მეზობლის  კარნახით.  მეზობლის,  რომელმაც  ჯერ  საქართველოს ტერიტორიის  ნაწილის  ოკუპაცია  მოახდინა  და ახლა  ცდილობს   ქვეყანა    სრულად  დაუქვემდებაროს  თავის  გავლენას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი