ახალი ამბებისაზოგადოება

დაპირისპირება ორ ჯგუფს შორის “უკვდავი პოლკის” იდეის გამო თბილისში

6 მაისი, 2019 • 3002
დაპირისპირება ორ ჯგუფს შორის “უკვდავი პოლკის” იდეის გამო თბილისში

9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავთან დაკავშირებით, თბილისში “უკვდავი პოლკის” სახელით ორი პარალელური ღონისძიება გაიმართება.

“უკვდავი პოლკის” მთავარ მიზნად დეკლარირებულია მეორე მსოფლიოს ომის მონაწილეთა ხსოვნის უკვდავყოფა. ინიციატივას დღევანდელი სახით საფუძველი ჩაეყარა 2011 წელს რუსეთში, პირველი მსვლელობაკი, ტრანსპარანტებითა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ახლობლებისა და ოჯახის წევრების ფოტოებით, 2012 წლის 9 მაისს გაიმართა. ოფიციალური ინფორმაციით, “უკვდავი პოლკი” არაკომერციული და არაპოლიტიკური ინიციატივაა, თუმცა მასში ყოველ წელს მონაწილეობენ რუსი მაღალჩინოსნები, მათ შორის, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.

“უკვდავი პოლკი”, რევაზ გოგიძის ორგანიზებით, საქართველოში 2017 წლიდან მოქმედებს. ყოველწლიურად, 9 მაისს, მათი შეკრების ადგილი ვაკის პარკია.

წელს, ასევე “უკვდავი პოლკის” სახელით, ჭავჭავაძის გამზირზე აქცია-მსვლელობა დააანონსა “ევრაზიის ინსტიტუტის” დამფუძნებელმა გულბაათ რცხილაძემ, რომელსაც რევაზ გოგიძე თვითმარქვიას უწოდებს.

“გულბაათ რცხილაძემ გადაწყვიტა, პოლიტიზება გაუკეთოს ამ თემას და შეკრიბა პოლიტიკური პარტიები: კომუნისტები და სხვა. აიღო ჩვენი სახელი და ლოგო და აპირებს მსვლელობის მოწყობას, რომელსაც ვეწინააღმდეგები. ეს იქნება პროვოკაციული სვლა და საქართველოს არაფერში სჭირდება. მე ხალხი არ მყავს ორგანიზებული, მივდივარ ვაკის პარკში და მოდიან ისინი, ვისაც უნდა, პატივი სცეს დაღუპულ გმირებს”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” რევაზ გოგიძემ.

რევაზ გოგიძესთან ერთად ვაკის პარკში დაგეგმილი ღონისძიების თანაორგანიზატორია ლიკა ზახაროვა, სლავი ხალხების ეროვნული კონგრესის პრეზიდენტი.

რევაზ გოგიძე და ლიკა ზახაროვა

გულბაათ რცხილაძე ამ ჯგუფს ინტრიგანებს უწოდებს და ამბობს, რომ მის მიერ ორგანიზებული მარში აპოლიტიკური ხასიათისაა.

“არ ვიცი, ინტრიგანები რას იძახიან. ჩვენ ყველა მხრიდან გვებრძვიან: ლიბერალები  დასავლეთიდან და ასევე, რუსეთის აგენტები, რომლებიც ამბობენ, რომ რაღაცას ვითვისებთ. ეგენი არიან რუსეთის აგენტები. ერთ-ერთ აგენტს, ლიკა ზახაროვას 2011 წელს საქართველოს მოქალაქეობა სააკაშვილმა მიანიჭა.. ისინი არაფერს აკეთებდნენ 2017 წლიდან. ვაკის პარკში შეკრება და სეირნობა ერთია და ჩვენ მარშით ჩავივლით ჭავჭავაძეზე (კუს ტბის ასახვევიდან უცნობი ჯარისკაცის საფლავამდე). მე ვამბობ, ყველა, ვისაც უნდა პატივი მიაგოს წინაპრებს, თუნდაც “ნაციონალური მოძრაობა” იყოს, შემოგვიერთდეს. ეს უნდა იყოს გაერთიანების დღე. ცალკეული პარტიების წამომადგენლები შეიძლება შეურთნდნენ აქციას, თუმცა თვითონ მსვლელობა რამე პარტიულ ორგანიზაციასთან არ უნდა გაიგივდეს. დადგა დრო, უკვდავი პოლკის ეგიდით თბილისში ნამდვილი ღონისძიება ჩატარდეს. ჩვენ ამას ფულის გამო არ ვაკეთებთ, განსხვავებით ჩვენი ოპონენტებისგან… თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ჩვენ ვიღაცის იდეა ავიღეთ, მოვიდეს და გაგვიძღვეს, პრობლემა არ არის”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” გულბაათ რცხილაძემ.

მიუხედავად იმისა, ორივე ჯგუფი ამბობს, რომ სწორედ თვითონ ატარებს ღონისძიებას “უკვდავი პოლკის” ეგიდით”, როგორც რევაზ გოგიძე, ისე გულბაათ რცხილაძე უარყოფენ, რომ რუსეთში დაფუძნებულ “უკვდავ პოლკთან” სტრუქტურული, ორგანიზაციული კავშირი აქვთ.

გულბაათ რცხილაძე

“ჩვენ ვართ ევქარისტულ კავშირში ერთმანეთთან, ვის ვიცნობ, ვისთან ვმეგობრობ, ცალკე საკითხია და არა მგონია, საზოგადოებისთვის საინტერესო იყოს”, – აცხადებს რცხილაძე.

გოგიძის თქმით კი, “უკვდავი პოლკი მხოლოდ “ხალხური მოძრაობაა”.

მსოფლიოში “უკვდავი პოლკის” მსვლელობის საორგანიზაციო საერთაშორისო საინფორმაციო ცენტრის ვებ-გვერდზე საქართველოს კოორდინატორად რევაზ გოგიძე ფიგურირებს. ამ საიტზე ქვეყნების ჩამონათვალში ცალკე სახელმწიფოებად არის წარმოდგენილი აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.

თბილისისს გარდა “უკვდავი პოლკი” 9 მაისს გორში, ნინოწმინდაში, ბათუმსა და ახალქალაქში შეიკრიბება. რევაზ გოგიძის თქმით, მათ ოფიციალური წერილით მიმართეს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს და ე.წ. გიორგის ლენტების გამოყენების ნებართვა ითხოვეს, რაზეც უარი მიიღეს.

“ვიცოდით, რა პასუხსაც მივიღებდით, მაგრამ ჩვენი ვალი მოვიხადეთ. ჩვენ გვინდოდა, ხალხისთვის, ტურისტისთვის, ვინც ამ ლენტით მოდის, აგვეხსნა, რომ არ შეიძლება და ახლა მაქვს საბუთი, რომლის საფუძველზეც ვეტყვით, რომ არ გაიკეთონ ეს ლენტი. ჩვენ კანონმორჩილი ხალხი ვართ”, – განაცხადა რევაზ გოგიძემ.

შსს-ში ამბობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს მართლწესრიგის დაცვას და ნებისმიერი პირის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში იმოქმედებს კანონის შესაბამისად.

“უკვდავი პოლკის” მსვლელობა წელს 80 ქვეყანაში იგეგმება.

“საქართველოს ატლანტიკური საბჭოს” თავმჯდომარე დავით სიხარულიძე მიიჩნევს, რომ “უკვდავი პოლკი” პუტინისტური პროპაგანდის გამოვლინებაა, ისევე როგორც ამ აქციისას გამოყენებულ სიმბოლიკის, “გიორგის ლენტების” ჩათვლით, არავითარი კავშირის არ აქვს მეორე მსოფლიო ომთან და წარმოადგენს კრემლის ამჟამინდელი აგრესიული პოლიტიკის მხარდაჭერის სიმბოლოს.

“უკვდავი პოლკი” პუტინისტური  პროპაგანდის კიდევ ერთი გამოვლინებაა. პუტინისტური პროპაგანდა შემჩნეულია სწორედ მეორე მსოფლიო ომის თემატიკის და რიტორიკის გამოყენებაში მისი ამჟამინდელი აგრესიული პოლიტიკის გასამართლებლად. ეს არის რუსული რბილი ძალის გამოვლინება. ასე რომ, საქართველოში “უკვდავი პოლკის” მსვლელობის გამართვა მიზანშეწონილი არ არის. ვფიქრობ, საქართველომ, მთელ მსოფლიოსთან ერთად, ფაშიზმის დამარცხების დღე 8 მაისს უნდა იზეიმოს”, – ამბობს სიხარულიძე.

ამავე თემაზე:

რუსეთში დაფუძნებული “უკვდავთა პოლკი” 9 მაისს, ჭავჭავაძის გამზირზე, მსვლელობას გეგმავს

მასალების გადაბეჭდვის წესი