ახალი ამბები

“სხვა ქვეყნების ბაზები არ გვჭირდება, ეს პროვოკაცია იქნება” – “პატრიოტთა ალიანსის” შეკრება თბილისში

4 მაისი, 2019 • 2593
“სხვა ქვეყნების ბაზები არ გვჭირდება, ეს პროვოკაცია იქნება” – “პატრიოტთა ალიანსის” შეკრება თბილისში

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა” თბილისის სპორტის სასახლეში შეკრება გამართა. პარტიის ლიდერების ძირითადი გზავნილები საქართველოს სამხედრო მიუმხრობლობისკენ მოწოდება, თავდაცვის ხარჯების შემცირება და ამის ხარჯზე სოციალური პრობლემების მოგვარება იყო.

“რუსეთი მუდმივად ამბობს, რომ საქართველო მისთვის საფრთხეა, რადგან ეს ტერიტორია შეიძლება გამოიყენოს ნატომ. ჩვენ ამას არავინ არ გვეუბნება”, – მიმართა პარტიის ლიდერმა, დავით თარხან მოურავმა მხარდამჭერებს. მისი თქმით, საქართველო ნატოში ინტეგრაციისა და თავდაცვისთვის ზედმეტად ბევრ ფულს ხარჯავს.

“ერთადერთი გზა უსაფრთხოების და სიმშვიდის, ბაზრის გახსნის, ეს არის სამხედრო მიუმხრობლობა. ერთადერთი გზა ფულის გამოთავისუფლებისა”, – დაამატა მან.

"პატრიოტთა ალიანსის" ყრილობა თბილისში. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია "პატრიოტთა ალიანსის" ყრილობა თბილისში. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

პარტიის კიდევ ერთმა ლიდერმა, პარლამენტის წევრმა ირმა ინაშვილმა კი ქვეყანაში არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ბიუჯეტში საკმარისი ფულია, რათა “ქვეყანაში ბავშვები არ შიმშილობდნენ”. მისი თქმით, სახელმწიფომ საოჯახო ბიზნესებს მხარი უნდა დაუჭიროს, თავდაცვის ხარჯები კი შეამციროს.

თარხან-მოურავის მსგავსად, სამხედრო მიუმხრობლობა ინაშვილმაც ახსენა, საქართველოში სხვა ქვეყნის ბაზების გახსნა კი “პროვოკაციად” შეაფასა.

“ჩვენ არცერთი ქვეყნის სამხედრო ბაზა არ გვჭირდება საქართველოს ტერიტორიაზე. ეს იქნება უდიდესი პროვოკაცია, გამოწვევა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ”, – თქვა მან.

დღესვე, “პატრიოტთა ალიანსმა” ყოველდღიური აქციებიც დააანონსა, რომლებიც 27 მაისიდან დაიწყება.

ამავე თემაზე წაიკითხეთ:

რატომაა პრობლემური „პატრიოტების“ მოთხოვნა თავდაცვის ბიუჯეტის შემცირებაზე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი