ახალი ამბები

“წითელი ბარათი პრეზიდენტს” – აქცია თბილისში

4 მაისი, 2019 • 1127
“წითელი ბარათი პრეზიდენტს” – აქცია თბილისში

მოძრაობის “რუსეთი ოკუპანტია” აქტივისტებმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან აქცია გამართეს. მათ ზურაბიშვილის ის განცხადება გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც საქართველოში ამერიკული ბაზების გახსნა ზურაბიშვილის რეკომენდებული არ ჰგონია.

“მსგავსი განცხადებები არის ქვეყნისათვის დამღუპველი, ანტისახელმწიფოებრივი და ერთი ერთში იმეორებს რუსეთის, ოკუპანტი ქვეყნის პოზიციას”, – ასე აფასებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, აქტივისტი მარიამ დოლიძე პრეზიდენტის ზემოაღნიშნულ კომენტარს. მისი თქმით, დღევანდელი აქციით პასუხი მოსთხოვეს არამხოლოდ სალომე ზურაბიშვილს, არამედ მის მხარდამჭერ დეპუტატებსაც საკანონმდებლო ორგანოდან.

“პრეზიდენტობამდეც არაერთი ცუდი განცხადება გაუკეთებია, მათ შორის რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომზე და ახლა განსაკუთრებით ვეხებით ბოლოდროინდელ განცხადებებს ამერიკის ბაზებთან დაკავშირებით. მხოლოდ ქალბატონ სალომეს არ ვთხოვთ ამ განცხადებებზე პასუხს. პასუხს ვთხოვთ ასევე იმ პარლამენტარებს, რომლებიც წინასაარჩევნოდ აქტიურ მხარდაჭერას უცხადებდნენ მას. ჩვენ არ გავჩერდებით და უკვე წითელ ბარათს ვაჩვენებთ, რადგან საქართველოს პრეზიდენტი ყოველგვარ ზღვარს გადავიდა”, – აღნიშნავს მარიამ დოლიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

აქციის მონაწილეებმა რეზიდენციასთან მიტანილ წითელ ბარათებზე საკუთარი გზავნილებით განათავსეს. ისინი ხელმოწერილი ბარათების სალომე ზურაბიშვილისთვის გაგზავნას გეგმავენ.


“არ მგონია, ეს რეკომენდირებული იყოს”, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამერიკის ხმის კითხვას, რას ფიქრობს საქართველოში ამერიკული ბაზის აშენებაზე:

“ვფიქრობ, ეს ქვეყანა ისეთ ადგილზე მდებარეობს, სადაც უსაფრთხოება უნდა გავაძლიეროთ. არაა საჭირო გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება პროვოკაციად იქნას აღქმული და ამასთან, არ მგონია, შეერთებული შტატები აქ სამხედრო ბაზის ქონისთვის მზად იყოს, რაც ყურადღებას მიიქცევს არა მხოლოდ რუსეთისგან, არამედ ტერორისტული მოძრაობებისგანაც, რომლებიც ჩვენს რეგიონში ძალიან აქტიური არიან”- აცხადებს ზურაბიშვილი.

საქართველოში ამერიკული ბაზის აშენება არ მგონია რეკომენდირებული იყოს – ზურაბიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი