ახალი ამბები

თბილისში შვილებზე ძალადობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

4 მაისი, 2019 • 847
თბილისში შვილებზე ძალადობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

პოლიციამ თბილისში, ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის  მოქალაქე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, ამჟამად მას საქართველოში დროებითი ბინადრობის უფლება აქვს.

შსს-ს თანახმად, ამჟამად დაკავებულმა პირმა 30 აპრილს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციას მიმართა და სახლიდან გაქცეული არასრულწლოვანი შვილების მოძებნაში დახმარება ითხოვა. იმავე დღეს, პოლიციას აღნიშნული მოქალაქის არასრულწლოვანმა შვილებმაც მიმართეს და განაცხადეს, რომ მამა მათზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობდა.

“საგამოძიებო პროცესებში ჩაერთნენ სოციალური მუშაკებიც, რომლებმაც ორივე გოგონა დაუყოვნებლივ მცირე საოჯახო ტიპის სახლში გადაიყვანეს”, – აღნიშნავს უწყება.

სამინისტროს თანახმად, პოლიციამ დაადგინა, რომ მოქალაქე საკუთარ შვილებზე ძალადობდა, რის გამოც ის მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.

გამოძიება წინასწარი შეცნობით ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი