ვიტანჯები, რომ ოჯახის წევრებს ემოციებს ვერ ვუზიარებ – სმენისარმქონე ლინდას ისტორია

ლინდა ფარტენაძე 15 წლისაა.  მშობლები სხვადასხვა გზით ცდილობდნენ ლინდას პრობლემის მოგვარებას, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს. მას ორი წლის წინ მოუხდა საკუთარი ოჯახის მიტოვება, განათლება რომ მიეღო. ლინდა თავად ყვება იმ ტკივილზე, რომელიც მშობლებისგან და და-ძმისგან დაშორებამ მიაყენა.   


ლინდა ფარტენაძე 15 წლის

საბავშვო ბაღშიც დავდიოდი, მაგრამ არ მესმოდა ბავშვების, ვერ ვხვდებოდი რაზე მელაპარაკებოდნენ, ვერ ვარჩევდი.  შესაბამისად, არც ურთიერთობა მქონდა მოლაპარაკე ბავშვებთან. სმენა რომ არ მქონდა, ამის შესახებ მშობლებმა გვიან გაიგეს.

როცა მშობლებმა ყურში იმპლანტი გამიკეთეს უკვე 6 წლის ვიყავი. ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში დავდიოდი, მაგრამ ვერ ვსწავლობდი, რადგან მაინც არ მესმოდა. ჟესტური ენა კი არც მე ვიცოდი და არც სკოლაში იცოდნენ. 

13 წლის ვიყავი, როცა მშობლებმა ქუთაისის 45 სკოლაში გადამიყვანეს. ეს სპეციალური სკოლაა და აქ დავიწყე პირველად ჟესტური ენის სწავლა. ორი წელია რაც ვსწავლობ, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი რამ მჭირდება განვითარებისთვის. 

სკოლაში ყველა საგანს გვასწავლიან ჟესტურ ენაზე. ახლა უკეთ ვიგებ, მაგრამ ზოგჯერ მიჭირს გაგება. სკოლაში უცხო ენას არ გვასწავლიან, თუმცა არის სახელოვნებო წრეები.

ცხოვრება სკოლა-პანსიონში ოჯახისგან შორს

ძალიან გამიჭირდა, დედ-მამა სულ მენატრებოდა, ახლაც იშვიათად ვხვდები მათ და ძალიან მიჭირს. ღამ-ღამობით ხშირად ვტიროდი, რადგან ოჯახისგან, და-ძმებისგან შორს ყოფნას არ ვიყავი მიჩვეული. ჩემი სახლი მენატრებოდა. მინდოდა ჩემს ქალაქში მესწავლა, მაგრამ ბათუმში სკოლა არ არის, სადაც სმენის არმქონე ბავშვები ისწავლიან.  საჯარო სკოლაში სიარულს აზრი არ აქვს, რადგან იქ ჟესტური ენის მასწავლებლები არ ჰყავთ და გაკვეთილზე ვერაფერს ვერ ვიგებდი.

მიჭირს, მაგრამ ვითმენ… ვითმენ იმიტომ, რომ განათლება მივიღო. ამ სკოლაში ბევრი პატარა ბავშვია, რომლებიც ჩემსავით ოჯახისგან შორს არიან. ისინიც ისევე ტირიან, როგორც მე ვტიროდი პირველხანებში. ვცდილობ დავამშვიდო ისინი, მაგრამ საღამოობით, როცა იძინებენ, მაინც მოწყენილები არიან. 

ძალიან განვიცდი, რომ ჟესტური ენა არც ჩემმა მშობლებმა იციან და არც და-ძმამ იცის. ვიტანჯები იმის გამო, რომ არ შემიძლია ჩემს და დას ან ძმას ჩემი ემოციები გავუზიარო.  ერთმანეთთან მხოლოდ მიმოწერა გვაქვს და ხშირად ესეც გაუგებარია ჩემთვის… ძალიან რთულია. მინდა შემეძლოს უფრო მეტი ემოცია გამოვხატო მათ მიმართ და მათი სიყვარულიც ვიგრძნო. ბებია ხშირად მენატრება. როცა მხედავს ლოყებზე მკოცნის. ვგიჟდები ისე მიყვარს. მინდა ჩემი ოჯახის წევრებს ესმოდეთ ჟესტური ენა.   

საზოგადოება

როცა მაღაზიაში შევდივარ რაიმეს შესაძენად, გამყიდველი ვერ იგებს რას ვეუბნები. ძალიან მწყინს. როცა ვცდილობ გავაგებინო, მაგრამ მაინც ვერ ხვდებიან, ცდილობენ ყურადღება სხვაზე გადაიტანონ. 

ჟესტური ენა არ იციან აფთიაქში, საავადმყოფოში, ქუჩაში ვერავის გამოელაპარაკები, რადგან ვერავინ ვერ ხვდება რას ეუბნები. არავინ ცდილობს ისწავლოს, რომ ჩვენს სრულფასოვან ადამიანებად ვიგრძნოთ თავი. ბუნებრივია, როცა ჟესტებზე თითქმის არავინ საუბრობს, სხვაზე ვხვდები დამოკიდებული. მე კი მინდა, რომ ჩემი საქმეების მოგვარება თვითონ შემეძლოს, დამოუკიდებლად. არ მინდა თავს ისე ვგრძნობდე, თითქოს ჩვენს არსებობას ვერ გრძნობდეს საზოგადოება. 

სახელმწიფო ვერ მხედავს

მე ვერ ვგრძნობ, რომ  სახელმწიფო გრძნობს ჩვენს პრობლემებს. ვფიქრობ, არ ზრუნავს ჩემზე სათანადოდ, რადგან იძულებული ვარ მივატოვო ჩემი ოჯახი და ჩემი ნების საწინააღმდეგოდ გადავიდე სხვა ქალაქში საცხოვრებლად. მე მაქვს განათლების მიღების უფლება, მაგრამ თუ დავრჩებოდი ჩემს ქალაქში, ვერასდროს შევძლებდი სწავლას. ვერ ვისწავლიდი ჟესტურ ენას და ვერც განათლებას მივიღებდი. 

არც ბაღებში, არც სკოლაში, სმენისარმქონე ბავშვებს არ აქვთ განვითარების საშუალება. საქართველოში მხოლოდ ორი სპეცსკოლაა – ქუთაისსა და თბილისში, სხვა უფრო პატარა რეგიონებში სმენისარმქონე ბავშვებისთვის არანაირი შესაძლებლობა არ არის, რომ ჟესტური ენა ისწავლონ. სკოლის სპეცმასწავლებელმა ჟესტური ენა არ იცის. არც სხვა ბავშვებმა იციან, რომ მათთან ურთიერთობა შეძლო.   

როცა  სწავლას დავასრულებ, მინდა სტილისტად ვიმუშაო და ძალიან გამიხარდება თუკი ადამიანები მოახერხებენ ჩემთან ურთიერთობას.  

ძალიან მინდა ჩემს ოჯახთან ერთად ვიცხოვრო და აქ ბათუმში მივიღო განათლება. მინდა უფრო მეტად ვგრძნობდე სითბოს, სიყვარულს და რაც შეიძლება მეტ ადამიანთან მქონდეს ურთიერთობა ჟერსტურ ენაზე. 

 

მასალა მომზადებულია პროექტის  “უჩინარების ისტორიები” ფარგლებში.

პროექტი უჩინარები. აშშ-ს საელჩო

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com