ახალი ამბები

ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის მხარდამჭერი სიმღერის გამო რუსეთში last.fm-ზე წვდომა შეზღუდეს

3 მაისი, 2019 • 2198
ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის მხარდამჭერი სიმღერის გამო რუსეთში last.fm-ზე წვდომა შეზღუდეს

რუსეთის კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მასმედიის ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა (როსკომნადზორმა) ქვეყნის მასშტაბით მუსიკალურ ვებსაიტ last.fm-ზე წვდომა შეზღუდა. ამის მიზეზად ჩეჩნეთის მეორე ომის დროს დაწერილი სიმღერა სახელდება, რომელიც რუსეთის სასამართლომ 2015 წელს „ექსტრემისტულად“ მიიჩნია.

სიმღერა, სახელად „სამოთხე ხანჯლების ჩრდილის ქვეშ“, ეკუთვნის თემურ მუცურაევს, ჩეჩენ მომღერალსა და ბარდს. ეს სიმღერა, „ნოვაია გაზეტას“ თანახმად, 2015 წელს რუსეთის სასამართლომ „ექსტრემისტულად“ მიიჩნია.

მუცურაევის პირველი სიმღერა, „იერუსალიმი“, 1999-2000 წლებში, გროზნოს ბრძოლისას, ჩეჩნეთის მეორე ომის დროს გახდა პოპულარული. თავის სიმღერებში, მათ შორის აკრძალულ სიმღერაში, მუცურაევი მხარს უჭერს ჩეჩნეთის — ჩეჩნეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკა იჩქერიის — ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის.

„ექსტრემისტული მასალების“ რეესტრში მისი სხვა სიმღერებიც ფიქსირდება, მათ შორის- „იერუსალიმი“, „ოპოზიციონერი“ და ა.შ

როგორც „მედუზა“ წერს, მუცურაევის სიმღერები, რომლებსაც ჩეჩენი მებრძოლები და დამოუკიდებლობის მხარდამჭერები უსმენდნენ, „ჩეჩნეთის ომისდროინდელ ერთ-ერთ მთავარ კულტურულ ფენომენად რჩება“.

ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიამ 1991 წლის 5 სექტემბერს გამოაცხადა დამოუკიდებლობა, მისი პრეზიდენტი ჯოხარ დუდაევი გახდა. იჩქერიასა და რუსეთის ფედერაციას შორის ომი 1994 წელს დაიწყო, როდესაც იჩქერიაში რუსეთის ქვედანაყოფები შევიდნენ. პირველი ომი 1996 წელს ჩეჩნეთის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა სამ წელიწადში ჩეჩნეთის მეორე ომი დაიწყო, რომელიც ჩეჩნეთის დე ფაქტო დამოუკიდებლობის გაუქმებით და რუსეთის მიერ ტერიტორიის დაკავებით დასრულდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი