ახალი ამბები

“ქურდული სამყაროს” წევრობაში ბრალდებულებს სასამართლომ 7.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა

3 მაისი, 2019 • 1099
“ქურდული სამყაროს” წევრობაში ბრალდებულებს სასამართლომ 7.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებულ სამი პირს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. კიდევ ერთი პირი კი დანაშაულის შეუტყობინებლობაში ცნო დამნაშავედ და 5 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით,  2018 წლის მაისში ბრალდებული პირები, მათი კრიმინალური გავლენის და „კანონიერი ქურდის“ სახელის გამოყენებით, ზესტაფონში ერთ-ერთ მეწარმეს აიძულებდნენ, მიეღო „კანონიერი ქურდის“ მფარველობა სამეწარმეო საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელებისთვის. სანაცვლოდ მეწარმეს მოგებიდან 30%-იანი წილი „კანონიერი ქურდის“ ოჯახისა და ახლობლებისთვის უნდა დაეთმო, ან მათთვის სისტემატურად გარკვეული თანხა გადაეხადა.

უწყებაში აცხადებენ, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ აღნიშნული დანაშაულის შესახებ იცოდა ა.ბ-მ, თუმცა ამის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა:

“სამართალდამცველებმა მ.ბ., თ.კ. და ა.ბ. 2018 წლის 7 ივნისს, ხოლო ხ.ს. 2018 წლის 12 დეკემბერს დააკავეს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ოთხივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და ხ.ს-ს, მ.ბ-ს და თ.კ-ს სასჯელის სახედ და ზომად, თითოეულს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლება აღკვეთა, ხოლო ა.ბ-ს ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით განუსაზღვრა”, – აცხადებენ პროკურატურაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი