ახალი ამბები

გაპროტესტების შემდეგ ცენტრებთან მანქანები ისევ გამოჩნდნენ – სოცმუშაკები

3 მაისი, 2019 • 852
გაპროტესტების შემდეგ ცენტრებთან მანქანები ისევ გამოჩნდნენ – სოცმუშაკები

სოციალური მუშაკების თქმით, მას შემდეგ, რაც შესაბამისი განცხადება გაავრცელეს, სოციალური მომსახურების სააგენტოს ცენტრებთან დღეს, 3 მაისს, მათთვის გამოყოფილი მანქანები გამოჩნდნენ.

სოცმუშაკებმა 2 მაისს თქვეს, რომ მიუხედავად დაპირებებისა, გადაუდებელი საქმეებისთვის გამოყოფილი მანქანები არა ცენტრებთან, არამედ სამინისტროსთან იდგნენ, რაც ხელის შემშლელი ფაქტორი იყო.

“თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრებთან დღეს დილიდან მანქანები გამოჩნდენ სოციალური მუშაკების გადასაადგილებლად.

სამწუხაროა, რომ შეასრულებს თუ არა სოციალური მუშაკი მის მოვალეობას, იქნება თუ არა მობილური, დამოკიდებულია, რამდენად „ხმამაღლა ვიყვირებთ“ მედიაში და არ არსებობს მდგრადი მექანიზმი, რომელიც ჯეროვნად უზრუნველყოფს სოციალური მუშაკების ბენეფიციარებამდე/მომსახურებამდე გადაადგილებას”, – აცხადებენ სოცმუშაკები.

სოციალურმა მუშაკებმა გუშინ, 2 მაისს, განცხადება გაავრცელეს, სადაც თქვეს, რომ გადაუდებელი/სწრაფი რეაგირების მანქანები სოციალური მომსახურების ცენტრებთან მხოლოდ 2 კვირის განმავლობაში იდგა, შემდგომ კი ისინი წერეთლის გამზირის N144-ში (ჯანდაცვის სამინისტროს მისამართი) გადაიყვანეს.

სამინისტროს პასუხის მიხედვით, რომელიც უწყებამ ნეტგაზეტს 2 მაისსვე მიაწოდა, “ამ ეტაპზე სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მობილიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები ბავშვზე ზრუნვის საკითხებთან დაკავშირებით მომართვებზე რეაგირებისათვის საკმარისია. მოთხოვნის გაზრდის შემთხვევაში სააგენტო მზადაა დაამატოს სატრანსპორტო საშუალებები სამუშაო პროცესის გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად”. 

გარდა ამისა, უწყებამ განაცხადა, რომ რეგიონებში ავტომობილები სოციალური მომსახურების სააგენტოს ცენტრებთან არიან განთავსებული. რაც შეეხება თბილისს, სოცმუშაკის მიერ გამოძახების შემთხვევაში, ადგილზე მისასვლელად ავტომობილს 40 წუთზე მეტი არ დასჭირებია (დედაქალაქში მოძრაობის ინტენსივობის გათვალისწინებით).

 


სოციალური მუშაკები 25 მარტს გაიფიცნენ. ისინი წინასაგაფიცვო პროცესში დაახლოებით 2 თვის განმავლობაში იყვნენ, რა დროსაც სამინისტროსა და სოცმუშაკებს შორის მედიაციის პროცესის დაიწყო. თუმცა, სოცმუშაკების შეფასებით, უშედეგოდ დასრულდა.

სოციალური მუშაკები გაფიცვის მიზეზად ასახელებდნენ ტრანსპორტის პრობლემას, ბენეფიციართა დასახმარებლად საჭირო რესურსების ნაკლებობას, არასათანადო სამუშაო პირობებსა და დაბალ ანაზღაურებას. ისინი ამბობდნენ, რომ შეზღუდული რესურსების გამო ვერ ახერხებენ ადამიანებისთვის შესაბამისი მომსახურების გაწევას და ხშირად უწევთ თავიანთი პირადი ფინანსების დახარჯვა ბენეფიციართა პრობლემების მოსაგვარებლად.

სამინისტროსთან რამდენიმე შეხვედრისა და მოლაპარაკების შემდეგ, 2 აპრილს სოცმუშაკებმა გაფიცვა შეწყვიტეს. მიუხედავად გაფიცვის შეწყვეტისა, სოციალურმა მუშაკებმა მიიღეს გადაწყვეტილება პროფესიული კავშირის დაფუძნების შესახებ და ყველა იმ საკითხზე, რომელზეც ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმება ვერ მოხდა, მუშაობა კოლექტიური მოლაპარაკების ფორმატში გაგრძელდება.

სოცმუშაკების ინფორმაციით, შეთანხმება მოხდა შემდეგ საკითხებზე:

  • სოციალური მუშაკის სამუშაო განიტვირთა ტექნიკური საქმიანობისგან
  • სოციალური მომსახურების ცენტრებში გამოიყო 12 მანქანა და მაისის ბოლომდე იგეგმება კიდევ 18 მანქანის დამატება. ხოლო მაისის ბოლომდე დასრულდება მოლაპარაკებები ტაქსის კომპანიებთან, რათა საჭიროების შემთხვევაში მოხდეს სოციალური მუშაკების ტრანსპორტირება
  • 12 იურისტი დაემატება სოციალური მომსახურების ცენტრებს
  • გამარტივდა “ექსპერტიზის ბიუროსთან” ხელმოწერის პროცედურა
  • დაემატა 1 ფსიქოლოგი თბილისში
  • დაიგეგმა ინსფრასტრუქტურისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით ტენდერის გამოცხადება.

შეთანხმება ვერ შედგა შემდეგ საკითხებზე:

  • არ შექმნილა მეურვეობისა და მზრუნველობის სისტემაში არსებულ გამოწვევებზე რეაგირების საბჭო ჩვენ მიერ მოთხოვნილი შემადგენლობით, სადაც უნდა შევიდნენ როგორც პრაქტიკოსი სოციალური მუშაკები, ასევე, დარგის ექსპერტები და არასამთავრობო ორგანზიაციები
  • არ მომხდარა სოციალური მუშაკების ხელფასის განაკვეთის ზრდის განხილვა
  • საპროცესო წარმომადგენლობასთან დაკავშირებით დაიგეგმა სხვა უწყებებთან მოლაპარაკებების წარმოება, ასევე, უწყების შიგნით საკითზე მუშაობა, თუმცა ჯერჯერობით საკითხი რჩება ღიად

ჯანდაცვის სამინისტრო მოცემულ პირობებს არღვევს – სოცმუშაკები

მასალების გადაბეჭდვის წესი