აივ/შიდსის ეპიდემია შესაძლოა, დასრულდეს — მასშტაბური კვლევა | Lancet

შიდსის ეპიდემიას, შესაძლოა, ბოლო მოეღოს. ამის იმედს იძლევა საეტაპო კვლევა, რომლითაც აღმოაჩინეს, რომ გეი კაცები, რომელთა სისხლშიც ანტირეტროვირუსული მედიკამენტებით მკურნალობის შედეგად [შიდსის სხვანაირი მკურნალობა არ არსებობს] ვირუსის რაოდენობა ნულს უტოლდება, პარტნიორებს აივ/შიდსს ვერ გადასდებენ, — იუწყება გამოცემა „გარდიანი“.

გამოცემის თანახმადვე, ეს ნიშნავს, რომ თუკი ყველა, ვისაც აივ/შიდსი აქვს, ბოლომდე დათრგუნავს ვირუსს, ინფექცია აღარ გავრცელდება. 8-წლიანი კვლევის შედეგები 2 მაისს გამოქვეყნდა გავლენიან სამედიცინო ჟურნალ “ლანცეტში”.

კვლევის ფარგლებში, ევროპის მასშტაბით, კაცების 972 წყვილს აკვირდებოდნენ, რომელთაგან თითო აივ-ინფიცირებული იყო და ვირუსის დასათრგუნად მედიკამენტებს იღებდა. არცერთ შემთხვევაში კვლევაში მონაწილე ჯანმრთელ პარტრიორს აივ-დადებითი პარტნიორისგან კონდომის გარეშე სექსით ინფექცია არ გადასდებია.

მართალია, კვლევის მიმდინარეობისას კვლევის დაკვირვების ქვეშ მყოფი 15 ჯანმრთელი პარტნიორი აივით დაინფიცირდა, თუმცა დნმ-ის ტესტირებით დადგინდა, რომ ინფექციის წყარო არა კვლევაში მონაწილე მკურნალობის ქვეშ მყოფი პარტნიორი, არამედ სხვა ადამიანი იყო.

რას ნიშნავს ეს შედეგები?

„[შედეგები] შესანიშნავია, ფანტასტიკურია!.. ეს ნიშნავს, რომ გეი წყვილებისთვის აივით დაინფიცირების შანსი ანტირეტროვირუსული თერაპიის შემთხვევაში ნულს უტოლდება. ეს შედეგი თანხვედრაშია გავრცელებულ მოსაზრებასთან, რომ თუკი აივ ვირუსი ორგანიზმში შეუმჩნეველია, მაშინ ის არ გადაედება“, — განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა პროფესორმა ელისონ როჯერსმა.

„ამ ძლიერმა მესიჯმა, შესაძლოა, ხელი შეუწყოს აივ პანდემიის დასრულებას. ამ ინფორმაციამ, შესაძლოა, ხელი შეუწყოს იმ სტიგმისა და დისკრიმინაციის დასრულებას, რასაც აივ/შიდსის მქონე ადამიანები აწყდებიან“, – განაცხადა მან. როჯერსის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, აივ-დადებით ადამიანებს ხელი მიუწვდებოდეთ ტესტირებასა და ეფექტურ მკურნალობაზე.

მართალია, ეს კვლევა მხოლოდ გეი კაცების წყვილებში ჩატარდა, თუმცა, როგორც „გარდიანი“ აღნიშნავს, ჰეტეროსექსუალ წყვილებში ჩატარებული მსგავსი კვლევებიც მსგავს შედეგს აჩვენებს.

რა არის აივ/შიდსი და როგორ მკურნალობენ მას?

აივი ნიშნავს ადამიანის იმუნიდეფიციტის ვირუსს, შიდსი კი არის აივ ინფექციით გამოწვეული მდგომარეობა. ეს ვირუსი ადამიანის ორგანიზმში აღწევს დაუცველი სექსუალური კავშირით, სისხლით, ასევე, დედიდან შვილზე (მკურნალობის უგულებელყოფის შემთხვევაში).

აივ/შიდსს სწორედ ანტირეტროვირუსული პრეპარატებით მკურნალობენ, მათ შორის, საქართველოში.

ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ აივ/შიდსი დროთა განმავლობაში აზიანებს ადამიანის იმუნურ უჯრედებს და ასუსტებს მას. თუმცა მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, ხელმისაწვდომია თანამედროვე პრეპარატები, რომლის წყალობითაც აივ/შიდსი უკვე წლებია არ არის მომაკვდინებელი.

ის მართვად, ქრონიკულ მდგომარეობად გადაიქცა. თუ ადამიანები დროულად იწყებენ მკურნალობას, ვირუსის რაოდენობა სისხლში იკლებს და ნულს უტოლდება, ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა უმჯობესდება და აივ-დადებითი ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა უტოლდება არაინფიცირებულის ხანგრძლივობას.

გაუმჯობესებული მდგომარეობის შესანარჩუნებლად აუცილებელია მკურნალობის გაგრძელება — მედიკამენტის ყოველდღიურად მიღება, ასევე ჯანმრთელობის რეგულარული კონტროლი ექიმის მეთვალყურეობით.

სტატისტიკა მსოფლიოსა და საქართველოში

Reuters-ის თანახმად, ეპიდემიის გავრცელებიდან — 1980-იანი წლებიდან დღემდე – მსოფლიოში აივით 77 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, რომელთა თითქმის ნახევარი — 35.4 მილიონი ადამიანი — გარდაიცვალა.

The Guardian-ის ცნობით, 2017 წელს თითქმის 40 მილიონ ადამიანს ჰქონდა აივი, მათგან კი მხოლოდ 21.7 მილიონი გადიოდა მკურნალობას.

ამავე მეთოდით მკურნალობენ აივ/შიდსს საქართველოშიც. ტესტირება და მკურნალობა მოქალაქეებისთვის უფასოა — ამას საქართველოს სახელმწიფო „გლობალური ფონდთან“ ერთად აფინანსებს.

2018 წლის ოქტომბრისთვის ქვეყანაში ოფიციალურად გამოვლენილი და რეგისტრირებული იყო აივინფიცირების 7283 შემთხვევა, თუმცა შიდსის ცენტრში ვარაუდობდნენ, რომ ქვეყანაში აივინფიცირებულთა რაოდენობა 12000-ს აღწევდა. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდე იყო.

შიდსის ცენტრის თანახმად, ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი აჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია.

დროული მკურნალობა მნიშვნელოვანია

მკურნალობის შემთხვევაში, ინფიცირებულიდან არაინფიცირებულზე ვირუსის გადაცემის შანსი უკიდურესად დაბალია. აივ/შიდსით ინფიცირებულებს შეუძლიათ გააჩინონ სრულიად ჯანმრთელი შვილები, რომლებიც არ იქნებიან ვირუსის მატარებელი. ასეთ დროს მნიშვნელოვანია ექიმის რეკომენდაციების გათვალისწინება. ვირუსისგან თავდაცვის ყველაზე ეფექტიანი გზა არის უსაფრთხო სექსი პრეზერვატივის გამოყენებით.

შეიძლება, წლები ისე გავიდეს, რომ აივ-მა ადამიანის ორგანიზმში უსიმპტომოდ დაჰყოს, სწორედ ამიტომ ენიჭება დიდი მნიშვნელობა დროულ ტესტირებას და, შესაბამისად, დროულ მკურნალობას.

უფასო ტესტირებისთვის მიმართეთ შიდსის ცენტრს მისამართზე: თბილისი, ალ. ყაზბეგის 16 (ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორია). ტელ: (+995 32) 2 39 80 18)

ნახეთ ნეტგაზეთზე:

როგორ გავაჩინე 2 შვილი აივ/შიდსით ინფიცირების შემდეგ|ზეპირი ისტორია

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com