ახალი ამბები

“შუღლის გაღვივება”, “პროვოკაცია” – რას ნიშნავს მეუფე იობის რიტორიკა დავით-გარეჯზე?

2 მაისი, 2019 • 3576
“შუღლის გაღვივება”, “პროვოკაცია” – რას ნიშნავს მეუფე იობის რიტორიკა დავით-გარეჯზე?

რუის-ურბნისის მიტროპოლიტი იობი სამღვდელოებასთან ერთად დღეს, 2 მაისს, დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსში იმყოფებოდა, სადაც სასაზღვრო პრობლემასთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთა.

სასულიერო პირმა ახსენა “რელიგიური ომის” შესაძლებლობა, უარყოფითად მოიხსენია მუსლიმები და თქვა, რომ “თუ საქმეს სისხლი დასჭირდა”, პირველ რიგში, სასულიერო პირები უნდა წავიდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსების ნაწილი აღნიშნულ გამონათქვამებს აგრესიულად და  შუღლის გაღვივების წახალისებად აფასებს.

მიტროპოლიტ იობის თქმით, აზერბაიჯანული მხარე “ბევრ რამეს არ უყურებს” და თავისი ქმედებებით “რელიგიური ომის” შესაძლებლობას ქმნის.

“ბევრ რამეს არ უყურებენ, განსაკუთრებით იმას, რომ იმდენად დიდ საშიშროებას ქმნიან, რომ შეიძლება ეს გადაიზარდოს რელიგიურ კონფლიქტში, რაც არის ყოვლად დაუშვებელი. ეს არ იქნება დროებითი კონფლიქტი, ეს იქნება მუდმივი კონფლიქტი. ჩემი აზრით, ამას ვიღაცა მართავს. ეს არც აზერბაიჯანის მხარეს აწყობს, არც საქართველოს”, – თქვა მან.

მიტროპოლიტის განცხადებით, “თუ საქმეს დასჭირდა სისხლი”, ერს სასულიერო პირებმა მაგალითი უნდა მისცენ.

“ჩვენ იქით უნდა შევედაოთ, რომ დავუბრუნოთ ერთუბნის მონასტრის კომპლექსი და, ფაქტობრივად, ჩვენ უნდა განვაცხადოთ, რომ ჰერეთი არის საქართველო, თუკი საქმეს დასჭირდა სისხლი, პირველ რიგში, ჩვენ უნდა წავიდეთ სასულიერო პირები და მაგალითი მივცეთ ერის ადამიანებს”, – თქვა მან და დაამატა, რომ ფიქრობს, საქმე აქამდე არ მივა.

სასულიერო პირმა თემის კომენტირებისას ისლამოფობიური რეპლიკაც გამოიყენა და მუსლიმური ქვეყნები “ეშმაკის მსახურებს” შეადარა.

“[ამ ტერიტორიაზე] სიმაღლეები არის და, ფაქტობრივად, ეს რისთვის სჭირდება ამ მესაზღვრეებს, აზერბაიჯანის მხარეს? სჭირდება იმისთვის, რომ ჩვენ გაგვაკონტროლონ იქით. თვალში ნაცარს გვაყრიან და გვეუბნებიან, მუსულმან ქვეყნებზე, რომ ჩვენი მეგობრები და ჩვენი ძმები არიან. ეს იცით, რას ნიშნავს, რომ ქრისტიანმა თქვას, რომ ეშმაკის მიმდევარი და ეშმაკის მსახური ჩვენი მეგობარია. მათზე არის სულიერი დამღა მუსულმანობის და ისტორიული მეხსიერება ჩვენ არ გვღალატობს და გვახსოვს, რომ ყოველთვის განსაცდელები ასეთი ქვეყნებიდან მოდიოდა”, – აღნიშნა მან.

პირველი პოლიტიკოსი, ვინც სასულიერო პირის ზემოაღნიშნულ განცხადებებს გამოეხმაურა, “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი უგულავა იყო. განცხადება მან “უმაღლესი დონის პროვოკაციად” შეაფასა და თქვა, რომ პრობლემის მოგვარების ნაცვლად, მიტროპოლიტის რიტორიკა შუღლის გაღვივებისკენაა მიმართული.

ასე ფიქრობს ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელი  ეკა ჭითანავაც. მისი აზრით, სასულიერო პირის განცხადებები ძალადობას ახალისებს და სასულიერო პირი ქართველების ისტორიული მეხსიერებით აპელირებას ცდილობს.

“ეს არის შუღლის გაღვივებისა და ძალადობის წამახალისებელი განცხადება. ასეთი რიტორიკა მიუღებელი უნდა იყოს სასულიერო პირის მხრიდან. იგი მანიპულირებს ქართველების ისტორიული მეხსიერებითა და გარეჯთან დაკავშირებული სენტიმენტებით და ამგვარი განცხადებებით კონფლიქტის პროვოცირებას ახდენს.

არ შეიძლება დავით-გარეჯის საკითხის რელიგიური კუთვნილების კონტექსტში განხილვა, რადგან ეს არის საკითხი, რომელიც ორი სახელმწიფოს პოლიტიკურმა ლიდერებმა დიპლომატიური და პოლიტიკური მოლაპარაკების გზით უნდა გადაწყვიტონ”, – აღნიშნა მან.

მისივე აზრით, ისლამოფობიურია მიტროპოლიტ იობის კომენტარის ის ნაწილი, რომელშიც მუსლიმური ქვეყნების შესახებ საუბრობს.

“ის ჩვენი ისტორიის ძალიან სახიფათო ჭრილში ინტერპრეტაციას ახდენს დღეს, როცა დავით გარეჯზე საუბრობს. რა თქმა უნდა, განცხადება  სიძულვილის ენას შეიცავს ისლამის, როგორც რელიგიისა და რელიგიის მიმდევართა მიმართ. განსაკუთრებით მიუღებელია ასეთ კონტექსტში საუბარი, როცა საქართველოს მოსახლეობის 10% მუსლიმია”, – აცხადებს ეკა ჭითანავა.

სასულიერო პირის განცხადებები “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” ხელმძღვანელისთვისაც პრობლემურია. თამთა მიქელაძე ფიქრობს, რომ ნაცვლად მშვიდობისაკენ მოწოდებისა, სასულიერო წრეების ნაწილი აგრესიული რიტორიკის შემოტანას ცდილობს საზოგადოებაში.

“მგონია, რომ არასწორია ესკალაციაზე და დაძაბულობაზე ორიენტირბული მიდგომები და ამ იდეების კულტივირება. სამწუხაროა, რომ ამ ვნებათაღელვას სასულიერო პირებიც შეუერთდნენ, ნაცვლად იმისა, რომ მშვიდობიან თანაცხოვრებაზე და საკითხების დიპლომატიური გზით მოგვარებაზე იყვნენ ორიენტირებულნი.

ჩემთვის ძალიან სიმპტომატურია ის, რომ მაშინ, როცა გარკვეული სოციალური კრიზისები არსებობს ქვეყანაში, მაღალი სასულიერო იერარქები ხმას არ იღებენ, ეკონომიკური და პოლიტიკური ძალაუფლებების მხარეს არიან. მაგრამ, როცა დადგება საკითხი, რომელიც ეთნიკურ სენტიმენტებს უკავშირდება, ისინი ეთნონაციონალისტური იდეების გამოყენებით, აგრსიული რიტორიკით შედიან საჯარო სივრცეში”, – უთხრა თამთა მიქელაძემ “ნეტგაზეთს”.

“ესაა სამწუხარო ნიმუში, როგორ ერევა ეკლესიის წარმომადგენელი სახელმწიფოს საკითხებში” – ასეთია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის მოსაზრება. მისი თქმით, მიტროპიოლიტი პირდაპირ შეეწინააღმდეგა მართლმადიდებელი ეკლესიის პრინციპს, როცა რიტორიკაში ეთნიკური საკითხი შემოიტანა.

“ჩემთვის, როგორც ქრისტიანი ადამიანისთვის, რომელიც ქრისტიანობასთან თავისი ნებითა და შეგნებით მივიდა, გამაოგნებელია, რომ მართლმადიდებელი ეპისკოპოსი ქართველობას უფრო წინ აყენებს, ვიდრე ქრისტიანობას. როცა მართლმადიდებელ ეპისკოპოსს  ეთნიკური საკითხი შემოაქვს, ის შედის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ აღიარებულ ძალიან მძიმე მწვალებლობაში.

მით უმეტეს [პრობლემურია], როცა ერევიან სახელმწიფო საქმეში. მათი საქმე არაა, როდის როგორ დადგინდება საზღვარი. ეს სახელმწიფოს საქმეა. ცუდად თუ კარგად, ვფიქრობ, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, თუმცა შეიძლება მეტის გაკეთებაც

…ნებისმიერი მცდელობისას, დაძაბოს სიტუაცია ამ ხალხმა, საჭიროა, სახელმწიფო ჩაერიოს და ასეთი გამოხტომები აღკვეთოს”, – აღნიშნა მან “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

“საქართველოს საპატრიარქო კატეგორიულად ემიჯნება ნებისმიერი სასულიერო თუ საერო პირის მიერ ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მეგობრული დამოკიდებულების გამწვავების ყოველგვარ მცდელობას და მუსლიმთა რწმენის შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს მიიჩნევს გაცნობიერებულ თუ გაუცნობიერებელ პროვოკაციად როგორც სხვა ეროვნებების, ისე ქართველ მუსლიმთა მიმართ”, – ეს განცხადება საქართველოს საპატრიარქომ დღეს გაავრცელა.

განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის, იგულისხმება თუ არა მიტროპოლიტი იობი, რომელიც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში დღეს იმყოფებოდა და ისლამოფობიური განცხადებებიც გააკეთა.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის უდაბნოს მონასტერთან განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაცია მედიაში 25 აპრილს გავრცელდა. დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა კირიონმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა გადაკეტეს და სასულიერო პირებს ადგილზე თავისუფლად მოძრაობის საშუალება აღარ აქვთ.

ამ ინფორმაციას მალევე გამოეხმაურა დავით ზალკალიანი, რომელმაც თქვა, რომ დავით გარეჯის უდაბნოს მონასტერში ქართველი მომლოცველების გადაადგილების კუთხით შექმნილი “პრობლემა ამ ეტაპზე ამოწურულია”.

საქართველოსა და აზრბაიჯანს შორის ზუსტად დადგენილი საზღვარი არ არსებობს. გარეჯის სამონასტრო კომპლექსი სწორედ საზღვართან მდებარეობს და მის ნაწილს აზერბაიჯანელი მესაზღვრეები აკონტროლებენ.

ამავე თემაზე

საპატრიარქო სასულიერო პირების ისლამოფობიურ განცხადებებს ემიჯნება და პროვოკაციად აფასებს

მასალების გადაბეჭდვის წესი