ახალი ამბებისამართალი

გახარია ხორავას საქმის ზედამხედველ გამომძიებელს აქებს და აწინაურებს

2 მაისი, 2019 • 1537
გახარია ხორავას საქმის ზედამხედველ გამომძიებელს აქებს და აწინაურებს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი იმ გამომძიებელს აქებს და აწინაურებს, რომელსაც ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმის უშუალო ზედამხედველობა ჰქონდა ჩაბარებული და რომლის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაც საპარლამენტო უმცირესობამ მოითხოვა.

გამომძიებელ ირაკლი ფიფიას დაწინაურების შესახებ გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა უმცირესობის დეპუტატ სერგო რატიანის საპასუხოდ.

საგამოძიებო კომისიის წევრი იყავით და ძალიან კარგად იცით, ირაკლი ფიფია [ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით საქმის უშუალო გამომძიებელი] ვინ იყო და რა გააკეთა… კახა სირაძე [თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებელი] ვინ იყო და რა გააკეთა. ბატონი ფიფია არის თბილისის სამმართველოს ერთ-ერთი საუკეთესო გამომძიებელი და ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული პოლიციელი. რაც შეეხება ბატონ სირაძეს, მას საერთოდ არ ჰქონდა ზედამხედველობა ამ საქმეზე. ამ საქმესთან დაკავშირებით ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არის არა მხოლოდ ჩემი, არამედ ბევრი პოლიციელის ღირსების თემა და ამ ღარსებას ჩვენ თქვენი შეკითხვებით დიდი ხანი არ დაგაზიანებინებთ. შალვა ბედოიძე [შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი], თუ არ ვცდები, დღეის მდგომარეობით, მუშაობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში; ბატონი ირაკლი ფიფია არის თბილისის პოლიციის გამომძიებელი და თუ აქამდე არ დამიწინაურებია, დავაწინაურებ; ბატონი სირაძის ბედი არ ვიცი – ალბათ, მუშაობს; იოსებ სიგუა [თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსი], მე მგონი, სხვა უწყებაშია გადასული”, – მიმართა სერგო რატიანს გიორგი გახარიამ.

ევროპული საქართველო რამდენიმე გამომძიებელ-პოლიციელის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს, რომლებსაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმის ზედამხედველობა ჰქონდათ ჩაბარებული. პარლამენტში მისულ შს მინისტრს ამ პოლიციელთა სახელები და გვარები საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა, სერგო რატიანმა გადასცა.

  • გამომძიებელ ირაკლი ფიფიას და პროკურორ ზვიად ფხაკაძის წინააღმდეგობრივი ჩვენებები საგამოძიებო კომისიაზე – ვრცლად:

სად იდგა მ.კ. სარალიძის დაჭრისას – პროკურორისა და გამომძიებლის წინააღმდეგობრივი ჩვენებები

მასალების გადაბეჭდვის წესი