ახალი ამბები

არასრულწლოვანთა კოდექსის გამკაცრება შედეგს ვერ მოიტანს – გახარია

2 მაისი, 2019 • 1082
არასრულწლოვანთა კოდექსის გამკაცრება შედეგს ვერ მოიტანს – გახარია

გიორგი გახარია არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულის პრევენციის კონტექსტში რეფერირების სისტემის გამართვის საჭიროებაზე საუბრობს. როგორც შს მინისტრმა პარლამენტში განაცხადა, ქვეყანაში არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულის ზრდის პრობლემა არსებობს და ქურდობების ზრდის სერიოზული ნაწილი ამ სეგმენტზე მოდის:

“არასრულწლოვნების კრიმინალის ზრდის პრობლემა, რა თქმა უნდა, არსებობს. ამას მრავალი სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს. ხშირად უხერხულად ვგრძნობ ხოლმე თავს, როდესაც მე, შს მინისტრს, მიწევს არასრულწლოვანთა დანაშაულზე  საუბარი, რადგანაც მივიჩნევ, რომ საერთოდ სკოლაში პოლიციას არაფერი ესაქმება და 14 წლამდე ბავშვებთან პოლიციას არანაირი კავშირი არ უნდა ჰქონდეს.

მაგრამ ობიექტური რეალობა არსებობს ისეთი, რომ იმის გამო, რომ ქვეყანაში არ არის აწყობილი რეფერირების სისტემა, არასრულწლოვნების ის კარგი კოდექსი აბსოლუტურად ლიბერალური, რომელიც მივიღეთ და ეს იყო რეალურად წინ გადადგმული ნაბიჯი, შედეგად მოჰყვა გართულებული კრიმინოგენული ვითარება” ,- ამბობს გახარია.

მისი თქმით, ახლა უწყებებს ერთწლიანი ვადა აქვთ, საკუთარი კომპეტენციის ფარლებში ეფექტიანი მოქმედებები რომ დაიწყონ, რათა რეფერირების სისტემა გაიმართოს:

“ჩვენ ვაცნობიერებთ ამ პასუხისმგებლობას, ჩვენ ვართ უწყება, რომელიც პასუხისმგებელია დანაშაულის აღკვეთაზე და, რა თქმა უნდა, ყველაზე მარტივი პასუხი იქნებოდა – გავამკაცროთ, თუმცა გვესმის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში არანაირი პერსპექტივა არ არსებობს ამ ასაკის ქვემოთ ჩამოწევის. უბრალოდ, არ იქნება შედეგის მომტანი” ,- ამბობს გახარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი