ახალი ამბები

მაია სტეფნაძე ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა – იმედი

2 მაისი, 2019 • 2511
მაია სტეფნაძე ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა – იმედი

ტელეკომპანია “იმედის” ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სალომე ბაზერაშვილის თქმით, გია ჯაჯანიძის გადაცემის პროდიუსერი მაია სტეფნაძე სამსახურიდან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა. ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებით კომენტარს ტელევიზიაში არ აკეთებენ.

“მაია სტეფნაძის გათავისუფლების საფუძველი გახდა ურთიერთშეთანხმება”, – უთხრა სალომე ბაზერაშვილმა ნეტგაზეთს.

“იმედის” უკვე ყოფილი პროდუსერი მაია სტეფნაძე კი სამსახურიდან გათავისუფლებას პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ხელისუფლებისადმი კრიტიკული პოსტებს უკავშირებს.

სტეფნაძის თქმით, პოსტების გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში “იმედის” დირექტორმა გიორგი კალანდარიშვილმა დაიბარა და უთხრა, რომ სამსახურიდან უშვებდა, რის მიზეზადაც ზემოაღნიშნული სტატუსები დაასახელა.

“თქვენ გაბედეთ და შეეხეთ ჩემს თავისუფლებას!! თქვენ დაარღვიეთ ჩემი მთავარი უფლება-სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება! თქვენ გაბედეთ და ეს ყველაფერი შელამაზების გარეშე პირში მითხარით ისე, რომ სხვა მიზეზის მოფიქრებისთვის. თავიც კი არ შეიწუხეთ!
ამბავი კი მდგომარეობს შემდეგში: მას მერე, რაც ,,ფეისბუქზე ,, პოსტი გამოვაქვეყნე, სამი დღის შემდეგ დამიბარა ,,იმედის,, დირექტორმა გიორგი კალანდარიშვილმა და პირდაპირ მითხრა, რომ სამსახურიდან მიშვებდნენ ჩემი სტატუსის გამო… ამაზე მეტი ცენზურა რაღა უნდა იყოს! გამომიშვეს იმიტომ, რომ გავბედე და ჩემი აზრი ღიად გამოვხატე”, – წერს მაია სტეფნაძე ფეისბუკზე. 

პანკისში ჰესების წინააღმდე გამოსულ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის მომხდარ შეტაკებებზე მაია სტეფნაძემ “ფეისბუქზე” რამდენიმე პოსტი დაწერა. ის ხელისუფლების ქმედებებს ძალადობად აფასებდა და ეკონომიკის ახლად დანიშნულ მინისტრს, ნათია თურნავას აკრიტიკებდა. პროდიუსერი ასევე მადლობას უხდიდა “TV პირველის” მფლობელს, ვახტანგ(ვატო) წერეთელსა და უშუალოდ ტელევიზიას, ხეობაში განვითარებული მოვლენების გაშუქებისა და “სწორი სამოქალაქო პოზიციისთვის”.

მასალების გადაბეჭდვის წესი