ახალი ამბები

ლორთქიფანიძე ფედერაციასა და მწვრთნელს შევიწროების მოტივით სასამართლოში უჩივის

2 მაისი, 2019 • 1712
ლორთქიფანიძე ფედერაციასა და მწვრთნელს შევიწროების მოტივით სასამართლოში უჩივის

ძალოსანი თათია ლორთქიფანიძე ძალოსნობის ფედერაციასა და მთავარ მწვრთნელ თემურ ჯანჯღავას სასამართლოში უჩივლებს. ლორთქიფანიძეს იურიდიულ დახმარებას გაუწევს კავშირი “საფარი”.

დღეს, 2 მაისს, პრესკონფერენციაზე “საფარის” წარმომადგენელმა და უფლებადამცველმა ბაია პატარაიამ თათია ლორთქფიფანიძესთან ერთად განაცხადა, რომ სარჩელი ძალოსანის სექსუალურ და დისკრიმინაციულ შევიწროებას ეხება.

“ჩვენ მივმართავთ სასამართლოს როგორც ჯანჯღავას წინააღმდეგ, რომელმაც განახორციელა სექსუალური შევიწროება, ასევე ფედერაციის წინააღმდეგ, რომელმაც დისრკიმინაციული შევიწროება განახორციელა თათიას მიმართ და მიაყენა მას მატერიალური ზიანი”, – თქვა ბაია პატარაიამ.

თათია ლორთქიფანიძემ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მწვრთნელის მხრიდან ხშირად იყო სექსუალური შევიწროების სამიზნე, ხოლო იმის შემდეგ, რაც ამის შესახებ საჯაროდ საუბარი დაიწყო, ფედერაციამ გაურკვეველი მიზეზების გამო ევროპის ჩემპიონატზე არ გაუშვა.

“ფედერაციასა და ჯანჯღავას ვუჩივი, რომლებმაც როგორც ფსიქოლოგიურად, ისე მატერიალურადად დამაზიანა. ვფიქრობ, რომ ეს შეჯიბრი ძალაინ ხელჩასაჭიდი იქნებოდა ჩემი კარიერისთვის და იმ სამომავლო შეჯიბრებისთვის, სადაც საჭირო იქნებოდა ლიცენზია. ამისთვის მე და გელა მახარაშვილს [პირადი ტრენერი] ძალიან დიდი შრომა გვაქვს ჩადებილი.

რაც შეეხება შევიწროებას, რუსთავის შეკრებაზე ვისვენებდით ოთახში, როდესაც შემოვიდა ჯანჯღავა და იკითხა, ვიყავი თუ არა ორსულად, რაზეც ჩემგან მიიღო უარყოფითი პასუხი, მოგვიანებით კი მითხრა, რომ მაზს წაგისვამ საზარდულის არეშიო, რაც ჩემთვის ძალიან შეურაცხმყოფელი იყო. ვუთხარი, რომ ასეთი რაღაც როგორ იკადრეთ-მეთქი. გარდა ამისა, რაღაც პერიოდის შემდეგ, ვსაუბრობდით და მან მითხრა, კაცი ხომ არ გჭირდებაო? ჩემთვის ასეთი საქციელი ძალიან შეურაცხმყოფელი იყო, მით უფრო, რომ მსგავსი ფრაზები არავითარ დანიშნულებას არ ატარებს” – ჰყვება თათია ლორთქიფანიძე.

მისი თქმით, მომხდარის შემდეგ მალევე შეატყობინა პირად მწვრთნელს, ერთ-ერთ მეგობარსა და ოჯახის წევრებს. საქმის კურსში იყო ასევე ფედერაციის პრეზიდენტიც, კახი კახიაშვილიც. ლორთქიფანიძე ამბობს, რომ ამ უკანასკნელმა მისი სიტყვები “ცინიკურად მიიღო”.

ძალოსანი თათია ლორთქიფანიძე მონაწილეობა არ მიუღია ევროპის ჩემპიონატში, რომელიც ბათუმში 6 აპრილს დაიწყო.

თათია ლორთქიფანიძე, მისი მამა დიმიტრი ლორთქიფანიძე და პირადი მწვრთნელი გელა მახარაშვილი ამბობენ, რომ სპორტსმენი სანაკრებო განაცხადიდან ამოღების მიზეზი გაურკვეველია და ეფუძნება ლორთიქფანიძისა და ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას უთანხმოებას.

ფედერაციაში კი განმარტავენ, რომ თათია ლორთქიფანიძის მოხსნის მიზეზი მისი დისციპლინური დარღვევებია. ამასთანავე, მწვრთნელები ამბობენ, რომ ლორთქიფანიძე ნაკრებთან ერთად ვარჯიშზე უარს აცხადებდა.

თათია ლორთქიფანიძე ამბობს, რომ ჯანჯღავა მას ავიწროებდა და აიძულებდა, ორსულობის ტესტი ჩაეტარებინა.

ვრცლად:

თათია ლორთქიფანიძე მწვრთნელს შევიწროებაში ადანაშაულებს

მასალების გადაბეჭდვის წესი