ახალი ამბები

სებ-მა ტურისტულ ზონებში მდებარე ვალუტის გადამცვლელ 25 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა

2 მაისი, 2019 • 771
სებ-მა ტურისტულ ზონებში მდებარე ვალუტის გადამცვლელ 25 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ტურისტულ ზონებში მდებარე ვალუტის გადამცვლელ 25 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმდა.

სებ-ის ცნობითვე, შემოწმებების შედეგად “ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის” მოთხოვნის დარღვევები გამოავლინეს, რის გამოც ვალუტის გადამცვლელ 25 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმდა, ხოლო 10 პუნქტი დააჯარიმა.

“დედაქალაქის ტურისტულ ზონებში მდებარე სავალუტო პუნქტები მომხმარებლებს სათანადოდ არ აწვდიდნენ ინფორმაციას ვალუტის გადაცვლის ოპერაციების შესახებ. კერძოდ, სავალუტო პუნქტებს არ ჰქონდათ მითითებული ინფორმაცია საყურადღებო კურსის შესახებ, რითაც მომხმარებელი შეგნებულად შეჰყავდათ შეცდომაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის რეგულირების სრულყოფისა და მომხმარებელთა ინტერესების მაქსიმალურად დაცვის მიზნით, სავალუტო პუნქტები ვალდებულნი არიან მომსახურების გაწევისას მომხმარებელს მიაწოდონ სრული ინფორმაცია როგორც ვალუტის საყურადღებო გაცვლითი კურსისა და მომსახურების საკომისიოს (ასეთების არსებობის შემთხვევაში) ოდენობის, ისე განხორციელებული ოპერაციის 30 წუთში გაუქმების შესაძლებლობის შესახებ. ასევე, მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ტრანზაქციის გაუქმება შესაძლებელია ქვითრის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში, თუ ტრანზაქციის მოცულობა არ აღემატება 5 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში,”-აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

ამასთან, ცენტრალურ ბანკში ცხელი ხაზიც მოქმედებს და იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი ჩათვლის, რომ ვალუტის გადაცვლისას მისი უფლებები დაირღვა, ეროვნულ ბანკს შემდეგ ნომერზე 2 406 406 უნდა დაუკავშირდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი