ახალი ამბები

პრემიერმა გარემოსდაცვითი ომბუდსმენის პოსტზე დევიდ მორისონი წარადგინა

2 მაისი, 2019 • 1277
პრემიერმა გარემოსდაცვითი ომბუდსმენის პოსტზე დევიდ მორისონი წარადგინა

გარემოსდაცვითი ომბუდსმენის პოსტზე პრემიერ-მინისტრმა დევიდ მორისონი წარადგინა. მამუკა ბახტაძის თქმით,  მორისონი მრავალი წელია ჩართული იყო საქართველოში ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად გატარებულ ღონისძიებებში, როგორც “კავკასიის ბუნების ფონდის” ხელმძღვანელი:

“მე მსურს წარმოგიდგინოთ გარემოსდაცვითი ომბუდსმენის პოზიციაზე ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს საქართველო. ის 10 წელზე მეტია ჩართულია საქართველოს ბიომრავალფეროვნების შესანაეჩუნებლად. ის წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ფონდს, კავკასიის ბუნების ფონდს.
დევიდი ითანამშრომლობს ყველასთან, საქართველოს მთავრიბასთან, პარლამენტთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, დონორ ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც დაკავებული არიან გარემოსდაცვითი საქმიანობით. მე დარწმუნებული ვარ, ამ ახალი ინსტიტუტის შექმნით ჩვენ დავძლევთ ყველა გამოწვევას”, – ამბობს მამუკა ბახტაძე.

მამუკა ბახტაძე მიიჩნევს, რომ ახალი ინსტიტუტი დაეხმარება მთავრობას ეკოლოგიის მიმართულებით არსებული გამოწვევების დაძლევაში:

“მე შარშან როდესაც წარვადგინე სამთავრობო პროგრამა, გამოვაცხადე, რომ გარემოსდაცვითი ინსტიტუტს ვქმნიდით, რომელიც საშუალებას მოგვცემდა, მიგვეღწია მეტი ინკლუზიურობისთვის. ეს ინსტიტუტი იქნება უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი იმისთვის, რომ ჩვენ დავძლიოთ ეკოლოგიური გამოწვევები”, – ამბობს ბახტაძე.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ახალი ინსტიტუტ,ი მამუკა ბახტაძის ინიციატივით, გარემოსდაცვითი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად შეიქმნა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, ომბუდსმენი გარემოსდაცვით საკითხებში მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ფიგურა იქნება, რომელსაც საკითხების განმხილველი სამდივნო ეყოლება და რეკომენდაციებს მოამზადებს მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, კანონმდებლობაში განსახორციელებელ ცვლილებებზე, ასევე მონაწილეობას მიიღებს საჯარო განხილვებში და დაინტერესებულ პირებს კონსულტაციებს გაუწევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი