ახალი ამბები

რატომ გახდა სადავო მასწავლებლის სტატუსებად დაყოფის საკითხი

28 ოქტომბერი, 2014 • • 1197
რატომ გახდა სადავო მასწავლებლის სტატუსებად დაყოფის საკითხი

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტით, რომელიც ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს ითვალისწინებს, მასწავლებლების დაყოფა შემდეგ კატეგორიებად უნდა მოხდეს:


პრაქტიკოსი მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელიც საგაკვეთილო პროცესს წარმართავს. უფროსი მასწავლებელი, რომელიც პრაქტიკოსი მასწავლებელია და ამავე დროს აქვს საგნობრივ და პროფესიულ კომპეტენციებში შესაბამისი სერტიფიკატი. წამყვანი მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს უფროსი მასწავლებლისთვის დადგენილ მოთხოვნებს და ასევე, პასუხისმგებელია სასკოლო სასწავლო გეგმების და ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შედგენაზე, წარმართავს საგნობრივი კათედრის მუშაობას და მონაწილეობს მასწავლებელთა შეფასების პროცესში, დაბოლოს – მენტორი, მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს წამყვანი მასწავლებლისთვის გაწერილ მოთხოვნებს და ამავდროულად პასუხისმგებელია სწავლა-სწავლების ხარისხზე, სკოლის განვითარებაზე, უწევს კონსულტაციების სხვა მასწავლებლებს და ამავე დროს ხელმძღვანელობს სტუდენტების პედაგოგიურ პრაქტიკას. 

 

კანონპროექტის მიხედვით, რომელიც სამინისტრომ მოამზადა, მასწავლებლის შეფასების წესი, მასწავლებლების განაწილება მისი საქმიანობის დაწყების, პროფესიული საქმიანობისა და კარიერული წინსვლის სქემაში [რომლის მხოლოდ სამუშაო ვარიანტი არსებობს სამინისტროს ცნობით], ასევე, სტატუსების მინიჭების წესი, სახელმწიფო კომისიამ უნდა განსაზღვროს.

 

სახელმწიფო კომისიაში პარლამენტის, მთავრობის, განათლების სამინისტროს, სსიპ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, მასწავლებელთა პროფესიული კავშირების წარმომადგენლები უნდა შევიდნენ. 

 

“შეფასებაში იქნება ჩართული თავად მასწავლებელი, სკოლა და განათლების ექსპერტები. პრინციპი არის მაქსიმალური გამჭვირვალობა, ობიექტურობა და სამართლიანობა,”- აცხადებს  ქეთევან ნატრიაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე. 


პარლამენტის განათლების კომიტეტის ძირითად შემადგენლობას, მათ შორის კომიტეტის თავმჯდომარეს, ივანე კიღურაძეს პედაგოგების მსგავსი სტატუსებით დაყოფა გამართლებულად არ მიაჩნია. შესაბამისად, კომიტეტმა წარმოადგინა აღნიშნული საკითხში ალტერატიული წინადადება, რომელიც ითვალისწინებს პედაგოგების არა 4 სტატუსად, არამედ 3 თანამდებობად დაყოფას. 

 

“მასწავლებელთა დაყოფა სამზე მეტ კატეგორიად ზიანის მეტს არაფერს მოიტანს. თითოეული კატეგორიისათვის წაყენებული მოთხოვნების ფორმალიზება უაღრესად რთული საქმეა და ამ მიმართულებით პროექტის ავტორების მხრიდან რამდენადმე სერიოზული შემოთავაზება ჩვენ ვერ დავინახეთ. პროექტის ახალ რედაქციაში კვლავ არასაკმაოდ არის ასახული ზემოთ ხსენებული სქემის არსი. მიუღებელია ისიც, რომ არ არის დაზუსტებული, თუ ვინ ანიჭებს ამ სტატუსს და როგორი პროცედურით. თუ ჩვენ შემოვიღებთ სტატუსებს და არა პოზიციებს, მაშინ გამოვა, რომ საშუალო სკოლებში დავამკვიდრებთ წესს, რაზეც უმაღლეს სასწავლებლებში უარი ვთქვით (სტატუსები ხომ იგივე წოდებებია, ჩვენ კი დოცენტის და პროფესორის წოდებები გავაუქმეთ და დავტოვეთ მხოლოდ პოზიციები),”- აცხადებს განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ ივანე კიღურაძე.

 

კომიტეტს მიაჩნია, რომ სწორი იქნება სკოლაში იყოს მასწავლებლის, უფროსი მასწავლებლისა და წამყვანი მასწავლებლის თანამდებობები. ამ თანამდებობებზე დაყოფა კი, მათი აზრით, სკოლაშივე კონკურსის წესით უნდა მოხდეს. 

 

“ამ საკითხის ირგვლივ მსჯელობა გრძელდება და დისკუსია არის ძალიან ჯანსაღი პროცესი. ალტერნატიულ წინადადებას არ ვიცნობდით აქამდე, გავეცნობით, დავამუშავებთ,”- აცხადებს ქეთევან ნატრიაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე. 

 

“იმის მიუხედვად, რომ სამინისტროს მიერ შემუშავებული პროექტის განხორციელებაში სირთულეს ვხედავ, ის კორუფციული რისკებისგან დაცულია. ვემხრობი სტატუსების სისტემას, ვინაიდან რომელ სკოლაშიც არ უნდა ვიყო, იქ მომყვება ეს სტატუსი. თანამდებობებზე კი სკოლის დირექტორებმა უნდა დანიშნონ მასწავლებლები და არ არის დაცული ეს სისტემა კორუფციული რისკებისგან. დღეს სკოლებში არ გვაქვს ის დონე, რომ მასწავლებლის სერტიფიკაციის საკითხი მივანდოთ,”- ამბობს გუგული მაღრაძე, განათლების კომიტეტის წევრი. 

 

შესაბამისად, დღევანდელ, რიგით მეორე საკომიტეტო განხილვაზე შეუჯერებელი პოზიციების გამო ამ საკითხისთვის კენჭი არ უყრიათ.  

 

“დროულად გვინდა ამ საკითხის გადაწყვეტა, ვინაიდან ეს თავად პედაგოგოების ინტერესებშია, რადგან სახელმწიფო პოლიტიკა სწორედ ამაზე არის მიბმული. კონკრეტულ თარიღს არ მივაბამდი, მაგრამ გვინდა, რომ 2015 წლიდან ძალაში შევიდეს ახალი სქემა.”


მასალების გადაბეჭდვის წესი