ახალი ამბები

მთავრობამ სახელმწიფო ელექტროსისტემას სამშენებლო დარღვევების ჯარიმა ჩამოაწერა

1 მაისი, 2019 • 1226
მთავრობამ სახელმწიფო ელექტროსისტემას სამშენებლო დარღვევების ჯარიმა ჩამოაწერა

მთავრობამ სახელმწიფო ელექტროსისტემა სამშენებლო სამართალდარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმისგან გაათავისუფლა. საუბარია 267 ათას ლარზე, რომელიც სახელმწიფო კომპანიას ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ მშენებლობაზე გამოვლენილი დარღვევებისთვის დააკისრა. ჯარიმების ჩამოწერის შესახებ  პრემიერის განკარგულება 30 აპრილით თარიღდება.

სააქციო საზოგადოება ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორია. კომპანია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფლობს და ექსპლუატაციას უწევს ელექტროგადამცემ ხაზებს. სსე-ის აქციების სრულ პაკეტს ,,საპარტნიორო ფონდი“ ფლობს.

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ-ია. დებულების თანახმად, სააგენტოს საქმიანობის ძირითადი სფეროა მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემა და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებში ელექტროგადამცემი ხაზებიც შედის.

მასალების გადაბეჭდვის წესი