ახალი ამბები

დაარღვია თუ არა მოსამართლე მურუსიძემ ეთიკის კოდექსი

1 მაისი, 2019 • 1754
დაარღვია თუ არა მოსამართლე მურუსიძემ ეთიკის კოდექსი

30 აპრილს, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გამართული დებატებისას, შალვა შავგულიძემ  ლევან მურუსიძე ეთიკის ნორმების დარღვევასა და პოლიტიკური განცხადებების გახმიანებაში არაერთგზის დაადანაშაულა. თავის მხრივ, მოსამართლე აცხადებდა, რომ დისკუსიაში ჩართვა მისი და სასამართლო სისტემის მისამართით გახმიანებულმა გზავნილებმა აიძულა და ვალდებულია, სისტემა პოლიტიკისაგან დაიცვას.

“არ შეიძლება, მოსამართლე აკეთებდეს პოლიტიკურ განცხადებებს. ეს გეკრძალებათ კონსტიტუციით, ეს გეკრძალებათ სამოსამართლეო ეთიკის წესების მიხედვით და მე დარწმუნებული ვარ, ეს ჩემზე უკეთ იცით”, – ასე მიმართა გირგვლიანის საქმის ადვოკატმა და მაჟორიტარობის კანდიდატმა “ევროპული საქართველოდან” უვადო მოსამართლედ განწესებულ ლევან მურუსიძეს.

საპასუხოდ მურუსიძემ აღნიშნა, რომ “სასამართლოს დაცვა” მისი, როგორც მოსამართლისა და “მოსამართლეთა ასოციაციის” თავმჯდომარის ვალდებულებაა. მისივე თქმით, სასამართლო პოლიტიკაში თავად პოლიტიკოსებმა გარიეს და აღნიშნულზე პასუხისმგებელნი სწორედ ისინი არიან.

“თქვენ რომ არ გეხსენებინათ ჩემი სახელი, პოლიტიკურ პარტიებს სასამართლო რომ არ გაერიათ პოლიტიკაში, მე ახლა ვიქნებოდი მშვიდად, მაგრამ ახლა ჩემი ვალდებულებაა, როგორც “მოსამართლეთა ასოციაციის” თავმჯდომარისა და როგორც მოსამართლის, დავიცვა სასამართლო კორპუსი. მე თუ არ დავიცავი საკუთარი თავი, შესაბამისად, მე ვერ დავიცავ სასამართლო კორპუსს. ამიტომ, თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ სასამართლო ჩაება პოლიტიკაში, ეს არ არის სასამართლოს ბრალი, ეს არის თქვენი, პოლიტიკოსების ბრალი”, – აღნიშნა მურუსიძემ.

დებატებისას ლევან მურუსიძემ შალვა შავგულიძის ამჟამინდელ პოლიტიკურ სტატუსზე არაერთხელ მიანიშნა. ერთ-ერთ ასეთ შემთხვევაში მან ხაზი გაუსვა, რომ შავგულიძე მაჟორიტარობისთვის იმ პარტიის სახელით იბრძვის, რომლის ლიდერსაც” ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს პატიმრობაში მყოფი,  აწ უკვე გარდაცვლილი სულხან მოლაშვილი წამებაში ადანაშაულებდა.

“მე ამოვწიე გარკვეული მასალები, სადაც ბატონი სულხან მოლაშვილი აცხადებდა, რომ მის მიმართ ციხეში განხორციელდა წამება. წამებაში, ბუნებრივია, არავის გასჩენია ეჭვი, რომ რამე მონაწილეობა მქონდა მიღებული. და ამ წამების საქმეში ადებდა გიგა ბოკერიას ხელს. შესაბამისად, თქვენ იყავით მოლაშვილის ადვოკატი, იცავდით ოჯახის ინტერესებს და სარგებლობდით ოჯახის ნდობით.

შესაბამისად, დღეს ხართ იმ პარტიის წევრი, რომელსაც ადებდა ხელს სულხან მოლაშვილი. აქ არის ორი შემთხვევა: თუ ეს მართალი იყო, ვისაც ადებდა ხელს, როგორ ფიქრობთ, ვთქვათ… ეს ერთი საკითხი. და მიგაჩნიათ თუ არა, რომ მოცემულ შემთხვევაში ბატონი სულხანი ცდებოდა და არასწორ ინფორმაციას იძლეოდა”, – მიმართა მურუსიძემ შავგულიძეს, რის შემდეგაც კითხვის ადრესატმა მოსამართლე დაადანაშაულა საკითხის “ამორალურად” დაყენებაში.

მოსამართლეთა ეთიკის კოდექსში მოსამართლის საჯარო განცხადებებს რამდენიმე მუხლი არეგულირებს. მათ შორის:

მუხლი 21

მოსამართლემ ყურადღება უნდა მიაქციოს, თუ სად და რა ვითარებაში აკეთებს განცხადებას, რომ საზოგადოებამ არ აღიქვას იგი მხოლოდ ერთ ორგანიზაციასთან თუ ჯგუფთან მიმართებაში. ამასთან, მოსამართლე ყურადღებით უნდა მოეკიდოს საჯარო შეხვედრებზე გამოსვლას, რომ მისი ესა თუ ის მოსაზრება არ ჩაითვალოს პოლიტიკურ მხარდაჭერად ან მიკერძოებად.

მუხლი 27

მოსამართლე საჯაროდ არ უნდა ამჟღავნებდეს თავის პოლიტიკურ შეხედულებას. აკრძალულია მისი მხრიდან ნებისმიერი პოლიტიკური პროპაგანდა როგორც სასამართლო დარბაზში, ისე მის გარეთ. მან ასევე საჯაროდ არ უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატის მიმართ. ამასთან, მოსამართლემ სასამართლოს მოხელესაც უნდა ურჩიოს, თავი შეიკავოს პოლიტიკური საქმიანობის ან პოლიტიკური შეხედულების დემონსტრირებისაგან.

“საქართველოს მოსამართლეთა ასოციაცია”, რომლის თავმჯდომარე მურუსიძეა, 1999 წელს დაფუძნდა. ორგანიზაციის წესდებაში მოცემულ მიზნებს შორის მოსამართლეთა პროფესიული ინტერესების დაცვა და მათი პრესტიჟის ამაღლებაცაა მითითებული. არის თუ არა ეს მოცემულობა არგუმენტი ლევან მურუსიძის განცხადებების სასარგებლოდ?

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი, მიიჩნევს, რომ – არა. მისი თქმით, მოსამართლის მონაწილეობა რაიმე ფორმატის დებატში კანონთან ცალსახა წინააღმდეგობაში არ მოდის, თუმცა მნიშვნელოვანია, რას ეხება კონკრეტული დებატი.

“თუ მოსამართლე ტელედებატებში ჯდება, მან უნდა განსაზღვროს, რა თემებზე ისაუბრებს ის. თუ ისაუბრებს სასამართლო რეფორმაზე, სასამართლოში არსებულ პრობლემებზე და ზოგადად, ისეთ თემებზე, რაც ყველას გვაწუხებს, ეს შეიძლება, მიჩნეული იქნეს ნორმალურად. მაგრამ, როცა მოსამართლე გამოდის, ჯდება პოლიტიკოსთან, დეპუტატობის კანდიდატთან დებატებში, შედის ისეთი საკითხების განხილვაში, რომელშიც მოსამართლე არაფრით უნდა შედიოდეს, ეს ნამდვილად არ განამტკიცებს საზოგადოებაში სასამართლოს ნდობას”, – აღნიშნავს ის “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, ლევან მურუსიძე პირდაპირ ჩაება პოლიტიკურ დებატში, რითაც, მისი აზრით, ერთი მხრივ, შესაბამისი ინსტიტუტი უნდა დაინტერესდეს, მეორე მხრივ კი, აღნიშნულთან დაკავშირებით მოსამართლეთა კორპუსმა უნდა დააფიქსიროს პოზიცია.

“…ეს დებატები არის ჩვეულებრივი პოლიტიკური დისკუსია და [ლევან მურუსიძე] პოლიტიკურ თემებსაც არ ერიდება, ისე ეხება. მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში ამ თემაზე დამოუკიდებელმა ინსპექტორმა უნდა მოახდინოს რეაგირება. მეორე მხრივ, მურუსიძე ასე თამამად რომ გამოდის და ამბობს, მე ვარ სასამართლოს ლიდერიო, პირველ რიგში, პროტესტი უნდა გაუჩნდეთ მოსამართლეებს: აწყობთ თუ არა მათ ადამიანი, რომელიც არ ერიდება პოლიტიკურ დისკუსიაში ასე საჯაროდ და ღიად შესვლას, თავს ასაღებდეს სასამართლოს ლიდერად”, – აცხადებს ის.

დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი, რომელიც ნაზი ჯანეზაშვილმა ახსენა, 2017 წლის თებერვალში შეიქმნა. მას იუსტიციის უმაღლესი საბჭო 5 წლის ვადით ირჩევს. ინსპექტორს აქვს უფლებამოსილება, დაინტერესდეს და დამოუკიდებლად გამოიკვლიოს მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების საფუძვლები და შესაბამისი დასკვნა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაუგზავნოს, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს.

დამოუკიდებელ ინსპექტორს შეუძლია, დისციპლინური სამართალწარმოება საჩივრის ან განცხადების გარეშე, მათ შორის, მედიის საშუალებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზეც დაიწყოს.

“ნეტგაზეთი” დაინტერესდა, სწავლობს ან აპირებს თუ არა შეისწავლოს მან 30 აპრილის დებატში ლევან მურუსიძის განცხადებები. უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ კონკრეტულ საკითხზე შესწავლის დაწყება და მსგავსი პროცედურები კონფიდენციალურია და ინფორმაცია გასაჯაროებას არ ექვემდებარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი